ფიტარეთი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები, პაპუნა ორბელიანის "ამბავნი ქართლისანი", იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის აღწერა".
ვახუშტი ბაგრატიონი ფიტარეთის შესახებ გადმოგვცემს: დაბა ქციას "ქუემორ ... არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი; გუმბათიანი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი".
მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, თეთრიწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით 26 კმ-ის დაშორებით, მდ. ხრამის მარცხენა ნაპირას, თანამედროვე სოფ. ფიტარეთის მიდამოებში.
სოფელი და მონასტერი პირველად XIII ს-ში იხსენიება. მისი მშენებელი და პატრონი ბარათაშვილთა წინაპარი ქავთარ ქაჯიფაის ძე ამირეჯიბი იყო. XVI ს-ის შუა ხანებში ქვემო ქართლი და განსაკუთრებით ორბელიანთა მამული დაიცალა. მცირე მოსახლეობა მხოლოდ დმანისსა და ფიტარეთში შემორჩა.
ფიტარეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფლის მახლობლად დგას ფიტარეთის ღვთისმშობლის გუმბათიანი ეკლესია. ტაძრის გეგმა თითქმის კვადრატულია (13,1X14,8 მ). სიმაღლე 18,3 მ-ია. აფსიდით დასრულებული ბემიანი საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებულია სათავსები. გუმბათი საკურთხევლის კედლებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა. საყრდენი თაღები და კამარები ისრული ფორმისაა. კარიბჭე სამხრეთიდანაა. კარიბჭის შიგნით სამშენებლო წარწერაა: "ქ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდაითა რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნეს ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, ღირს ვიქმენ მომადლებითა ღმრთისაითა მე ქავთარ ქაჩიფაის ძე ამირეჯიბ თვითმპყრობელისა ძლიერისა მეფეთ-მეფისა გიორგისი აღშენებად ამის მონასატრისა და საყდრისა დედის ღმრთისა". წარწერა და ძეგლი თარიღდება ლაშა-გიორგის მეფობის ხნით. ეკლესია მოხატულია. მას გარშემორტყმული აქვს სათოფურებიანი გალავანი. გალავნის შესასვლელში დგას დანგრეული სამრეკლო. ეზოში მარნისა და სხვა ნაგებობების ნანგრევებია. ტაძრის გარშემო არის XVII-XVIII სს-ის წარწერიანი საფლავის ქვები, სადაც იხსენიება მონასტრის წინამძღვრები ორბელიშვილთა საგვარეულოს წვერები.
ეკლესიიდან სამხრეთით, 2 კმ-ის დაშორებით, დგას ისტორიულ საბუთებში მოხსენიებული დარბაზჭალის სასახლე. ნაგებია ყორე ქვით, მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ვარდისფერი და რუხი ტუფის ქვით. შედგებოდა რამდენიმე ოთახისა და დიდი დარბაზისაგან. ნაგებობა XVI-XVIII სს-ით თარიღდება. სასახლის გარშემო შემორჩენილია ნასოფლარი და მცირე ზომის უაფსიდო ეკლესია. სასახლის დასავლეთით 500 მ-ის დაშორებით, მდ. ხრამზე ჩანს ხიდის ბურჯები.
მდ. ხრამის ხეობაში, ფიტარეთიდან დასავლეთით 3 კმ-ის დაშორებით არის სოფ. ცხნარი. სოფლის განაპირას დგას დარბაზული ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან გვიანი მინაშენი აქვს. ნაგებია თლილი ლოდებით. მინაშენი ფლეთილი ქვისაა. სამხრეთით აქვს 2 სარკმელი და შესასვლელი. მინაშენი სამხრეთი კედლის მთელ სიგრძეზე მიუყვება და სიმაღლით მას ნახევრამდე სწვდება. ის ფარავს ბალავრის ქვას, რომელზედაც წარწერაა: "სახელითა ღმრთისაითა ესე ეკლესიაი დავითის მეფობასა ვაჰრამის პატრონობასა (ვაშენეთ) ყოველმან და წელიწადამდის ბალავარი დავსვით. ქრისტე შეიწყალე ამის მოქმედი...". ეკლესიის გვიანდელ მინაშენზე პილასტრად გამოყენებულია ქვაჯვარა თავისი კუბური ბაზისით. სტელასა და ბაზისზე წარწერებია. ბაზისზე იკითხება: "სახელითა და ღმრთისაითა ესე ჯუარი აღმართეს კოჟოლის ძეთა მამისა და ძისა... რს ზედავით შე (ცვალოს)". წარწერა თარიღდება X ს-ით.
სოფლიდან 1,5 კმ-ის დაშორებით დგას ცხნარის ციხე (25X10 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ლოდებით. კედლებს 5 ნახევარწიული ბურჯი ამაგრებს.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).
ავტორი: გურამ ხარშილაძე
ფოტო: ბადრი ვადაჭკორია