ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ძველი ბათუმის ისტორია
აჭარა

ძველი ბათუმის ისტორია

ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც ისტორიული წყაროების მიხედვით დაფუძნებულია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ბათუმის პირვანდელი ფორმა - ბათუსი ძვ.წ.ა. IV საუკუნეში უკვე მოიხსენიებოდა. სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს ბერძნული სიტყვიდან, რაც ღრმას ნიშნავს. ჯერ კიდევ არისტოტელე (ძვ.წ.ა.IV საუკუნე), პლინიუსი (ახ.წ.ა.II საუკუნე) და სხვები „პონტოს ბათეას“ უწოდებდნენ. ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. რომის იმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო.

ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა მეტად ხელსაყრელი ბუნებრივი და სტრატეგიული მდებარეობით. მე-18 საუკუნიდან ბათუმი ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. 1877-1878 რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ბერლინის ტრაქტატის გათვალისწინებით ბათუმი საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდა. 1878 - 1886 წლებში ბათუმის ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (უცხოური საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად), რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის (1883) და ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების (1897 - 1907) შემდეგ ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. აქედან გაჰქონდათ კასპიის ზღვის ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებში.  ქალაქს 1918 წლიდან 1920 წლამდე მონაცვლეობით ოსმალები და ინგლისელები ფლობდნენ.

საინტერესო ისტორიულმა წარსულმა მნიშვნელოვნად განაპირობა ბათუმის არქიტექტურული სიმდიდრე( ევროპელი არქიტექტორების არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ პორტო-ფრანკოდ წოდებულ პერიოდში), ისევე როგორც პოპულარულ საპორტო თუ ტურისტულ ქალაქად გადაქცევა  საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდებში. 

თანამედროვე ბათუმი

დღეს ბათუმი არამარტო საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონის გამორჩეული ტურისტული ცენტრი გახდა. მას ყოველთვის ჰქონდა კურორტისათვის საჭირო რესურსები, მაგრამ ბოლო წლებში უპრეცედენტო ზომები იქნა გატარებული ტურიზმის განვითარებისათვის: განახლდა ძველი ბათუმის საცხოვრებელი სახლები, მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა წყალ-გაყვანილობის სისტემა, შეიქმნა უამრავი ტურისტული ობიექტი : გაიხსნა მსოფლიო ბრენდების სასტუმროები, ამუშავდა პროექტი „ბათუმ-ველო“, გაიხსნა უამრავი კაფე-რესტორანი თუ გასართობი ადგილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია  ის ფაქტი, რომ ბათუმი გახდა კულტურული ღირშესანიშნაობებისა და საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრი. აქ ტარდება მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები ხელოვნების სხვადასხვა დარგებსა თუ სპორტში...მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე ბათუმმა უმასპინძლა ისეთი ვარსკვლავების კონცერტებს, როგორებიც არიან: პლაჩიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ანდრეა ბოჩელი, კრის ბოტი, სტინგი, მიშელ ლეგრანი, ენრიკე ეგლესიასი...ბათუმი დღესაც გამოირჩევა ერთმანეთისგან მკვეთრად განსვავებული არქიტექტურული იერის მქონე შენობების სიმრავლით - ანბანის კოშკი, ბათუმის იუსტიციის სახლი, სასტუმრო რედისონი თუ ახალი საცხოვრებელი კომპლექსები  ქალაქს კიდევ უფრო თანამედროვეს და მიმზიდველს ხდის.

აღსაღნიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი დაასახელა როგორც წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი.

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.