ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი
კახეთი

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს და ეროვნულ პარკს მართავს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, რომელიც მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში, ხოლო, საზაფხულო ადმინისტრაცია - თუშეთში, სოფელ ომალოში. 

ეროვნულ პარკში განთავსებულია  დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც ინტეგრირებულია სასტუმრო ნომრები ვიზიტორებისთვის, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზი, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფები.ვიზიტორთა ცენტრში, ვიზიტორებს შეუძლიათ, თუშეთის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად დაგეგმონ სხვადახვა სახის ტურები და მიიღონ ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა  ტურისტული მომსახურება, როგორიცაა: სასტუმროს მომსახურება, გიდების დაქირავება, ცხენების დაქირავება. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ტურისტული აღჭურვილობის დაქირავება. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფუნქციონირებს 11 ტურისტული მარშრუტი, რომელთა საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ და ეზიარონ თუშეთის უნიკალურ ისტორიულ-კულტურულ და ბუნებრივ ლანდშაფტებს. თუშეთის ტურისტული სეზონი მხოლოდ რამოდენიმე თვე გრძელდება - ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე?

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს, ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრი კი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის მეორე მხარეს 85 კმ-ზე, სოფელ ქვემო ომალოში.

მანძილი:

  • ქ. თბილისიდან სოფელ ქვემო ალვანამდე - 120 კმ (1 სთ და 30 წთ);
  • ალვანიდან ომალომდე - 85 კმ (3 სთ და 30 წთ).

აღსანიშნავია, რომ ომალო-ალვანის საავტომობილო გზა არის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი სატრანსპორტო მონაკვეთი საქართველოში, რომელიც მიუყვება ვიწრო გრუნტიან გზას მაღალ მთებში. BBC-იმ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა. (http://www.bbc.co.uk/programmes/p012ttlb).

მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით:

თუშეთის დაცულ ტერიტორიებამდე ტრანსპორტირება დედაქალაქიდან არ ხორციელდება, ვიზიტორები იქ ჩასასვლელად ჯერ უნდა ჩავიდნენ სოფელ ქვემო ალვანში.

  • ქ. თბილისის ორთაჭალისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან, სოფელ ქვემო ალვანის მიმართულებით მოძრაობს მიკროავტობუსი (6 ლარი, 2 სთ), ისნის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან - კერძო ტაქსები (10 ლარი, 2 სთ) ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე.
  • ალვანიდან ომალომდე არ მოძრაობს რეგულარული ტრანსპორტი და ასვლა მხოლოდ კერძო ტრანსპორტის (4X4) დაქირავებით არის შესაძლებელი.
  • თუშეთში ასასვლელად კერძო ტრანსპორტის დაქირავება შესაძლებელია სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში, მთელი დღის განმავლობაში (მონაცემები იხილეთ ადმინისტრაციის ფეისბუქის გვერდზე: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park)

საკონტაქტო პირი:

გიორგი ბაკურიძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ.: 577 10 18 91, ელ-ფოსტა: gio.bakuridze@gmail.com

ფიქრია ნავგურაიძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ.: 577 10 18 92, ელ-ფოსტა: fiqrian@mail.ru

ლიკა კალმახელიძე, ეკოტურიზმის სპეციალისტი, ცენტრალური ოფისი
ტელ.: 577 90 72 72, *8888, ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge

დღესდღეობით, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოწყობილია 10 ტურისტული ბილიკი:

1. ვიზიტორთა ცენტრი:

/ 1კმ, 3 სთ, საფეხმავლო, მარტივი /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული  და ვიზიტორთა ცენტრი, გადასახედი.

ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს სოფელ ქვემო ომალოში. გზაზე განთავსებული დაცული ტერიტორიების აბრიდან ხელმარცხნივ 100 მეტრში დგას - თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული კომპლექსი - ერთ-ერთი ულამაზესი შენობა. ტერიტორია შემოსაზღვრულია ფიჭვნარი ტყით. ვიზიტორთა ცენტრის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილია გადასახედი, საიდანაც მიმდებარე ტერიტორიაზე იშლება არაჩვეულებრივი ხედი, შესაძლებელია რამდენიმე სოფლის - ქუმელაურთას, ცოკალთას, ჩიგლაურთასა და ხახაბოს დანახვა.

