ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ჯავა
კატეგორიები
ცხინვალის რეგიონი ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მთავარ წყალგამყოფ ქედსა და შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო ნაწილს შორის მდებარეობს. აღმოსავლეთიდან მას ეკვრის ალევის ქედი, დასავლეთიდან კი ლიხის, რაჭისა და კედელას ქედები ესაზღვრება. ისტორიულად მხარე რაჭის ერისთავების სამფლობელო იყო და სხვადასხვა პერიოდში ქართლის და კახეთის სამეფოების შემადგენლობაში შედიოდა. ჯავის მუნიციპალიტეტი რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, ცხინვალისა და ონის მუნიციპალიტეტს შორის, მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში მდებარეობს. ეს მთაგორიანი, ულამაზესი შერეული ფოთლოვანი ტყეებით (მუხა, წიფელი, ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) დაფარული ტერიტორია მდიდარია მინერალური წყლებით. საბჭოთა პერიოდში ჯავა მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ზონა იყო, აქ ფუნქციონირებდა კავშირის მასშტაბით ცნობილი კურორტები: ვეზური, კოდიბინი, ლესე, ბაგიათი. ჯავა, იგივე ძაუ-სუარ, რეგიონში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბალნეო-კლიმატური კურორტია. ძაუ მინერალური წყლის გამოსავალ ადგილს ნიშნავს, ხოლო სუარ - მარილიანს. მინერალური წყლის ბუნებრივი გამოსავალი დიდი ლიახვის ხეობაში, მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა წყლების სიკეთით საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა. 1927 წელს მეცნიერებმა ჯავის მინერალური წყლები გამოიკვლიეს და მისი გამოყენების ჩვენებები ჩამოაყალიბეს. რამდენიმე წელიწადში აქ აშენდა პირველი სანატორიუმები, რომლებსაც დასასვენებელი სახლები და მოსწავლეთა ბანაკებიც მიემატა. მინის ბოთლებში ჩამოსხმული მინერალური წყალი „ძაუ სუარი“ და „ბაგიათი“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მომხმარებლებში. 90-იან წლებში
რეგიონში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ჯავის საკურორტო ზონა აღარ ფუნქციონირებს.
1977 წელს მდინარე პატარა ლიახვის ზემო წელში აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისთვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობის დასაცავად შეიქმნა ლიახვის ნაკრძალი, რომელიც 6388 ჰექტარს მოიცავს. ნაკრძალი ტყის მასივებითა (წიფელი, რცხილა, მუხა, მცირე რაოდენობით ნაძვი, ლიტვინოვის არყი, 5386 ჰა) და სუბალპური ბუჩქნარებით, მეტწილად დეკიანებით არის დაფარული. ზემოთ ალპური საძოვრები და კლდეებია. მდინარეებში ბინადრობს საქართველოს წითელი ნუსხის  სახეობა - კალმახი. სიუხვით გამოირჩევა ნაკრძალის ორნითოფაუნაც. ძუძუმწოვრების იშვიათი სახეობებიდან აქ ბინადრობს საქართველოს წითელი ნუსხის ორი სახეობა - არჩვი და მურა დათვი.
 
1. ერწოს ტბა (ზედაპირის ფართობი 0,31 კმ2, უდიდესი სიღრმე 19 მ, სიმაღლე ზ. დ. 1710 მ. ჯავის მუნიციპალიტეტი, კუდაროს ხეობა (მდ. ყვირილის აუზი). ერწოს ტბა კარსტული წარმოშობისაა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტბიდან წყალი ქრება. მეცნიერების ვარაუდით, წყლის გაქრობას ტბის ქვემოთ არსებული კარსტული სიღრუეები იწვევს. ზამთარში წყალი იყინება. ტბაში არ არის თევზი.
2. კუდაროს ხეობა მდიდარია როგორც ბუნებრივი, ისე ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მათ შორისაა
600-400 ათასი წლის წინანდელი (აშელის პერიოდის) კულტურული ფენების შემცველი კარსტული წარმოშობის მღვიმეთა ჯგუფი (5 მღვიმე) - კუდაროს მღვიმოვანი. მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩასავალთან, მდ. ჯეჯორის მარჯვენა ნაპირზე. აღმოაჩინეს 1955 წელს.
3. ერმანის კოშკები. ერმანი რეგიონის ყველაზე მაღალმთიანი სოფელია (2000 მ). მდებარეობს მდ. ერმანისწყლის
ხეობის ალპურ ზონაში. სულ ხეობაში 70-მდე თავდაცვითი დანიშნულების კოშკია შემორჩენილი. მათ უმრავლესობა XVII-XVIII ს-ში აუგიათ. აქაც, ისე როგორც კუდაროს ხეობაში, მინერალური წყლის (სავარაუდოდ, რკინის დიდი შემცველობით) რამდენიმე გამოსავალია.
4. როკის უღელტეხილის მიდამოები. 1985 წელს უღელტეხილზე გაიყვანეს 3730 მ სიგრძის გვირაბი (ზღვის
დონიდან 2000-2040 მ.), რომლითაც ჯავა რუსეთის ფედერაციას უკავშირდება.
5. ჩელიატის სალოცავი. XIII-XIV სს-ში ჩრდილოეთ კავკასიონიდან გადმოსახლებულ ოსებს მამაპაპისეული
სალოცავებიდან თან მოჰქონდათ რაიმე ნიშანი, ნივთი (მაგ., ქვა) და ახალ სამოსახლოზე აშენებულ მცირე ნაგებობაში ათავსებდნენ. ეს მათი გვარის სალოცავი და რელიგიური თაყვანისცემის ადგილი იყო.
 
მდებარეობა: მდინარე ლიახვის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირი, ჯავის ქედის ფერდობი.
მანძილი: თბილისიდან – 120 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1040-1120 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა
-3,60C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,30C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 966 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა; ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,8-25,8 გ/დმ3; ნახშირმჟავაქლორიდული, ნატრიუმიანი (კალციუმიან-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 25,4- 28 გ/დმ3; აზოტიანი, კარბონატულ-ჰიდროკარბონატულქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,1-10,3 გ/დმ3; აზოტიანი, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 10,0-11,0 გ/დმ3 და მეთანიანი, ქლორიდული, კალციუმიან- ნატრიუმიანი მინერალური წყლები,
საერთო მინერალიზაციით 10,5-28,5 გ/დმ3. 
მკურნალობის სახეობები: ბალნეოთერაპია (მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაციები, შესხურებები,
გამორეცხვები, დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ბრონქული ასთმა და ქრონიკული
ბრონქიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული გასტრიტები, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ინფექციური ჰეპატიტი, რკინადეფიციტური ანემია და რადიოაქტიური დასხივებით გამოწვეული დაავადებები.
 
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.