ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მჭიშთას ვოკლუზი
ოკუპირებული აფხაზეთი

მდებარეობა: მდებარეობს, გუდაუთის რაიონში, ბზიფის ქედის სამხრეთი ფერდობი, მდ. შავწყალას აუზი, შავწყალას საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა წყლების გამოსასვლელებთან. 

კოორდინატები: N 43014’26’’; E 40029’58’’

მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 510 კმ. სოხუმიდან 66 კმ, გუდაუთიდან 20 კმ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან გადასახვევია და გზა მიემართება ჩრდილოეთით, გადასახვევიდან მანძილია 10 კმ.

უნიკალურობა: ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისქვეშა მდინარე.

მჭიშთას მიწისქვეშა მდინარე მღვიმედან გამოედინება, რომელიც ჩასახულია დედამიწის მიწისქვეშა ქერქის მოძრაობის შედეგად წარმომქნილი რღვევის ზოლში, რომელიც წყაროების გამოსასვლელებიდან მჭიშთას ფლატის თავზე ამფითეატრისებურ ჩადაბლებას, გრძელი მშრალი ხევის გასწვრივ გაუყვება. მჭიშთას დაზვერილ სიფონურ დერეფანს რთული აგებულება აქვს. მიწისქვეშა ნაკადს განტვირთვის არეალში ფსკერი საფეხურებრივად ეშვება და შესასვლელიდან 75-80-ე მეტრზე დერეფნის უღრმესი წერტილი 46 მ-ით აღინიშნება.

მიწისქვეშა ტბების დერეფნის შორეულ ნაწილში _ შესასვლელიდან 180-ე მეტრზე ჰაერის პირველი კამერა ჩნდება. 250 მ-იანი მონაკვეთის მიღმა 1200 მ სიგრძის დერეფანი ბოლოში საკმაოდ ღრმა და მოზრდილი ტბთ იხშობა. როგორც ჩანს, აქ ხდება მჭიშთას ჩრდილოეთით მდებარე კარსტულ უფსკრულებში გამდინარე ნაკადების თავმოყრა. მჭიშთას სიფონური დერეფნების უკიდურესი დასავლური უბნის დაზვერვა მოხერხდა მხოლოდ. მისი ძირითადი აღმოსავლური განშტოება უშუალო დაკვირვებისათვის ჯერჯერობით მიუწვდომელი. მიწისქვეშა დერეფნებში წყლისაგან თავისუფალი საივრცეები  გამოვსებულია სხვადასხვა ფორმის მოზრდილი ნაღვენთ-ნაწვეტი წარმონაქმნებით; სიფონის წინა ნაწილის ფსკერი ყურადღებას იპყრობს გიგანტური ნგრეული მასალით, გვხვდება როგორც ლოდნარი, ისე ქვიშიან-თიხიანი ნაფენები. მღვიმე დინამიურია.

მიწისქვეშეთში გამდინარე მდინარე მჭიშთას საშუალო მრავალწლიური ხარჯი 9,5 მ3/წმ, ხოლო მაქსიმალური 197 მ3/წმ აღემატება. როგორც სპელეოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადასტურა, მჭიშთას მიწისქვეშა მდინარე წყალს საკმაოდ ვრცელი  ტერიტორიიდან იკრებს. თითქმის მთელი ბზიფის მასივის მიწისქვეშა წყლები თავს იყრის მჭიშთას აუზში. აქედან გამომდინარე, მჭიშთა და თოვლიანი ერთი და იგივე ჰიდროგეოლოგიური სისტემის შემადგენელი ნაწილებია. ეს სისტემა ,,თოვლიანის” ჩასასვლელი შახტით (ზ.დ. 1950 მ0 იწყება და მჭიშთას მძლავრი ვოკლუზიური გამოსასვლელებით (ზ.დ. 70 მ) მთავრდება. ე.ი. შეფარდებითი სხვაობა 1880 მ აღწევს. ასევე, ნაფრას უფსკრული მჭიშთა-თოვლიანის სისტემის ნაწილი აღმოჩნდა. ესქპერიმენტებით დადასტურდა, რომ ნაფრა-მჭიშთას კარსტული ჰიდროლოგიური სისიტემა უღრმესია (2345 მ) დედამიწაზე.

დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

«საქართველოს ბუნების 100 საოცრება»

ფოტო: თამაზ ქობულაშვილი



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.