გორის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის ვაკეზეა გაშლილი. მხარის ცენტრი, ქალაქი გორი, საუკუნეების
მანძილზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო, რადგან სავაჭრო და სტრატეგული გზების - სამაჩაბლოს,
შიდა ქართლისა და იმერეთის გადაკვეთაზე მდებარეობდა. სახელწოდება მას ქალაქის ცენტრში აღმართული კლდოვანი გორაკისგან მიუღია, სადაც ახლაც დგას შუასაუკუნეების ციხესიმაგრე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროფილისა და განსხვავებული ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით გამოირჩეული რამდენიმე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, მათ შორის: ბიისი (ართროლოგიური, გინეკოლოგიური და ნევროლოგიური პროფილის ცხელი მინერალური წყლები), ფელი (კლიმატური კურორტი, რეკომენდებულია ასთმით დაავადებულებისთვის, ალერგიის, გულის ფუნქციური დაავადებების, დაბალი არტერიული წნევის დროს), ატენი (პროფილაქტიკურ-კარდიოლოგიური პროფილის
კლიმატიური კურორტი მდ. ტანის აუზში), ასევე საყავრე, ბოშური, ბობნევი... გორიჯვარი გორიდან რამდენიმე კილომეტრში, გორიჯვრის მთაზეა შეფენილი. მის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს გოგირდწყალბადიანი, სულფიდური მინერალური წყალი. 1980-იან წლებში აქ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩადიოდნენ დასასვენებლად და ორგანიზმის გასაკაჟებლად. ამჟამად გორიჯვარში მხოლოდ სააბაზანო შენობა ფუნქციონირებს. მინერალური წყლების გარდა ავადმყოფთა განკურნების სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიას, რომლის საძირკველში, გადმოცემით, დამარხულია წმინდა გიორგის თავი. იქ, სადაც ახლა ეკლესიაა, უხსოვარ დროს მდგარა წარმართული კერპი, რომლის ადგილასაც IV საუკუნის დასაწყისში ქართლის განმანათლებელს, წმინდა ნინოს, ჯვარი აღუმართავს. ამის შემდეგ იწოდება აქაურობა გორიჯვრად. წმინდა გიორგის დღესასწაულებზე - 6 მაისსა და 23 ნოემბერს- ტაძართან გორიჯვრობა იმართება. ამ დღეებში მთაზე უამრავი მომლოცველი ადის.
1. ტანის, იგივე ატენის ხეობა. გარდა სამკურნალო პროფილისა, ხეობა გამოირჩევა მატერიალურ-კულტურული ძეგლების სიუხვით. ხეობის სათავეში ჯამჯამას კლდოვანი მასივია, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება როგორც ტანის, ასევე ძამას ხეობებზე. ტანის ხეობა ქართული თეთრი ცქრიალა ღვინის -ატენურის მიკროზონაა.
2. ბიისის ჩანჩქერი. მდ. ტანის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობა. ჩანჩქერი ზამთრობით იყინება. თებერვლის დასაწყისში აქ იმართება ყინულზე ცოცვის ფესტივალი, რომელშიც ქვეყნის საუკეთესო მთამსვლელები და მოყვარულები მონაწილეობენ.
მდებარეობა: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთის მთისწინეთი, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირი.
მანძილი: თბილისიდან – 85 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 680 მ.
კლიმატი: დაბალი მთის, ზომიერად მშრალი. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,20C. ზაფხული ძლიერ თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,30C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 498 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 საათი.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,9 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და
გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"