ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ასპინძა
კატეგორიები
ასპინძის მუნიციპალიტეტის მთიანი მხარე მდებარეობს თრიალეთის და ერუშეთის მთების კალთებით შემოსაზღვრულ ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში. რელიეფი აქ ძლიერ დანაწევრებულია და წარმოდგენილია ზღვის დონიდან 1200–1800 მ-ის სიმაღლეზე აზიდული ვაკისებრი ტერასებით, გორაკ-ბორცვებით და ვულკანური წარმოშობის მთებით. ისტორიულად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სატრანზიტო გზები გადიოდა. სახელიც სწორედ ამაზე მიუთითებს - ასპინძა სპარსულად დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს ნიშნავს. მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქი ასპინძა, ცნობილია რამდენიმე ტიპის სუსტად მინერალიზებული თერმული (33-420C) წყლებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ საყრდენ-მამოძრავებელ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებზე. სამკურნალო თერმული წყლები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ მრავალ ადგილას პოულობს გამოსავალს. ცნობილი კურორტი იყო ნაქალაქევი (ზ. დ. 1100-1150 მ), რომლის ესენტუკის ტიპის თბილ (330ჩ), ქლორიდულ-კარბონატულ მინერალურ წყალს საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების, ასევე გინეკოლოგიური და კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. მინერალური წყლებით მდიდარია ვარძიაც _ XII-XIII სს-ის კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსი. კლდეებში სადგომთა ამოკვეთა საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. ბუნებრივია, რომ ისტორიულ მესხეთშიც, რომლის მოსახლეობასაც საუკუნეთა მანძილზე მრავალი დამპყრობელი ავიწროვებდა, მსგავსი სიმაგრეები,
საიდუმლო სამალავებითა და გასასვლელებით, ფართოდ იყო გავრცელებული. კლდეში ნაკვეთი ძეგლები სამხრეთ საქართველოში კიდევ ბევრგან გვხვდება: თავკვეთულა, ვანის (ვაჰანის) ქვაბები, ოლოდა, გელსუნდა, ბაიები... თუმცა ისინი შედარებით მცირე მასშტაბისაა.
 
1. ასპინძიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარე სოფლები - სარო და ხიზაბავრა - სავარაუდოდ,
ელინისტური ან უფრო ადრეული ხანაში დიდი ქალაქური ტიპის დასახლებები იყო. საროს ტერიტორიაზე
შემორჩენილია ასევე შუა ბრინჯაოს ხანის ციხესიმაგრეთა კომპლექსი. ხიზაბავრაში გვხვდება სამხრეთ
საქართველოსთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერასები, სადაც არცთუ
შორეულ წარსულში ვაზი ხარობდა. სოფელში დგას XIX ს-ის კათოლიკური ეკლესია. მოსახლეობის უმეტესობაც ამ სარწმუნოების მიმდევარია.
2. შუა საუკუნეების ხერთვისის ციხე, ვარძიის კომპლექსთან ერთად, 2007 წლის 24 ოქტომბრიდან
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. ასპინძის მუნიციპალიტეტი მდიდარია
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. კლდეში ნაკვეთი ქალაქების გარდა აქ მრავლად გვხვდება სიხესიმაგრეები და ტაძრები, რომელთა შორის აღსანიშნავია თმოგვის ციხე, ხერთვისი, შორეთი, ოთას ციხე, ვანის (ვაჰანის) ქვაბები, ოშორას ეკლესია, ვარნეთი, წუნდა, კოხტასთავი, ბერისხევი, ბერთაყანა, ქარზამეთი,
ალანძა, გავეთი, ზედა ვარძია, ზედა თმოგვი, ჩიხორისი და სხვ.
 
მდებარეობა: თრიალეთის ქედის ფერდობი, მდ. მტკვრის ხეობა.
მანძილი: თბილისიდან (ახალციხის გავლით) – 240 კმ, ხოლო ნინოწმინდის (ჯავახეთის გზა) გავლით – 230 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1050-1060 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,20C. ზაფხული თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,30C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 520 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 64%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და თერმული, სუსტადსულფიდური, სულფატურ-ქლორიდული, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები კაჟმჟავას (40-45 მგ/დმ3) შემცველობით, საერთო მინერალიზაციით 0,8-1,0 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემების, ასევე კანისა და გინეკოლოგიური დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.