კურორტი ხიდიკარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 4 კმ-ში მდებარეობს. ამ ისტორიული
სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობებია XI საუკუნის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია, გვიანდელი შუა
საუკუნეების „წულუკიძის კოშკის“ ნანგრევები და სოფლის შესასვლელთან, რიონის ხეობაში, კლდეებს შორის
მდგარი შუასაუკუნეების ხიდიკრის ციხესიმაგრე. ეს ციხე საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთის მხრიდან იცავდა ბარაკონის რაჭის ერისთავთა რეზიდენციას, რომელსაც მეორე მხრიდან მინდაციხე ედგა დარაჯად. ციხეებს სასიგნალო, თავდაცვითი და სათვალთვალო ფუნქცია ჰქონდათ. რაჭა-ლეჩხუმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტკბილი და ნახევრად ტკბილი ღვინოების წარმოებაში. ამბროლაური ცნობილია, როგორც ქართული ღვინის ხვანჭკარას მიკროზონა. ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ხვანჭკარა ორი ქართული ყურძნის ჯიშის - ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით მზადდება, ლალისფერი შეფერილობისაა და ხავერდოვანი, სასიამოვნო მოტკბო გემო აქვს. პირველად მსგავსი ღვინო XIX საუკუნეში რაჭის თავადებმა, ყიფიანებმა დაამზადეს. 1907 წელს ამ ღვინომ ბელგიაში, ქალაქ ოსტენში გამართულ ევროპის ღვინის ფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო. ძვირფასი ნახევრად ტკბილი სუფრის წითელი ღვინო მზადდება ასევე რაჭის ენდემური ვაზის ჯიშისგან, უსახელაურისგან, რომელიც მხოლოდ ცაგერის რაიონში, იქაური ჰავის გავლენითა და ნიადაგურ პირობებთან კარგად შეგუებით იძლევა საუკეთესო შედეგს. თვით ცაგერშიც ეს ჯიში მხოლოდ რამდენიმე სოფელშია გავრცელებული.
1. ხიდიკრის კლდეკარი
2. ვენახები რაჭაში. ხვანჭკარის სანედლეულო ბაზის ფართობი დაახლოებით 903 ჰა-ს შეადგენს. მიკროზონა სოფელ წესიდან ქვიშარამდე ვრცელდება.
3. ამბროლაურში მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია: ნიკორწმინდის ტაძარი (XI ს.), ბარაკონის ტაძარი (1753 წ.), ზემო კრიხის, ბუგეულის, პატარა ონის ეკლესიების ნაშთები, მინდა ციხე, კვარაციხე, ხოტევის ციხე და სხვა. სოფელ ნიკორწმინდასა და სხვავში მრავლადაა კარსტული მღვიმეები. სოფელ ზნაკვაში, მდინარე
ზნაკვულაზე რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერია.
მდებარეობა: რაჭის ქედის (დიდი კავკასიონის სისტემა) მთისწინეთი, მდ. რიონის მარცხენა ნაპირი.
მანძილი: ამბროლაურიდან – 4 კმ, თბილისიდან – 294 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 680 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა. ზამთარი რბილი, მცირე- თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -0,30C. ზაფხული ძალიან თბილი. ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალი ტემპერატურა 22,10C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1000 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1900-2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატული
(და სულფატურ-ჰიდროკარბონატული), მაგნიუმიანნატრიუმიან- კალციუმიანი (და ნატრიუმიანი)
მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,8 გ/დმ3; დებიტი: 50 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის (მშრალი პლევრიტი,
გახანგრძლივებული პნევმონია) და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"