ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ხოვლე
კატეგორიები
შიდა ქართლის ვაკეზე, მტკვრის ორივე მხარეს გაშლილ კასპის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კავკასიონის სამხრეთი განშტოებები, სამხრეთით — თრიალეთის ქედი. მის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი. თეძმის ხეობაში (სიგრძე 51 კმ) რამდენიმე კურორტი და საკურორტო ადგილია: ახალქალაქის (ზ. დ. 1040 მ) მაღალი მთის ჰავა სასუნთქი გზების დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება; გოსტიბე (ზ. დ. 1500 მ) ზოგადი გაჯანსაღებისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ არის რეკომენდებული; გარიყულა (ზ. დ. 470 მ) სასარგებლოა სასუნთქი გზებისთვის, რკონი (950 მ) კი _ ბავშვებისა და მოზარდების ზოგადი გაჯანსაღებისთვის. თეძმის ხეობის მარშრუტები, რომლებიც ხეობის რამდენიმე ისტორიულ ძეგლს მოიცავს, დიდი პოპულარობით სარგებლობს საფეხმავლო ტურების მოყვარულთა შორის. მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი საკურორტო ადგილი, სოფელი ხოვლე, უპირველესად თავისი ისტორიული ღირებულებით არის ცნობილი. სოფლის მახლობლად, ხოვლეგორაზე, მეცნიერებმა ძვ. წ. II-I ათასწლეულის ნამოსახლარს მიაკვლიეს. ხოვლე ართროლოგიური პროფილის ბალნეოლოგიური კურორტია, მის ტერიტორიაზე გოგირდიანი მინერალური წყლების რამდენიმე გამოსავალი არსებობს. გასული საუკუნის 80-იან წლებში აქ ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი ფუნქციონირებდა.
 
1. რკონი. თეძმის ხეობა
2. ქართლის სოფლებში არსებობს ქართული ჭიდაობის შეჯიბრების გამართვის ტრადიცია. საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ეს სანახაობა მუსიკალური აკომპანემენტის თანხლებით ტარდება.
3. ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე სოფელ ლამისყანაში. ამჟამად აქ კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალია.
 
მდებარეობა: შიდა ქართლის დაბლობი, მდინარე ხევხმელას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობა.
მანძილი: კასპიდან – 26 კმ, გორიდან – 30 კმ, თბილისიდან (ძეგვის გავლით) – 60 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 780 მ.
რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.
კლიმატი: დაბალი მთის, ზომიერად მშრალი ჰავა. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის
საშუალო ტემპერატურა –1,20C. ზაფხული თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 20,50C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 400-600 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2400 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდური, სულფატურ ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,8 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია. სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და ძვალ-სახსართა სისტემების, ასევე გინეკოლოგიური დაავადებები, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, ცისტიტი და ქრონიკული პროსტატიტი, ენდოკრინული სიმსუქნე.

 

ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.