საქართველოს მხარეთაგან ტერიტორიის მიხედვით გურია ყველაზე პატარაა. მისი ფართობი 2036.1 კმ2-ია.
მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება იმერეთი, დასავლეთიდან - შავი ზღვის 22-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი, სამხრეთიდან - გურია-აჭარის ქედი, ჩრდილოეთიდან - მდინარე რიონის დაბლობი.
მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს.
რეგიონის ბუნება და ჰავა გამორჩეულია მთისა და ზღვის სიახლოვის გამო.
გურიაში უხვადაა ციტრუსების პლანტაციები და ბაღები, ასევე ჩაი და თხილი. მხარე ძველთაგანვე განთქმული ყოფილა მრავალფეროვანი და უნიკალური ვაზის ჯიშებით.
რეგიონი მდიდარია ისტორიული წარსულით, პოლიფონიური სიმღერებითა და ტრადიციებით - გურიაში ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა, მღერიან ოთხხმიან სიმღერას, სადაც ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. სოფლებში შემორჩენილია უძველესი ექვსლულიანი ჩასაბერი საკრავი - სოინარი; კალანდობაზე (შობას) კი გურულები ძველებურად ამზადებენ ჩიჩილაკს და აცხობენ შობის კვერებს...
წყალი გურიის მთავარი სიმდიდრეა: ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება წყალუხვი მდინარეები, ანკარა წყაროები, მოჩუხჩუხე ნაკადულები, მინერალური სამკურნალო წყლები...
რეგიონში დასვენება და მკურნალობა შესაძლებელია ზღვის სანაპიროზე, მაღალმთიან აგარაკზე, მინერალური წყლებით მდიდარ ბალნეოლოგიურ კურორტებზე, აქტიური დასვენების მოყვარულებს საშუალება აქვთ გაერთონ კაიაკინგით, თავი შეიქციონ თევზაობით, ნადირობით, ჯომარდობით...
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"