ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
გეგის ჩანჩქერი
ოკუპირებული აფხაზეთი

მდებარეობა: მდებარეობს გაგრის მუნიციპალიტეტში, ბზიფის სასასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, არაბიკას კარსტული მასივის სამხრეთ-აღმოსავლური სექტორი, მდინარე გეგას აუზში.

კოორდინატები: N 43026’06’’; E 40026’34’’

მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 530 კმ. სოხუმიდან 85 კმ, გაგრიდან 50 კმ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან გზა გამოიყოფა სოფელ ბზიფთან და მიემართება რიწის ტბის გზატკეცილისკენ, რიწის ტბის გზატკეცილიდან მდინარე გეგის შესართავიდან მანძილი ჩანჩქერამდე 5 კმ.

უნიკალურობა: ერთ-ერთი ლამაზი და პოპულარული ჩანჩქერი საქრთველოში

გეგის ჩანჩქერი წარმოადგენს 70 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერს, რომელიც ეშვება გადმოჩქეფს მღვიმიდან და უერთდება მდინარე გეგას მარცხნიდან. გეგის ჩანჩქერი წყალი გამოდის ზედაიურული კირქვის ჰორიზონტალური ნაპრალიდან სამ ნაკადად, რომელთა ერთობლივი დებიტი მერყეობს 0,5-დან 2,5 კუბური მეტრი/წამში ფარგლებში, მდინარე გეგის შესართავიდან 6 კმ მანძილზე, მდინარე გეგა წარმოადგენს მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკადს, რომლის სიგრძე 26 კმ. სათავე აქვს გაგრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე. მთავარი შენაკადებია აგეფსთა და იუფშარა (ორივე მარცხენა). საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი 27 მ3/წმ.

გეგას ჩანჩქერი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზაფხულობით დიდი რაოდენობით ხალხი მოდის მის სანახავად და მის ძირში დასასვენებლად, მიდამო შემოსილია კოლხური ტყით. ჩანჩქერის ძირში არის მოხერხებული მოედანი ავტომანქანების გასაჩერებლად. გეგას ჩანჩქერთან მისვლა შეიძლება რიწის ტბისკენ მიმავალი გზიდან ავტომობილით.

გეგას ჩანჩქერთან ახლოს, მდინარე გეგას მარჯვენა ფერდობზე მდებარეობს გეგის I მღვიმე, რომელიც იწყება საკმაოდ ვრცელი (40-60 მ) და მაღალი (25 მ) შესასვლელით. შედგება მომცრო დარბაზებისა და ვიწრო გასასვლელებისაგან. ბოლო ნაწილში ჭერის სიმაღლე 1-1,5 მ-დე ეცემა, გააჩნია ვიწრო და დაბალი განშტოებები. ქიმიური ნალექებიდან _ ზრდაშეჩერებული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, კარსტული სვეტები, ფარდები, ტრავერტინის სქელი ნაფენები, მსხვილმარცვლოვანი კრისტალური კალციტის პიზოლითები, ოოლითები, მექანიკურიდან ლოდნარი, ღორღი, მცირე სიმძლავრის თიხის ნაფენები. მღვიმის შესასვლელთან ჰაერის ტემპერატურა 20,00-ს აღწევდა. შუაში 30-ე მეტრზე – 19,00, ხოლო მღვიმის ბოლოში – 15,00 იყო.

მღვიმის ჭერიდან ჩამოედინება მცირე დებიტის მქონე წყლის ჭავლები. წლის ტემპერატურა 7,00-ს აღწევდა. მღვიმეში ბინადრობენ ობობები, კოღოები და სხვა მწერები. მოსალოდნელია არქეოლოგიური მასალის აღმოჩენა. გამოკვლეულია ზურაბ ტატაშიძის მიერ 1964 წელს; მღვიმე გეგის ჩანჩქერთან ერთად საუკეთესო სპელეოტურისტულ ობიექტს წარმოადგენს.

დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

«საქართველოს ბუნების 100 საოცრება»



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.