ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი გრიგოლეთი
კატეგორიები
გურიის შავიზღვისპირა კურორტების - ურეკისა და შეკვეთილის მსგავსად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
ზღვისპირა კლიმატური კურორტის, გრიგოლეთის პლაჟიც მაგნეტიტური ქვიშისგან - მაგნეტიტის, ტიტან-
მაგნეტიტის და ილმენიტის წვრილი მარცვლებისა და სხვა ქანების ნამსხვრევებისგან შედგება. ცხელი ქვიშის აბაზანები ადამიანის ორგანიზმზე სითბურ და მექანიკურ გავლენას ახდენს, რაც ააქტიურებს იმუნურ პროცესებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სასარგებლოა რევმატული და სახსრების დაავადებებისთვის. მზით გახურებულ ზღვის სანაპიროს ქვიშას ოდითგან გამოიყენებოდა სამკურნალოდ: ცნობილია, რომ მაიას ტომის ინდიელები მზეზე ან კოცონზე გახურებული ქვიშის აბაზანებით არაერთ დაავადებას არჩენდნენ; ამ მეთოდს ძველი რომაელებიც იყენებდნენ... ცხელი ქვიშით მკურნალობა - პსამოთერაპია - დღესაც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, რასაც გურიის ზღვისპირა კურორტებზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორთა სიმრავლე მოწმობს. ქვიშიანი პლაჟი გრიგოლეთში რამდენიმე მეტრზე გავრცელებულ თანაბარი დონის ზღვის ფსკერში გადადის. სანაპირო ზოლის უდიდეს ნაწილს მრავალწლოვანი ფიჭვნარი გასდევს, რაც განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის და ერთიორად ზრდის გრიგოლეთის, როგორც კურორტის, მნიშვნელობას. ბოლო წლებში აქაც, ისევე როგორც მთელ ზღვისპირა რეგიონში, ფართოდ გაიშალა საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. გრიგოლეთის დასასვენებელ სახლებსა და საოჯახო სასტუმროებში დღეს ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის.
 
1. გრიგოლეთის სანაპირო ზოლი. გრიგოლეთის, როგორც დასახლებული პუნქტის ისტორია იწყება 1912 წელს,
როცა მეთევზეობის განვითარების მიზნით აქ დევნილი რუსი სტაროვერები (ძველი სარწმუნოების მიმდევრები) ჩაასახლეს.
 
2. საუკუნეზე მეტია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე, ლელობურთი იმართება: ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები (ანუ ზემოურები და ქვემოურები) ეჯიბრებიან. გამარჯვებულად ითვლება ის გუნდი, რომელიც საქონლის ტყავისგან შეკერილ 16-კილოგრამიან ბურთს თავისი უბნისაკენ წაიღებს. შუხუთურ ლელობურთს ერთადერთი წესი აქვს - თუ ვინმე წაიქცა, თამაში ჩერდება. გამარჯვებულ გუნდს ბურთი სასაფლაოზე ააქვს და ახლად გარდაცვლილი რომელიმე
თანასოფლელის საფლავზე მიუჩენს სამუდამო ადგილს. გამარჯვებულებთან ერთად საფლავზე დამარცხებულებიც მიდიან. ამგვარად გამოხატავენ ლანჩხუთელები წარსულის პატივისცემას.
 
მდებარეობა: კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 4 მ.
მანძილი: თბილისიდან – 315 კმ.
კლიმატი: ზღვისპირა ნოტიო, სუბტროპიკული ჰავა. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,20C. ზაფხული ძლიერ თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,20C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1700-1800 მმ.
ჰაერის საშ. ფარდობითი ტენიანობა: 79%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1980-2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი, პლაჟის ქვიშა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიტური რკინის ნაწილაკებს.
მკურნალობის სახეობები: კლიმატო- თალასო- და პსამოთერაპია, მაგნეტიტური ქვიშის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოების, ტუბერკულოზის, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (რევმატული და სახსრების) დაავადები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.