ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კინდღი
კატეგორიები
კინდღი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, რაიონული ცენტრიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარე კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. 
 
მის ტერიტორიაზე მიწის ზედაპირზე ამოდის ჰიპერთერმული გეიზერები, რომელთა ტემპერატურა 1000ჩ-ზე მეტია. ამჟამად აქ აუზების და ბუნებრივი „შხაპების~ კომპლექსია მოწყობილი. იმ აუზების ნაპირზე, სადაც წყალი გროვდება, ერთგვარი სამკურნალო ტალახი წარმოიქმნება, რომელიც სახსრებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ასევე სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
 
გარდა მინერალური წყლებისა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის გამორჩეულია ანტიკური ქალაქის, გიენოსის ნანგრევები, რომელზეც შემდეგ ოჩამჩირე აშენდა, აბრსკილის მღვიმე, ადრეშუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები _ მოქვის, ბედიისა და ილორის საკათედრო ტაძრები და სხვ.
 
მოქვის საკათედრო ტაძარი აფხაზთა მეფემ ლეონ III-მ 967-975 წწ-ში მდინარე მოქვისწყლის და დვაბის შესართავთან ააგო. შუა საუკუნეებში ტაძარში ხელნაწერი წიგნების დამზადება და გადამრავლება ხდებოდა. სწორედ აქ შეიქმნა ქართული კულტურის გამორჩეული ძეგლი, 1301 წლით დათარიღებული მოქვის სახარება, რომელიც დღეისთვის საქართველოს ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის საცავში ინახება.
 
XI ს-ის ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო ძეგლს, ილორის წმ. გიორგის ერთნავიან ეკლესიას, 2010 წელს აფხაზეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ რესტავრაცია ჩაუტარა - გარე ფასადი მთლიანად, შიდა კი - ნაწილობრივ თეთრად შეიღება, აღმოსავლეთ ფასადზე შემონახული ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა კი შეილესა. ტაძარს სახურავიც გამოუცვალეს და არსებულისგან მკვეთრად განსხვავებული სტილის გუმბათი დაადგეს.
 
კოდორის ქედის სამხრეთ ფერდობზე, სოფელ ოტაფის ტერიტორიაზე, ოჩამჩირიდან 32 კმ-ში მდებარეობს აბრსკილის მღვიმე.
2 კმ-ზე მეტი სიგრძის ჰორიზონტული ტიპის სიღრუე 10-ზე მეტი დარბაზისგან შედგება. მღვიმის სახელი უკავშირდება გოლიათური ძალისა და გამჭრიახი გონების პატრონს, ბოროტებასა და უწმინდურობასთან მებრძოლ მითოლოგიურ გმირს, აბრსკილს, რომელიც ბოროტმა ღმერთმა რაშთან ერთად მღვიმის შორეულ ბოლოში ვეება სტალაქტიტს მიაჯაჭვა. გმირმა ხალხის დახმარებით თავი დაიხსნა და კვლავ რისხვად მოევლინა ბოროტებას და უსამართლობას. ადგილობრივები ახლაც გიჩვენებენ მღვიმის ახლოს მდებარე დიდ ლოდს, რომელსაც, მათი რწმენით, დღემდე ეტყობა მითოლოგიური გმირის ცხენის ნალის ანაბეჭდი.
 
კურორტი კინდღი
მდებარეობა: შავიზღვისპირა დაბლობი.
მანძილი: თბილისიდან – 410 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 40 მ.
რელიეფი: დაბლობი.
კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი ძალიან რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 50ჩ. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 230ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1000-1200 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა და ჰიპერთერმული (730ჩ), ჰიდროკარბონატულ-
ქლორიდული, ნატრიუმიანკალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,6-1,9 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, პანკრეატიტი), შარდ-სასქესო სისტემის დისფუნქცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიები, ართრიტები და ართროზი; ასევე, გინეკოლოგიური და კანის ზოგიერთი დაავადება, მათ შორის, ფსორიაზი და ეგზემა.
 
დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
 
 

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.