ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი დართლო
კატეგორიები
ისტორიულად თუშეთი ხუთ თემს მოიცავს, ესენია: ჭანჭახოვანი, ჩაღმა, გომეწარი, წოვათა და პირიქითა. თემებში 50-ზე მეტი სოფელია გაერთიანებული (თუმცა გაერთიანება პირობითია, რადგან სოფლების უმრავლესობა დღეს უკვე დაცარიელებულია). ყველა სოფელში დგას თავდაცვითი-სასიგნალო დანიშნულების ციხე-კოშკები, რომლებიც საცხოვრებლადაც გამოიყენებოდა. სოფელი დართლო პირიქითა (სამციხის) თემში, ომალოდან 15 კილომეტრში, მდინარე პირიქითის ალაზნის მარცხენა ნაპირზეა გაშლილი; კვავლო კი დართლოდან რამდენიმე კილომეტრში, მდინარე დიდხევის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ორივე სოფელში შემორჩენილია ტრადიციული თუშური არქიტექტურის ნიმუშები: ფიქლით და დუღაბით ნაშენი 5-6-სართულიანი, 20 მ სიმაღლის ვიწრო და მაღალი ციხე-კოშკები. XIX საუკუნის II ნახევრიდან ასეთი სახლები ახალი ტიპის საცხოვრებელმა აივნიანმა სახლებმა ჩაანაცვლა. სოფელი დოჭუ გომეწრის ხეობაში, კლდის ქიმზე დგას. აქ ძირითადად სამსართულიანი, ფიქლით დახურული სახლები დგას; ჩიღოსა და ფარსმაში 3-4-სართულიანი ძველებური ჩარდახებიანი და სათოფურებანი თუშური სახლებია შემონახული, რომლებიც გარეგნულად ციხე-კოშკებს მოგვაგონებს. ჩიღოში, შემაღლებულ ადგილზე დგას თუშების საერთო სალოცავი-ლაშარის ჯვარი, სადაც საუკუნეების განმავლობაში თემის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად მთელი თუშეთი იკრიბებოდა. ლაშარის კულტი გავრცელებული ყოფილა ფშავში, ხევსურეთში, მომიჯნავე ბარის თემებში და ჩრდილო კავკასიელ მთიელებშიც კი. წარმართული კულტის თაყვანისცემის ტრადიცია თუშებმა ფშავიდან გამოიყოლეს. ქრისტიანობის გავრცელების (IX ს.) შემდეგ კი წარმართული და ქრისტიანული ტრადიციები ერთმანეთს შეერწყა.
 
1. დართლო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. სოფლის ცენტრში, XIX ს-ის ეკლესიის გვერდით,
დგას იახსარის ხატის სალოცავი-წარმართულ-ქრისტიანული აკლდამისებური ნაგებობა. მთაში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, არც ტაძრის ნანგრევებზე და არც სალოცავზე ქალების შესვლა არ შეიძლება. მათთვის საგანგებო სადიაცო ბილიკები არსებობს. დართლოში უწინ იმართებოდა საბჭო, იგივე სასამართლო. აქ ახლაც ნახავთ ნახევარწრეზე განლაგებულ 12 ქვას, სადაც მსაჯულები ისხდნენ და სამართალს ქმნიდნენ. წრის შუაში კიდევ ერთი ქვა დევს - განსასჯელისთვის.
 
2. თუშეთში თითოეულ გვარს აქვს საკუთარი სალოცავი ნაგებობა, სადაც ყოველწლიურად გვარის
წარმომადგენლები იკრიბებიან და დღეობას მართავენ. ათნიგენობა (ათენგენობა) - თუშების საკულტო
დღეობების ციკლი - აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორ კვირას გრძელდება. ამ დროს ყველა სოფლის
მთავარ სალოცავში კულტის მსახურება იმართება - ათევენ ღამეს, კლავენ საკლავს. ათნიგენობის განუყოფელი ნაწილია ალუდი (ლუდის ხარშვა) და ხითანობა (დოღი თუშური ცხენებით).
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.