ღირსშესანიშნაობა: მელოურის მღვიმე თავისი მასშტაბებით საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. ჩასასვლელი 8-10 მეტრის სიღრმის ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება და გიგანტური კირქვის ნაზვავ ლოდებში 15 მ სიღრმემდე ეშვება, დასაწყისში მღვიმეში გადაადგილება შედარებით რთულია, მაგრამ იმის გამო რომ მღვიმე გამოირჩევა ნაპრალთა ხშირი ქსელით მათი გადაკვეთის ადგილებში ვრცელი დარბაზებია წარმოდგენილი (100X40X30მ). დარბაზების ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წრმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი. აღნიშნული ნაკადი კანიონში გადაადგილებისას გზადაგზა ჩქერებსა და ჩანჩქერებს, ხოლო ბოლო მონაკვეთში სიფონურ ტბას აჩენს. მღვიმის წინა მონაკვეთისათვის დამახასიათებელია ქიმიური ნალექები: სტალაქტიტები და დიდი ზომის სტალაგმიტები. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები და ხოჭოები. მღვიმეს გააჩნია მრავალი უცნობი დერეფანი და განშტოება რომელთა შესწავლა დამატებით კვლევის საგანს წარმოადგენს.
მელოურის მღვიმე არცთუ რთული გასავლელია, მღვიმის მონახულება შეუძლია ზრდასრულ, ჯანმრთელ ნებისმიერ ადამიანს, აუცილებლად გამოცდილი გამყოლის თანხლებით. მღვიმის დასათვალიერებლად საჭიროა 8-9 საათი. საჭირო აღჭურვილობა: ჩაფხუტი განათებით, მაღალყელიანი, სქელძირიანი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. მელოურის მიდამოები, 418 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 23.241 E42 37.670
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი - 8 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ.
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელ: 577 10 18 06
ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge/ zkvantaliani@apa.gov.ge