მთაწმინდა ანუ მამადავითის მთა თბილისის ცენტრიდან დასავლეთით, თრიალეთის ქედის განშტოების სახით, ზღვის დონიდან 770 მეტრზე მდებარეობს. იგი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობაა. მთაწმინდა ფიჭვის ხელოვნური ტყეებითაა შემოსილი და ამაყად დაჰყურებს საქართველოს დედაქალაქს.
თბილისის ცენტრალური ნაწილისა და მთაწმინდის სიმაღლეს შორის სხვაობა თითქმის 400 მეტრია, ამიტომ მისთვის დამახასიათებელია ეფექტური პეიზაჟები და დიდი რეკრეაციული დანიშნულებაც აქვს.
მთაწმინდიდან მთელი თბილისის ხედი იშლება. მისი პანორამის საცქერად აქ რამდენიმე ბაქანია მოწყობილი. მთაწმინდიდან ასევე მოჩანს კავკასიონის ქედი და მყინვარწვერი, საგურამო-იალნოს ქედი და ივრის ზეგანი, მდინარე მტკვარი და თბილისის ზღვა. მასზე ასვლა რამდენიმე სახის სატრანსპორტო გზითაა შესაძლებელი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით ფუნიკულიორი და ბაგირგზა სარგებლობს.
მთაწმინდაზე ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოში უდიდესი დასასვენებელი პარკი და სატელევიზიო ანძა.
მამადავითის მთა თბილისს დასავლეთის მხრიდან დაჰყურებს, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მეტრია და მტკვრის სანაპიროდან 330 მეტრით მაღლა მდებარეობს. მთის შუა კალთაზე მდებარეობს მამადავითის ეკლესია და ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. მთისა და ეკლესიის სახელი დაკავშირებულია ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის წმინდა მამა დავით გარეჯელის მოღვაწეობა. VI ს. შუა ხანებში მას აქ პატარა სამლოცველო და სენაკი აუგია. შემდეგ მაზდეანებს მამა დავითი ქალაქიდან გაუძევებიათ. IX საუკუნეში აქ აუგიათ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია. ამიტომ ეწოდა მამადავითის მთას მეორე სახელი მთაწმინდა. დროთა განმავლობაში ტაძარი დაზიანდა. 1810 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის დავალებით ქაშვეთის მღვდელმა თომა გრიგორიევმა თბილისელთა შემოწირულობებით მთაწმინდაზე ააგო ფერიცვალების ეკლესია. 1859 წელს კვლავ მოსახლეობის ფინანსური დახმარებით თომა გრიგორიევის ვაჟმა იოსებმა დაიწყო წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ახალი და უფრო დიდი ტაძრის მშენებლობა, რომელიც მხოლოდ 1877 წელს დასრულდა. 1889 წელს დასრულდა ტაძრის კედლების მოხატვა. დღევანდელი ტაძრის ზომებია: სიმაღლე (ჯვრიანად) 25,7 მეტრი, სიგრძე 17,2 მ, სიგანე 10,7 მ.
ტაძრის ეზოში 1929 წელს დაარსდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, სადაც დაკრძალულნი არიან საქართველოს საუკეთესო შვილები, მათ შორის: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. პანთეონში არიან ასევე დასაფლავებული ცნობილი რუსი პოეტი ალექსანდრე გრიბოედოვი და იოსებ სტალინის დედა.
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge