ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ბაზალეთის ტბა
კატეგორიები
თბილისიდან 40 კმ-ის დაშორებით, ბაზალეთის პლატოზე მდებარეობს ამავე სახელწოდების ვულკანური
წარმოშობის ტბა. ტბაში არ ჩაედინება და იქიდან არ გამოედინება არც ერთი მდინარე, ის მხოლოდ ატმოსფერული ნალექებითა და მიწის წიაღიდან ამოსული მინერალებით მდიდარი წყლებით საზრდოობს. ამის გამო ტბის წყალიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა  სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმზე და კურნავს დერმატოლოგიურ, გინეკოლოგიურ, რევმატულ და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებებს. ტბის ჰაერი კი დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძაღვთა დაავადებებზე. სანაპირო ზოლში მრავლადაა წყლის მცენარეები - დუმფარა და ლელქაში, რომლებსაც ასევე მიაწერენ სამკურნალო თვისებებს. ტბის მაქსიმალური სიღრმე 7 მ-ია, ზედაპირის ფართობი - 1,22 კმ2. იანვარსა და თებერვალში იფარება ყინულით, რომლის სისქე ზოგჯერ 0,5 მეტრაც კი აღწევს. ზაფხულობით წყალი 250ჩ-მდე თბება. აქ მრავლადაა სარეწაო მნიშვნელობის თევზი: ვერცხლისფერი კარჩხანა, ქაშაყი, ნაფოტა, ამური; მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია.
 
1. საბჭოთა პერიოდში ბაზალეთის ტბის სანაპიროზე რამდენიმე დასასვენებელი სახლი და საბავშვო სანატორიუმი ფუნქციონირებდა. 2007 წელს აქ გაიხსნა ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი, რომელსაც ტბის ირგვლივ 27 ჰა ტერიტორია უჭირავს. კომპლექსი მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სასტუმრო კორპუსს, ღია აუზს, ხეივნებს, სპორტულ მოედნებს.
2. ბაზალეთის ტბას უკავშირდება ხალხური თქმულება, რომლის მიხედვითაც ტბის ფსკერზე, ულამაზეს წალკოტში ერთ დროს ქართველი ხალხის საყვარელ მეფე თამარს ოქროს აკვანი ჩაუსვენებია. აკვანში წევს მძინარე ყმა, რომელიც ქვეყანას მხსნელად უნდა მოევლინოს. სხვა ლეგენდის თანახმად, ამ აკვანში გაიზარდა ქართული ეპოსის გმირი ამირანი. ოქროს აკვნის მოსაძებნად ტბის ფსკერზე რამდენიმე ექსპედიცია განხორციელდა, თუმცა უშედეგოდ.
 
მდებარეობა: თრიალეთის ქედის დასავლეთი ნაწილის მთისწინა ფერდობები, გუდამაყრისა და ლომისის ქედების ძირი.
მანძილი: თბილისიდან – 40 კმ, დუშეთიდან – 5 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 900 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი ზომიერად ცივი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე აღინიშნება თოვლის მდგრადი საფარი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,50C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა
20,50C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 600-800 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 62%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი მთის ჰავა.
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, ბანაობა ტბაში.
სამკურნალო ჩვენებები: დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებები, რევმატული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები. ბაზალეთის ჰაერი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისთვის.
 
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.