ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ბაბანური
კატეგორიები
შუახევის მუნიციპალიტეტის ბუნება უნიკალური ბიომრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ თავმოყრილია მცენარეების უიშვიათესი ენდემური სახეობები: მუხა, წაბლი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, წიფელი, ცაცხვი, თელა, ფიჭვი, ნაძვი, იელი, მოცვი, წყავი, შქერი. შემოდგომა-ზამთარში ამ ტყეებში გარეულ ღორზე, კურდღელზე, მაჩვზე და კვერნაზე ნადირობენ. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: კოდალა, შაშვი, გუგული, კაკაბი, როჭო, ტყის ქათამი. მდინარე აჭარისწყალსა და მის შენაკადებში მრავლადაა სარეწაო მნიშვნელობის თევზი: კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვ. შუახევი გამორჩეულია სამკურნალო და თერმული წყლების სიუხვით. მინერალური წყლები მრავალ ადგილას ამოდის: შამბალეთის, ლამაზმარეს, ბათალვაკის, გუდნის, ბოგილის, ტყემალთის, წყალლამპარასა და უჩამბის მინერალური წყაროები გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. ალპური ზონების სოფლების (ჩირუხი, ჯინალი, ტომაშეთი, საღორია, ღომა) ბუნებრივ-კლიმატური პირობები კი სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების პერსპექტივას ქმნის. შუახევიდან 24 კმ-ში, სოფელ ვანთან მდებარეობს მაღლივი სარტყლის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ბაბანური. აქაური მინერალური წყლები მრავალი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
 
1-2. შუახევში დღესაც ამზადებენ ტრადიციულ ჩასაბერ მუსიკალურ ინსტრუმენტს - ჭიბონს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია აჭარული ცეკვა ხორუმი. საყურადღებოა, რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ, თანაც შემსრულებელთა რაოდენობა აუცილებლად კენტი უნდა იყოს.
3. მახუნცეთის თაღოვანი ხიდი. სატრანზიტო გზების გადაკვეთაზე მდებარე აჭარაში ინტენსიურად
მიმდინარეობდა გზებისა და ხიდების მშენებლობა. რეგიონის მასშტაბით დღემდე 25-მდე ასეთი სახიდე
ნაგებობამ მოაღწია. მათ თამარის ხიდებს უწოდებენ, რადგან უმეტესობა მეფე თამარის დროს (XI-XII სს.) აუგიათ.
 
მდებარეობა: მესხეთის ქედის განშტოების, ნაცარატინტეს სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთა, მდ. ბარათაულისწყლის ხეობა.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1440 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი), ზომიერად ნოტიო. ზამთარი ზომიერად ცივი, უხვთოვლიანი, მდგრადი თოვლის საფარით დეკემბრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,30C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 19,90C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1350 მმ.
ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900 საათი.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მინერალური წყალი ბაბანური - კარბონატულ- ჰიდროკარბონატულ, ნატრიუმიანი, ტუტე (პH-9,66) წყალი, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,4 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, შაქრიანი დიაბეტი, რადიოაქტიური დასხივებით გამოწვეული დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.