ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს ასხის მასივზე, ტაბაკელას ქედის ჩრდილო-დასავლეთს ფერდობზე, მდინარე აბაშის ხეობის მარცხენა მხარეს ეოცენური ასაკის შრეებრივ კირქვებში გამომუშავებულ ორსართულიან მღვიმეს, სადაც გაედინება მუდმივმოქმედი ნაკადი, რომელიც მდ. აბაშას უერთება. მისი წინა ნაწილი ჩამონგრეულია და ღია ხეობას წარმოადგენს. აქვე ამოყვანილია ქვითკირის კედელი, დატანილია სათოფურები. მღვიმე ორი დიდი დარბაზისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო, მაგრამ მაღალი გასასვლელებით უკავშირდებიან. ბოლო დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში 10 მ საფეხურია, რომლითაც მღვიმის მეორე სართულზე შეიძლება მოხვედრა. აქ მრავლადა: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ტრავერტის კასკადები, გურები, ფარდები, ასევე დიდი ზომის ლოდები, გამოფიტვის ადგილობრივი მასალა. მღვიმეში ბინადრობენ ობობები და სხვა მწერები. ისტორიული ნაგებობა შუა საუკუნეებში გამოყენებული იყო ციხე-სიმაგრედ.
მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. პირველი ბალდის მიდამოები, 473 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 28.595 E42 23.470
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილი - სოფ. პირველი ბალდა - 8,2 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. პირველი ბალდა - მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი - 0,7 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ; (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი)
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელ: 599 37 24 11
ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge