ნიჩბისი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", XI-XIII სს-ის ისტორიული საბუთები, სეხნია ჩხეიძის "ცხოვრება მეფეთა", პაპუნა ორბელიანის "ამბავნი ქართლისანი", დავით ბაგრატიონის "ახალი ისტორია", იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის აღწერა", ნიკო დადიანის "ქართველთ ცხოვრება", იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში"
სოფ. ქვემო ნიჩბისი და ნიჩბისის ციხე
ვახუშტი ბაგრატიონი ნიჩბისის შესახებ გადმოგვცემს: "ხევი ნიჩბისისა, გამოდის დიდგორს, დის ჩრდილოეთ, ერთვის მტკუარს სამხრიდან. ნიჩბისს არს შენობა დიდი და მონასტერი მცირე ... ამ ნიჩბისის წყლის შესართავზედ, მტკუარზედ არს კოწახურას ფონი, მუხრანს გამსვლელი"
მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 12 კმ-ზე, მდ. ნიჩბისწყლის (მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, თანამედროვე სოფ. ქვემო ნიჩბისის ტერიტორიაზე.
ისტორიულ წყაროებში ნიჩბისი მოიხსენიება XI ს-დან. 1072 წელს გიორგი II-მ (1072-1089) სოფ. ნიჩბისი შიომღვიმის მონასტერს შესწირა. 1170 წ. გიორგი III-მ (1156-1184) განუახლა მონასტერს შეუვალობის სიგელი ნიჩბისზე. 1490 წელს ქართლის მეფე კონსტანტინე II (1478-1505) ნიჩბისში იდგა და ბარათაშვილებს ეხმარებოდა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 1520 წელს მუხრანში დაბანაკებული კახეთის მეფის, ლევანისა (1520-1574) და მამია გურიელის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალი ქართლის მეფე დავით X (1505-1525) ნიჩბისში დადგა. 1615 წელს ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ (1606-1615) ნიჩბისი ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს გადასცა. XVIII ს-ში ნიჩბისმა მრავალჯერ განიცადა ლეკების შემოსევა. ამავე საუკუნის ბოლოს სოფელში 7 კომლიღა ცხოვრობდა.
1914 წ. კავკასიის მუზეუმში (შემდგომში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ჩააბარეს ნიჩბისის ხეობაში შემთხვევით მოპოვებული ბრინჯაოს სამაჯურები გველისთავისებური დაბოლოებებით. თარიღდება I ათასწლეულის შუა ხანებით. 1936 წ. სოფ. ნიჩბისის განაპირას მიწის დამუშავების დროს დაზიანებულ სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს იტალიკური სურები (2ც), მინის და ვერცხლის რგოლები (4ც), ვერცხლის აბზინდა არწივის თავის გამოსახულებით, პართიის მეფეების გოტარზეს 6 დრაქმა და მითრიდატე IV-ს 1 დრაქმა, რომის იმპერატორის ავგუსტუსის 2 დენარი. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). 1957 წ. სოფ. ახალი ნიჩბისის განაპირას, მიწის დამუშავებისას დაინგრა გვიანანტიკური ხანის მდიდრული სამარხები. მასალის ერთი ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), მეორე ნაწილი - დიდი მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში.
1957-1960 წწ. სოფ. ქვემო ნიჩბისის სამხრეთით 5კმ-ზე, წიწილასწყაროს ხევში, ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. უგრელიძე) გათხარა ნატბეურის მინის საწარმო. სახელოსნო მიშენებული იყო კლდეზე. შენობის აღმოსავლეთ კედელთან გაითხარა მინის სალღობი აბაზანა და საკვამლე ხვრელი. აქვე აღმოჩნდა ქვასანაყი, რკინის კავი და დანა, ნედლეული - კაჟი და მარგანეცი; განაყარში დაფიქსირდა მინის ჭურჭლისა და სამაჯურების ფრაგმენტები, მინის წვეთები. აქ აღმოჩენილი მონეტების მიხედვით ნატბეურის სახელოსნო თარიღდება XIII ს-ის მეორე ნახევრითა და XIV ს-ის დასაწყისით.
1961 წ. სოფ. ქვემო ნიჩბისის მახლობლად, ნასოფლარ ზეუბანში აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული მონეტების განძი (1460 ც). ქართული მონეტები მოჭრილია მეფეების - დემეტრე I-ის (1125-1156), გიორგი III-ის (1156-1184), გიორგი III-ის და თამარის (1184-1207), ლაშა-გიორგის (1207-1223) სახელით. 15 ქართული მონეტის ატრიბუცია ვერ მოხერხდა. გარდა ქართული მონეტებისა ნიჩბისის განძში აღმოჩნდა შირვანული, ილდიგიზიდური და დარუბანდული მონეტები (34ც). განძი დაფლულია რუსუდანის მეფობის (1223-1245) დროს, სავარაუდოდ, 1122-1126 წლებში.
ნიჩბისი - ზაზა ქარდავას ფოტო
1971 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქსნის ექსპედიციამ სოფ. ქვემო ნიჩბისში გათხარა გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული ციხე-დარბაზი. იგი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, მდ. ნიჩბისწყლის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVII ს-ით. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. ამჟამად, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული გალავნისა და აბანოს ნანგრევები. გალავანი გეგმით მართკუთხაა, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში ჩართულია კოშკები; გალავნის სამხრეთი კედელი შემორჩენილია 7-8 მ-ის სიმაღლეზე, ქვედა ნაწილი ყრუა, ზედას საბრძოლო ბილიკის დონეზე აქვს სათოფურები და სალოდეები. ეზოში დგას სამსართულიანი კოშკი, რომელიც გეგმით ოთხკუთხაა. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აბანო (7,8X13,3 მ). იგი შედგება გასახდელის, საბანაო ოთახისა და საქვაბე განყოფილებისაგან. აბანოში კერამიკული მილებით შეყვანილი იყო წყაროს წყალი.
1983 წ. მდ. მტკვრისა და ნიჩბურას შესართავთან, ადგილ "ბორნისთავზე", მდ. ნიჩბურას მარჯვენა ნაპირზე, მშენებლობის დროს დაზიანდა მრავალ-ფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ვრცელდება 7 ჰა-ზე. 1984 წ. მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაიწყო ძეგლის შესწავლა. გაითხარა ადრესამიწამოქმედო კულტურის ნამოსახლარის ფრაგმენტები, ბაზალტისა და რიყის ქვისაგან დამზადებული შრომის იარაღები, მოყავისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი მცენარეული ჩანართებით. ნამოსახლარი თარიღდება ძვ. წ, IV ათასწლეულით. იქვე აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ფრაგმენტები, ობსიდიანის ანატკეცები, მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა საქონლის ძვლები.
გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანზე გაითხარა რამდენიმე ათეული ქვაწრიანი და წრიულქვაყრილიანი ორმოსამარხები. თარიღდება ძვ. წ. XIV-XII სს-ით. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ თავით ჩრდილოეთისაკენ, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილნი. სამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოს ფოთლისებური სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, ირმის რქის ძირის კვერთხისთავი და სხვა.
სოფ. ქვემო ნიჩბისის განაპირას, სამხრეთით, მთის ფერდობზე დგას "კიკოლაანთ საყდარი". ეკლესია დარბაზული (5,8X4,3 მ). თარიღდება X ს-ით. ნაგებია ფლეთილი ქვით, აქვს ნახევარწრიული აფსიდა. ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო.
სოფლის სამხრეთით მდ. ნიჩბურას მარჯვენა ნაპირზე დგას წმინდა ნიკოლოზის გაუმბათიანი ეკლესია (16,7X15 მ). თარიღდება XVI-XVII სს-ით. ძლიერ დაზიანებულია. ნაგებია ფლეთილი და თლილი ქვით, აგურით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა, რომლის ორივე მხარეს განლაგებულია გეგმით მართკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე. XVIII ს-ში ეკლესიის ქვედა ნაწილს გასამაგრებლად შემოავლეს თლილი ქვის კედელი.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) დაცულია ხატი, რომლის პირი მოხატული იყო, მაგრამ დღეს აღარაფერი შემორჩა; ზურგი ვერცხლითაა მოჭედილი და ზედ ასომთავრულით შესრულებული წარწერაა: "...დიდო მღვდელთ მოძღვარო ნიკოლოზ, შემწე გვეყავნ სარდალ-სახლთუხუცესის შვილს ზაალს და თანამეცხედრესა ჩემსა მარიამს, რომელთა მოვაჭედინეთ ოქროთა და თვალმარგალიტით ცოდვათა ჩვენთა მისატევებლად და ძეთა ჩვენთა წარსამართებლად და მშობელსა ჩემისა, ქართლთა და კახთა მფლობელსა, მეფის შაჰნავაზის დის, ბატონის შვილის დედისიმედის სულის საოხად აღვაშენეთ საყდარი წმიდის ნიკოლოზისა სანახებსა ქართლისა ნიჩბისს სახლთუხუცესმა ზაზამ და ზაალ. ქორონიკონსა ტ-გ (1675 წ.)". წარწერაში მოხსენიებულია ზაზა და ზაალ ციციშვილები.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).
ავტორი: გურამ ხარშილაძე