ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ბაკურიანი
კატეგორიები
პოპულარული სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში,
თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და გარშემორტყმულია წიწვოვანი ნაძვნარისა და ფიჭვნარის უნიკალური კორომებითა და ალპური მდელოებით. XIX საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ბორჯომის მინერალურმა წყალმა თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გაითქვა სახელი, ხეობას რუსეთის იმპერიიდან უამრავი ხალხი მოაწყდა. სწორედ ამ დროს გაიყვანეს ბორჯომის ხეობაში ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა (1898-1901 წწ.), რომელმაც ბორჯომი ბაკურიანთან დააკავშირა და ბორჯომის ხეობის პატარა დასახლების მომავალი განსაზღვრა. 1910 წელს, კოხტაგორის დასავლეთ კალთაზე ბოტანიკური ბაღი დაარსდა. ბაღის შექმნის მიზანი კავკასიის მაღალმთიანეთის მცენარეთა ინტროდუქცია და აკლიმატიზაცია იყო. სწორედ ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი კოზლოვსკი მასპინძლობდა დაბაში ჩასულ პირველ მოთხილამურეებს. მოგვიანებით ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა - ევროპაში განსწავლულმა გიორგი ნიკოლაძემ, რომელმაც დიდი ამაგი დასდო ქართულ სპორტის  განვითარებას, სპორტის ზამთრის სახეობების პოპულარიზაცია და ბაკურიანის ფერდობების ათვისება დაიწყო. 30-იან წლებში ბაკურიანში უკვე ფუნქციონირებდა სათხილამურო ბაზა და რამდენიმე საბავშვო სანატორიუმი. თუმცა ბაკურიანის, როგორც სათხილამურო ცენტრის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1935 წელი, როდესაც ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის (დღეს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სტუდენტებმა აქ საწვრთნელი შეკრება ჩაატარეს. მათ მალე სხვა სტუდენტებიც შეუერთდნენ. რამდენიმე წელიწადში ორი - 45- და 75-მეტრიანი ტრამპლინი აიგო, გაკეთდა ბაგირგზა, ბილიკები პროფესიონალი და დამწყები მოთხილამურეებისთვის. საბჭოთა პერიოდში ბაკურიანში სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ტარდებოდა სპორტის ზამთრის სახეობებში. აქ საწვრთნელ შეკრებებს ატარებდნენ საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების წევრები. კურორტის მდებარეობით და ლანდშაფტით მოხიბლული სტუმრები ბაკურიანს `საბჭოთა სათხილამურო სპორტის დედაქალაქს  და საბჭოთა დავოსს  უწოდებდნენ.
 
1. ხედი ბაკურიანზე ცხრაწყაროს უღელტეხილიდან
2. დღეს ბაკურიანში მოქმედებს სხვადასხვა სირთულის 12 კეთილმოწყობილი სათხილამურო ტრასა: ისტორიული კოხტაგორა (ზ. დ. 2155 მ, ბაგირგზის სიგრძე - 3000 მ); გამოცდილი სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი ტატრას  სახელით ცნობილი კოხტა 2-ის მთა (ზ. დ. 2255 მ, საერთო სიგრძე 1800 მ); დიდველის  საერთო სიგრძე 3800 მ-ია (მინიჭებული აქვს FIS სერტიფიკატი). დამწყებთათვის კვლავინდებურად
ფუქციონირებს ოცდახუთიანის სახელით ცნობილი მარტივი სათხილამურო ტრასა (სიგრძე 300 მ).
 
მდებარეობა: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი. სიმაღლე ზღვის დონიდან: 1700 მ.
მანძილი: ბორჯომიდან – 30 კმ, თბილისიდან – 180 კმ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,60C. თოვლის საფარი რჩება 4-5 თვის განმავლობაში. ზაფხული ზომიერად გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 140C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 800 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია, ჰაერისა და მზის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: ლიმფადენიტი, სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.