ისტორიული ციხე-სიმაგრე შიდა ქართლში, აღმართულია ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. აქ პირველი გამაგრებული დასახლება არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III სს-ში ჩანს. საისტორიო წყაროებში გორის ციხე პირველად XIII ს-ში იხსენიება. გორის ციხეს სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა და მისი ფლობა შუა საუკუნეებში ნიშნავდა შიდა ქართლზე კონტროლის დამყარებას.
გორის ციხე არაერთხელ შეუკეთებიათ, მათ შორის საფუძვლიანად, როსტომ ქართლის `ვალს~ (1632-1658). საბოლოო სახე ციხემ მიიღო 1774 წელს, როდესაც ის ერეკლე II-მ შეაკეთა. 1802 წლიდან გორის ციხეში რუს გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომ კი მან პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა. დიდი ზიანი მიაყენა გორის ციხეს 1920 წლის მიწისძვრამ.
ციხე რიყის ქვითაა ნაგები. ძველ ფენებში კი დამუშავებული ქვაა გამოყენებული. ციხის გეგმა ოვალური ფორმისაა. დასავლეთის მხარე _ ცხრაკარა _ უკეთაა შემონახული, სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. სამხრეთ გალავანში კამაროვანი ჭიშკარია. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მცირე ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი.
ქ. გორის ცენტრში მდებარეობს საბჭოთა კავშირის დამაარსებლის, დიქტატორ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი. მუზეუმი გაიხსნა 1939 წელს; შედგება რამდენიმე ნაწილისგან: 1. აგურით და ალიზით ნაგები ერთსართულიანი, ოროთახიანი სახლისგან, სადაც დაიბადა და 1883 წლამდე ცხოვრობდა სტალინი. ოთახებში დაცულია საოჯახო ნივთები; 2. ამ სახლის დამცავი მარმარილოს პავილიონისგან (არქიტექტორი მ. ნეპრინცევი, აგებული 1937 წელს); 3. მუზეუმის ორსართულიანი სტალინური არქიტექტურის სტილის შენობისგან (არქიტექტორი ა. ქურდიანი, 1957 წ.), რომლის 6 დარბაზში გამოფენილია სტალინის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული ექსპონატები; 4. მატარებლის ვაგონისგან, რომელიც ემსახურებოდა სტალინს გადაადგილებისას, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციებზე გამგზავრებისას; 5. სტალინის 6-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკებისგან, რომელიც 1952 წელს დაიდგა ქ. გორის ცენტრში, მოედანზე, 2010 წელს კი, როგორც სამუზეუმო ექსპონატი, გადაიტანეს მუზეუმის ეზოში.
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge