ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი გუდაური
კატეგორიები
საქართველოს კურორტებს შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი
გუდაური ჯვრის უღელტეხილზე, საქართველოს სამხედრო გზის 120-ე კმ-ზე, მთა კუდებსა (3006 მ) და მთა საძელეს (3307 მ) ფერდობებზე, ალპურ ზონაშია გაშენებული. კურორტი არსებობის 30 წელს ითვლის, თუმცა ამ მცირე დროში მან სათხილამურო სპორტის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა. თითქმის 100 წლის განმავლობაში ახლანდელი კურორტის ადგილას იდგა ძველი ფოსტის შენობა, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალი მგზავრებისთვის თავშესაფრის მოვალეობას ასრულებდა. 1980-იან წლებში საქართველოში ბაკურიანის შემდეგ კიდევ ერთი სამთო სათხილამურო ზონის შექმნა გადაწყდა. ზამთრის კურორტისთვის შესაფერისად იქნა მიჩნეული გუდაურის  ბუნებრივი პირობები -სათხილამურო სპორტისთვის საჭირო დაქანების ფერდობები და უხვი და ხანგრძლივი თოვლის საფარი. გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა დედალაქთან და ცენტრალურ სატრანსპორტო მაგისტრალთან სიახლოვე.
1980 წლებიდან გუდაურში ნელა-ნელა გაჩნდა მთის კურორტისთვის დამახასიათებელი საკურორტო ინფრასტრუქტურა. თავდაპირველად აქ მხოლოდ სამთო-სათხილამურო სკოლა ფუნქციონირებდა, მაგრამ საბჭოთა რეჟიმის რღვევამ ხელი შეუწყო უცხოური, კერძოდ, ავსტრიული ინვესტიციის მოძიებას, რომლის წყალობით გუდაურში პირველი სასტუმრო აშენდა, მოეწყო ბაგირგზა და 1988 წელს კურორტი ოფიციალურად გაიხსნა. დღეს გუდაური უმაღლესი სტანდარტების სამთო-სათხილამურო კურორტია შესაფერისი ინფრასტრუქტურითა და ათობით კეთილმოწყობილი სასტუმრო სახლით. ტრასების საერთო სიგრძე 57 კმ-ია და ყველა დონის მოთხილამურისთვის არის გათვალისწინებული. გარდა სამოყვარულო პირველი დონის
ტრასისა, აქ ოთხი ტიპის სპორტული ბილიკია: სლალომი, გიგანტური სლალომი, სუპერ სლალომი და ჩქაროსნული დაშვება. თითოეული მათგანის კატეგორია სათხილამურო სპორტის საერთაშორისო საზოგადოების FIS-ის მიერ არის დამტკიცებული. 5 ბაგირგზა ავსტრიულმა კომპანიამ, Doppelmayr-მა ააგო. 2012 წელს ფრანგულმა POMA-მ გუდაურში კავკასიაში ყველაზე გრძელი გონდოლა დაამონტაჟა. ბაგირგზის ქვედა სადგური ზღვის დონიდან 1990 მ-ზე, ზედა კი - 3270 მ-ზე მდებარეობს.
 
1. ზაფხულობით გუდაურში სიმშვიდეა. სიმწვანე, სიგრილე, მაღალიმთები და სუფთა ჰაერი დადებით
ზეგავლენას ახდენს ადამიანის ზოგად გაჯანსაღებაზე. ახლომახლო ბევრი ისტორიული ძეგლია. მთა საძელედან ულამაზესი ხედები იშლება მყინვარწვერზე და ხევსურეთის ჭაუხებზე. აქტიური დასვენების
მოყვარულებისთვის შესაძლებელია საფეხმავლო ტურების მოწყობა თრუსოსა და ხადას ხეობებში,
ჯომარდობა მდინარე არაგვზე და უახლოესი მწვერვალებიდან პარაშუტით დაშვება.
2. გუდაური იდეალური ადგილია სპორტის ექსტრემალური სახეობების  Freerider-ისა და Heliski-ს (გაუკვალავ
თოვლში სრიალი, როცა თითოეული მოთხილამურე პარალელურ კვალზე მიდის) მოყვარულებისთვის. ღრმა
და მშრალი თოვლი Freerider-ისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. Heliski ევროპის კურორტებიდან მხოლოდ
საქართველოშია შესაძლებელი.
 
მდებარეობა: თრიალეთის ქედის დასავლეთი ნაწილის მთისწინა ფერდობები, გუდამაყრისა და ლომისის ქედების ძირი.
მანძილი: თბილისიდან – 120 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 2190-2200 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: ზომიერად ნოტიო მაღალი მთის ჰავა. ზამთარი ცივი, მშრალი, მაღალი თოვლის საფრით. იანვრის საშ. ტემპერატურა -60C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშ. ტემპერატურა 130C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1000 მმ.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა. მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია. სამკურნალო ჩვენებები: ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, რკინადეფიციტური ანემია.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.