ვიზიტორთა ცენტრში დამთვალიერებლები მიიღებენ ინფორმაციას თუშეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე, ცენტრის თანამშრომლები ვიზიტორებს დაეხმარებიან ტურების დაგეგმვაში, სასტუმროების დაჯავშნაში, ავტომანქანებისა და ცხენების დაქირავებაში. ვიზიტორთა ცენტრი ტურისტებს სთავაზობს კაფეტერიასა და კეთილმოწყობილ სასტუმრო ნომრებს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია აღჭურვილობის დაქირავება (კარვები, დურბინდი, სამთო ველოსიპედი) და ტერიტორიაზე მოწყობილი საკარვე ადგილით სარგებლობა

2. კესელო - ქუე:

/ 10 კმ, 8 სთ, საფეხმავლო, მარტივი /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი ზემო ომალო, კესელოს ციხე, ეთნოგრაფიული მუზეუმი, შთამბეჭდავი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, ნიამორების ნახვისა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობა.

მარშრუტი იწყება თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან და სოფელ ზემო ომალოს გავლით მიემართება კესელოს ციხისაკენ, სადაც ვიზიტორი დაათვალიერებს ციხესა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ქუეს მინდვრიდან (სოფელ ომალოსთან ფიჭვნარი ტყით გარშემორტყმული ტერიტორია) შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. კესელოს ციხეში ფუნქციონირებს კულტურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (შესვლა უფასოა, თუმცა იქვე დგას შესაწირი ყუთი), რომელიც თუშეთის შესახებ მეტად საინტერესო ექსპონატებს სთავაზობს დამთვალიერებელს.

მოგზაურობა სასურველია დღის მეორე ნახევარში, რადგან ქუეს გადასახედიდან ნიამორების დანახვის ალბათობა უფრო მეტად მაღალია საღამოს საათებში (17:00 – 19:00 სთ). ამ დროს ნიამორები საკვებად გამოდიან ღია ადგილებში და ადვილად შეიძლება დურბინდით მათზე დაკვირვება. ნიამორების გარდა, შესაძლებელია იშვიათი მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველების დანახვა. მარშრუტზე სასმელი წყალი ხელმისაწვდომია სოფელ ქვემო ომალოს სათავეზე და სოფელ ზემო ომალოში.

 

3. დართლო - კვავლო:

/ 25 კმ, 2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /

მთავარიღირსშესანიშნაობები: სოფელი ზემო ომალო, სოფელი დართლო, დართლოს საბჭეო, კვავლოს ულამაზესი ციხე-კოშკი.

მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან, გაივლის სოფელ ომალოს და ეშვება ქუეში - პირიქითის, გომეწრისა და ჩაღმის თემების გასაყარ მინდორზე. აქედან წითელთის ფიჭვნარი ფერდობის საცხენოსნო ბილიკით ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე - საყრილობო ღელეზე, რომლის ძირში მდებარე პატარა ველი ოდითგანვე იყო თუშეთის ოთხივე თემის საყრილობო ადგილი.

ამ ველიდან გზა  მიუყვება წყალგამყოფი ქედის ჩრდილო ფერდობს უღელტეხილისაკენ დართლოს მიმართულებით. სოფელი დართლო თუშეთში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თავისი არქიტექტურული ანსამბლითა და საერთო ლანდშაფტით.

სოფელ დართლოდან სამანქანო გზა ადის სოფელ დანოში, საიდანაც გადადის სოფელ კვავლოში. ბილიკს გადმოჰყურებს კვავლოს პირამიდის ფორმის სახურავიანი კოშკი. სოფელი გაშენებულია კლდოვანი მთის კალთებზე. უბნები დაკავშირებულია ქვით ამოშენებული ბილიკებითა და გაჭრილი გასასვლელებით. 

ტურის აღწერა:

დღე I: სოფელი ომალო - ღელე - სოფელი დართლო. მანძილი 12 კმ, ღამის გათევა შესაძლებელია სოფელ დართლოს საოჯახო სასტუმროებში. სოფლის სიახლოვეს შესაძლებელია კარვების გაშლა;

დღე II: სოფელი დართლო - სოფელი დანო - სოფელი კვავლო. სოფელი დართლო - ღელე - სოფელი ქვემო ომალო / ვიზიტორთა ცენტრი (მანძილი 13 კმ). 

 

4. დაქუეხეე:

 

/ 73 კმ, 6 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული/

მთავარი ღირსშესანიშნაობები: თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი დართლო, შუა საუკუნეების ციხე-კოშკები, პირიქითის ხეობისა და აწუნთის უღელტეხილის შთამბეჭდავი ლანდშაფტები, საჯიხვეები, ფრინველთა მრავალფეროვნება, პირიქითა ხევსურეთი და მთის არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები - მუცო და შატილი.

