კურორტი ქობულეთი
კურორტი ქობულეთი შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კოლხეთის დაბლობის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ 20 ათასამდე მცხოვრებია. საკურორტო სეზონზე მას უამრავი დამსვენებელი სტუმრობს.
კურორტი კომფორტული ჰავითა და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. იანვრის საშუალო ტემპერატურა +50-ს აღემატება, ხოლო ივლისისა _ +220+250-ია. ნალექების რაოდენობა 2000 მმ-ს აღწევს, რაც საკურორტო სეზონზე უნალექო დღეების მნიშვნელოვანი რაოდენობით კომპენსირდება. ამავე პერიოდში ზღვის წყლის ტემპერატურა +23+240-ია, რაც ზრდის კურორტის რეკრეაციულ მნიშვნელობას.
ქობულეთის წვრილფრაქციანი სანაპირო პლაჟი 10 კმ-ზე მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს. პლაჟსა და დასახლებულ ნაწილს შორის 3-4 მეტრი სიმაღლის და რამდენიმე ათეული მეტრი სიგანის სანაპირო-დიუნური ზოლია, სადაც ფიჭვის მძლავრი კორომებია გაშენებული. ფიჭვნარი პარკი განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ფილტვებით დაავადებულთათვის უებარი სამკურნალო საშუალებაა.
ქობულეთის სიახლოვესაა კოლხეთის ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ნაკრძალი და მტირალას ეროვნული პარკი, რაც ზრდის მის რეკრეაციულ დანიშნულებას.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი (მწვანე კონცხი)
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ანუ `მწვანე კონცხი~ შავი ზღვის პირას, ქალაქის ჩრდილოეთით არის განლაგებული და 111 ჰექტარს მოიცავს. ბოტანიკური ბაღის განაშენიანება 1889 წლიდან დაიწყო ცნობილმა დეკორატორმა, ბათუმის მთავარმა მებაღემ მ. დალფონსმა. მან სამხრეთ საფრანგეთიდან დიდი რაოდენობით შემოიტანა მცენარეთა ნაირსახეობანი. 1912 წ-დან პროფესორმა ა. კრასნოვმა შექმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც ბაღი გაშენდა. მან მთავარი მებაღის თანამდებობაზე მოიწვია იასონ გორდეზიანი, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით გაშენდა ბოტანიკური ბაღის იაპონური, ჩინური, მექსიკური, ავსტრალიური, ჩილეს, ახალი ზელანდიის, ამერიკული და ევროპული განყოფილებები. ბათუმის ბოტანიკური ბაღი 1998 წლიდან ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის მსოფლიო საბჭოს წევრია.
აქ წარმოდგენილია 3 დენდროპარკი, კოლხური ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილება. ბოტანიკური ბაღი ფართობის, მცენარეულობის სახეობრივი მრავალფეროვნებისა და ხნოვანების მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში.
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"