კურორტი გაგრა მთებით გარშემორტყმულ მშვიდ ყურეშია გაშენებული. სანაპირო ზოლში რამდენიმე მდინარე გაედინება. მათ შორისაა რეპრუაც, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარის ტიტულის პრეტენდენტია. მისი სიგრძე სულ 18 მეტრია.
გაგრის ტერიტორია უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. ჯერ კიდევ 20 000 წლის წინათ მდინარე ციხერვის ხეობაში პირველყოფილი ადამიანი სახლობდა. ძვ. წ. II საუკუნეში ბერძენმა კოლონისტებმა აქ მცირე სავაჭრო კოლონია – ტრიგლიტი დააარსეს. ძირითად მოსახლეობას კოლხები და ბერძნები შეადგენდნენ, რომლებიც ჯერ ბერძენ, შემდეგ კი გენუელ და ვენეციელ ვაჭრებთან ადგილობრივი წარმოების პროდუქტით _ ხე-ტყით, შალით, თაფლითა და ცვილით ვაჭრობდნენ. შემდგომ საუკუნეებში ქალაქის არსებობას VI-VII სს-ში აგებული ადრექრისტიანული ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილი ძეგლი – გაგრის ბაზილიკაც ადასტურებს. ის საქართველოში გავრცელებული სამნავიანი ბაზილიკების ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია.
გაგრის კურორტად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენელმა, ოლდენბურგის პრინცმა. მისი ჩანაფიქრით, გაგრა მაღალი საზოგადოების კურორტად, "ნიცას" რუსულ ვარიანტად უნდა ქცეულიყო. ამისთვის პრინცმა საფუძველი ჩაუყარა გაგრის ზღვისპირა პარკს, ააშენა ულამაზესი სასახლე, სასტუმრო და რესტორანი "გაგრიფში", რომელიც დღესაც გაგრის სიმბოლოა. 1903 წლის 9 იანვარს მან გაგრის კლიმატური სადგური გახსნა და ეს ამბავი რესტორან "გაგრიფშში" აღნიშნა. სწორედ ეს დღე ითვლება გაგრაში კურორტის დაარსების დღედ. მალე აქ პირველი ტურისტები - გერმანელები ჩამოვიდნენ, ხოლო 1912 წელს გაგრას რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II ესტუმრა.
გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში, მდებარეობს კირქვული მასივი არაბიკა,
სადაც მრავალი უფსკრული, მღვიმე, ძაბრი, ჭა და კარსტული რელიეფის სხვა ფორმებია გავრცელებული. მსოფლიოს უღრმესი
კარსტული უფსკრულების პირველი ათეულიდან ორი — კრუბერის სახელობისა (მიღწეული სიღრმე 2195, დედამიწაზე
ყველაზე ღრმა კარსტული უფსკრული) და სარმა (1543 მ) - არაბიკის მასივზე მდებარეობს. სპელეოგამოკვლევების თვალსაზრისით არაბიკა უნიკალურია ადგილია. სავარაუდოდ, მის წიაღში დღემდე უცნობი ზეღრმა კარსტული უფსკრულები
და გიგანტური მღვიმური სისტემები იმალება.
კურორტი გაგრა
მდებარეობა: გაგრის ქედის ფერდობები და შავი ზღვის ვიწრო ზოლი.
მანძილი: თბილისიდან – 534 კმ, სოხუმიდან – 90 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 10 მ.
რელიეფი: სანაპირო ზოლს კვეთენ მდინარეების - ჟოეკვარას, ციხერვას, გაგრიფშის ხეობები.
კლიმატი:ზღვისპირა, სუბტროპიკული.
ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა: 1335 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1830 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, თერმული (430ჩ), აზოტიანი, სულფიდური, სულფატურ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-მაგნიუმიანი-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,6 გ/დმ3 და თერმული, აზოტიანი, სულფიდური, სულფატურ-მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური
წყლები საერთო მინერალიზაციით 0,8-2,1 გ/დმ3; კურორტზე მოიპოვება აგრეთვე საპროპელური და ტორფიანი ტალახის მნიშვნელოვანი მარაგი.
მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, მინერალური წყლის და სამკურნალო ტალახის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქის სისტემების დაავადებები, ასევე ქრონიკული პიელონეფრიტი.
დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.