მარშრუტი იწყება სოფელ ომალოდან და ძირითადად მიუყვება დართლოსაკენ მიმავალ სამანქანო გზას. გზა ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე და შემდგომ პირიქითა ხეობაში ეშვება. დართლოდან გზა პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირს მიუყვება. გირევის შემდეგ საფეხმავლო ბილიკი გადის ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე და მდინარის სათავეებამდე ადის. შემდეგ ბილიკი აწუნთის უღელტეხილზე გადადის, რომელიც ხევსურეთისა და თუშეთის გასაყარზე მდებარეობს და მისი გავლით ვიზიტორი ხვდება ხევსურეთში. მარშრუტი მთავრდება პირიქითა ხევსურეთის სოფელ შატილში, საიდანაც შესაძლებელია ავტოტრანსპორტით თბილისში ჩასვლა.

მარშრუტის გასწვრივ ცხვრის ბინებია (ჭეშო, თურსიეხი, ლუიბარჩე და საგინწყარო), თუში მეცხვარეების გაცნობა ვიზიტორს წარმოდგენას შეუქმნის მათ ყოფაზე შესაძლებელია უნიკალური თუშური ყველის დამზადების პროცესში ჩართვა და ქართული სელექციით გამოყვანილ პირუტყვის ჯიშების გაცნობა: თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, მეცხვარის ძაღლი.

საფეხმავლო მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: სოფელი ომალო - სოფელი დართლო, 18 კმ, ღამის გათევა შესაძლებელია როგორც სოფელ დართლოს საოჯახო სასტუმროებში, ასევე კარავში;

დღე 2: სოფელი დართლო - სოფელი გირევი. 13.5 კმ, ღამის გათევა კარავში;

დღე 3: სოფელი გირევი - ქვახიდი. 16.5 კმ, ღამის გათევა კარავში;

დღე 4: ქვახიდი - ხიდოთანი, ღამის გათევა კარავში;

დღე 5: ხიდოთანი - მუცო, ღამის გათევა კარავში;

დღე 6: სოფელი მუცო - შატილი.

 

5. დიკლო:

 

/ 28 კმ, 1-2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი შენაქო, ძველი დიკლოს ნანგრევები, შთამბეჭდავი ბუნებრივი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, თუშური ტრადიციული ლუდის დაგემოვნება.

მარშრუტი ომალოდან იწყება სამანქანო გზით, რომელიც პირიქითა ალაზნის ნაპირთან ჩადის. შემდეგ გადის სოფელ შენაქოზე და მიემართება სოფელ დიკლოსაკენ. მარშრუტის ცხენით გავლა შესაძლებელია ერთ დღეში. ლანდშაფტებისა და სოფლების დინჯად დათვალიერებისათვის რეკომენდებულია მოგზაურობა ღამის თევით. შენაქო თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ვიწრო ქუჩებითა და ძველი სახლებით. აქვე არის ისტორიული ლუდის სახარში, სადაც ვიზიტორებს ლუდის დაგემოვნების საშუალება ეძლევათ.

შენაქოდან მარშრუტი მიემართება სოფელ დიკლოსაკენ. XIX საუკუნემდე სოფელი დიკლო ციცაბო კლდეზე, ამჟამინდელი დიკლოდან ორ კილომეტრში მდებარეობდა, რომელიც დაღესტნელების შემოსევის შედეგად განადგურდა. სოფელ დიკლოში ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმროები, სოფლის მახლობლად შესაძლებელია კარვების გაშლა. ბილიკზე მოგზაურობისას არ არის გამორიცხული ნიამორების ნახვა, რადგან მარშრუტი ამ ცხოველის საბინადრო ადგილებს გაივლის. სასმელი წყალი ხელმისაწვდომია სოფელ ომალოში, სოფელ შენაქოსა და სოფელ დიკლოში.

დამატებითი ინფორმაცია: მარშრუტის გასწვრივ რამდენიმე ადგილას (შენაქო, დოტკალტოს გადასახვევი და ძველი დიკლო) განლაგებულია მეცხვარეთა სადგომები. მეცხვარის ძაღლებთან მიახლოვება არ არის რეკომენდირებული.  

უკან დაბრუნებისას, უმჯობესია, ნასოფლარ აგეურთისაკენ გადახვევა, სადაც შემორჩენილია ოდესღაც ხალხმრავალი და ულამაზესი სოფლის ნაშთები.

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.