ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
რიწის ტბა
ოკუპირებული აფხაზეთი

მდებარეობა: მდებარეობს, გაგრის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბზიფის აუზში.

კოორდინატები: N 43028’18’’; E 40032’02’’

მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 540 კმ. სოხუმიდან 95 კმ, გაგრიდან 60 კმ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან გზა გამოიყოფა სოფელ ბზიფთან და მიემართება რიწის ტბისაკენ მდინარე ბზიფის ხეობის გავლით.

უნიკალურობა: ყველაზე ღრმა ტბა საქრთველოში.

ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ2, აუზის ფართობი 154 კმ2, მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ტბის ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან, მიწისძვრის შედეგად ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად.

რიწის დონეების რეჟიმი განისაზღვრება მისი შენაკადების რეჟიმით. ერთვის 6 მდინარე, ყველაზე დიდია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება იუფშარა. უდიდესი დონე მაისშია, უმცირესი — თებერვალში. სექტემბერში დონის მეორეული მინიმუმია, ოქტომბერში მეორეული მაქსიმუმი. დონეების წლიური რყევის საშუალო ამპლიტუდა 166 სმ-ია, მაქსიმალური 234 სმ, მინიმალური 108 სმ. წყლის ტემპერატურა თებერვალში 3,8°ჩ, აგვისტოში 17.8°ჩ. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 2000-2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.

რიწის წყალი მეტად მტკნარია (66 მგ/ლ). გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან იცის მხოლოდ კალმახი. რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს.

დიდი რიწის დასავლეთით 7 კმ მოშორებით მდებარეობს ტბა პატარა რიწა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1235 მ. სარკის ფართობი 0,1 კმ², წყლის მოცულობა 3,25 მლნ. მ3, მაქსიმალური სიღრმე 76 მ, წყალშემკრები აუზის ფართობი 2,95 კმ2. ქვაბული გაჩენილია მთა ფშეგიშხის აღმოსავლეთ კალთის ჩამოქცევის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. დონე მაღალია მაისში, დაბალი მარტში. ზაფხულში წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 18-20°ჩ. მცირე ხნით იფარება ყინულით. ტბის წყალი მუქი ლურჯია. ტბაში არის კალმახი.

1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა.

რიწის ტბიდან გამოედინება მდინარე იუფშარა, რომელიც გაედინება აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, წარმოადგენს მდინარე გეგის მარცხენა შენაკადს. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 236 კმ2. სათავიდან 0,5 კმ-ზე იკარგება ნაზვავში და 2 კმ შემდეგ გამოდის ზედაპირზე. მიედინება ულამაზეს კანიონში. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყალდიდობა აპრილ-მაისშია, იშვიათად ზამთარშიც. საშუალო ხარჯი სათავეში 7,6 მ3/წმ. წყალი მუდამ სუფთაა. იუფშარის ღრმა კანიონში გადის რიწის ტბისაკენ მიმავალი გზატკეცილი.

დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

«საქართველოს ბუნების 100 საოცრება»



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.