მცხეთა იყო ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, პოლიტიკური ცენტრი (ძვ.წ. IV-ახ.წ.VI სს). VI ს-ის დასაწყისში, როდესაც დედაქალაქი თბილისში გადავიდა, მცხეთამ შეინარჩუნა ქართლის ეკლესიის, XI ს-დან კი სრულიად საქართველოს სასულიერო ცენტრის მნიშვნელობა. აქ 1811 წლამდე განლაგებული იყო საქართველოს ეკლესიის მეთაურის _ კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია. მცხეთა მდიდარია როგორც არქეოლოგიური (ბრინჯაოს, რკინის ხანა) და ანტიკური პერიოდის, ასევე ქრისტიანული ეპოქის ისტორიული სიძველეებით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: არმაზი _ ფარნავაზიანთა დინასტიის ქართლის მეფეების რეზიდენცია და სამაროვანი (ძვ. წ. IV-ახ. წ. V სს.), ჯვრის (VI ს.), სვეტიცხოვლის (XI ს.), სამთავროს (XI ს.) ტაძრები, შიომღვიმისა და ზედაზნის მონასტრები (VI ს.), ბებრის ციხე.
მცხეთის პირდაპირ მთაზე დგას ჯვრის მონასტერი, რომელიც შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდება დაკავშირებულია ხის მაღალ ჯვართან, რომელიც ამ ადგილზე მეფე მირიანმა აღმართა. VI ს-ის II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა. ამ პატარა სამლოცველოს დღეს ჯვრის მცირე ტაძარს უწოდებენ. VI-VII სს. მიჯნაზე გუარამის ძემ _ ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა (586-605) მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის ტაძარი ბოლნისის სიონის შემდეგ ხუროთმოძღვრული განვითარების ახალ საფეხურს წარმოადგენს. აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებულია 3 რელიეფური გამოსახულება იმ პირებისა, რომელთა თაოსნობითა და ხარჯით აშენდა ეკლესია: შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისმთავარი; მარცხნივ _ მისი ძმა დემეტრე მფარველი ანგელოზითურთ, მარჯვნივ _ სტეფანოზის მემკვიდრე ადარნასე (მის ზემოთაც ფრთაგაშლილი ანგელოზია, რომელსაც მარჯვენა ხელი წინა აქვს გაწვდილი); ადარნასეს წინაა მუხლმოდრეკილი ბავშვი _ მისი ძე. სამივე რელიეფზე ასომთავრული წარწერებია, რომლებშიც მშენებელთა სახელები და ტიტულებია მოხსენიებული.
ჯვრის ტაძარმა სათავე დაუდო ქართული საეკლესიო არქიტექტურის ახალ ეტაპს _ გუმბათოვან ტაძარს. VII საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ უახლოვდება მცხეთის ჯვარს. ასეთებია: ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილი.
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge