მდებარეობა: აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი უფსკრულია. მღვიმე ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე იხსნება.
კოორდინატები: N 43005’25’’; E 40048’36’’
მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 470 კმ. სოხუმიდან 26 კმ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან გადასახვევია და გზა მიემართება ჩრდილოეთით, გადასახვევიდან მანძილია 10 კმ.
უნიკალურობა: ყველაზე დიდი მოცულობის მღვიმური დარბაზი ევროპაში
ახალი ათონის მღვიმე ანუ ანაკოფიის მღვიმე, აგრეთვე მას ივერიის მღვიმესაც უწოდებენ მღვიმე ჩასახულია ქვედაცარცული ასაკის სქელშრეებრივ, ძლიერ ნაპრალოვან კირქვებში და შედგება ვერტიკალური (ჯამური სიღრმე 183 მ) და ჰორიზონტალური (ჯამური სიგრძე 3285 მ) სიღრუეებისაგან. აღსანიშნავია დიდი დარბაზები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი“, „ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“, „ჰელიქტიტების დარბაზი“ და სხვა. ზოგიერთი მათგანი მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით, ფარდებით, გაქვავებული ჩანჩქერებით. ცალკეულ დარბაზებშია თიხის დიდი სისქის (10-30 მ) ნალექები, ნგრეული მასალა. მღვიმის თავისებურებაა დარბაზების გიგანტურობა. მღვიმური სისტემის მოცულობა 1,5 მლნ. მ3 აღემატება. ამ მხრივ ის ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.
მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინა და შეისწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა. „საქქალაქმშენსახპროექტის“ ინსტიტუტის პროექტით ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოწყობილ იქნა „თბილგვირაბმშენის“ მიერ და გაიხსნა 1975 წელს.
მღვიმეში ჰაერის ცირკულაცია წარმოებს ბუნებრივი ჩასასვლელი შახტით და ხელოვნურად გაჭრილი გვირაბების მეშვეობთ. ერთადერღი ადგილი, სადაც ჰაერის მოძრაობა შეინიშნება ,,არსენას ჭიშკარია” (ვერტიკალური და ჰორიზონტული სისტემების შემაერთებელი ვიწრო ხვრელი), სადაც ქარის სიჩქარე 1,5-3,6 მ/წმ ფარგლებში მერყეობდა. ჰაერის ტემპერატურა მღვიმეში უმნიშვნელოდ იცვლება. თბილ სეზონში, მღვიმის სხვადასხვა დარბაზებში იგი 12,00-დან 14,50-მდე მერყეობს. ე.ი. შედარებით დაბალი, ვიდრე ზედაპირული ჰაერის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (14,80). ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა ზაფხულში _ 2,50, ზამთარში _ -0,4-0,50-ია.
მღვიმეში სამი მიწისქვეშა ტბაა, რომელთაც დონეების მნიშვნელოვანი რყევა ახასიათებთ. მათში წყლები შემოდის როგორც ვერტიკალური სისტემის გავლით, ისე მიწისქვეშა არხებით. მღვიმეში მოპოვებულია უხერხემლოთა რიგი ჯგუფები: ჭიები, ლოკოკინები, კიბოსნაირები, ობობასნაირები, მწერები. თიხის გრუნტზე გვხვდება ასანთის ღეროზე წვრილი უფერული ბალახოვანი მცენარე _ ალბინოსი, ლპობის პროცესში მყოფ მცენარეთა ტოტებზე ამოზრდილი სოკოები.
ახალი ათონის მიწისქვეშეთი ევროპის ერთ-ერთი უშესანიშნავესი ტურისტულ-საექსკურსიო ობიექტია. XX საუკუნის 80-იან წლებში ყოველწლიურ დამთვალიერებელთა რიცხი მილიონ კაცს აღემატებოდა.
დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
«საქართველოს ბუნების 100 საოცრება»