ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ანაკლია
კატეგორიები
საქართველოს შავიზღვისპირეთის მარგალიტად წოდებული ანაკლია დღეს განვითარებადი კურორტია. უწინ აქ მეთევზეთა სოფელი და ნავსადგური იყო. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ანაკლიის ტერიტორიაზე ბერძნები დასახლებულან და მისთვის ბერძენი მითური გმირის სახელი - ჰერაკლია დაურქმევიათ. საუკუნეთა განმავლობაში ჰერაკლია ანაკლიად გადაკეთდა. ანაკლიას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობელ ქვეყნებთან. გემებს ტრაპიზონიდან და კონსტანტინოპოლიდან მარილი, ჭურჭელი, რკინა და იარაღი ჩამოჰქონდათ, საქართველოდან კი სიმინდი, ბზა, თაფლი, აბრეშუმი, ხარის ტყავი, კვერნისა და თახვის ბეწვი გაჰქონდათ. ვაჭრობდნენ ადამიანებითაც - აფხაზი და მეგრელი თავადები თავიანთ ქვეშევრდომებს ოსმალებზე ყიდდნენ. ლეგენდის თანახმად, ამ ადგილის სახელწოდება ანაკლია სწორედ ტყვეებით ვაჭრობას უკავშირდება: თურმე დედას შვილი მოსტაცეს და გაყიდეს. ქალი ზღვის ნაპირას იდგა და სასოწარკვეთილი მოთქვამდა. მისი კივილის გაგონებაზე ხალხს უთქვამს: „ანა რკიანს“ (`დედა კივისო). „ანარკია“ მოგვიანებით ანაკლიად გადაკეთდა. ბოლო წლებში ანაკლიის საკურორტო ზონის განსავითარებლად ბევრი რამ გაკეთდა. სახელმწიფომ ინვესტორებს სანაპირო ზოლზე მშენებლობისთვის შეღავათიანი პირობები შესთვაზა, რის შემდეგაც ანაკლიაში სასტუმროები, რესტორნები, აკვაპარკი, კაზინო, ამფითეატრი და საზღვაო კურორტის ინფრასტრუქტურისთვის
დამახასიათებელი სხვა დაწესებულებები გაჩნდა, საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე მაღალი დონის სასტუმროს
მშენებლობას. სანაპიროს მიუყვება ბულვარი, რომელიც ორ სოფელს - ანაკლიას და განმუხურს აკავშირებს.
 
1. სანაპირო ზონა
2. ანაკლიის ბულვარი ესპანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს.
3. ანაკლია-განმუხურის შემაერთებელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდი ენგურზე ევროპაში ყველაზე გრძელი
საფეხმავლო ხიდია (360 მეტრი). მას მშვიდობის ხიდი“ - აფხაზეთში მიმავალი გზის დასაწყისი უწოდეს.
 
მდებარეობა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი.
მანძილი: ზუგდიდან – 33 კმ, თბილისიდან – 375 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 3 მ.
კლიმატი: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,40C. ზაფხული ძლიერ თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,90C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1400-1680 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ჰავა, ზღვის წყალი, პლაჟის ქვიშა.
მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, ქვიშის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოებისა და სასუნთქი გზების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებები - ლიმფადენიტი, ბრონქიტი; გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, რკინადეფიციტური ანემია, ენდოკრინული სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.