ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ლაშიჭალა
კატეგორიები
ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. მდებარეობს კავკასიონის ქედის
სამხრეთით, ლეჩხუმის, ეგრისისა და რაჭის ქედების თავშეყრის ადგილას და მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. სახელწოდება ლეჩხუმი მეგრული "ჩხომი“-სგან (თევზი) უნდა იყოს ნაწარმოები. მრავალი ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებითგამორჩეული რეგიონი მნიშვნელოვანია რეკრეაციული თვალსაზრისითაც. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და გამოკვლეულია ლაშიჭალის, ალპანის, ახალჭალის, აღვი-ცაგერის, ლაძგვერიას, ძუღურის, უსახელოს და სხვა მინერალური სამკურნალო წყლები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ცაგერიდან 20 კმ-ში მდებარე კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლაშიჭალა გარშემორტყმულია ფოთლოვანი (წიფელი, მუხა) და წიწვოვანი (ფიჭვი, ნაძვი, სოჭო) ტყეებით დაფარული ლეჩხუმის ქედის ფერდობებით. აქ ათეული წლებია ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი კოტეჯები და სანატორიუმები სააბაზანო კორპუსითაა და დასასვენებელი ზონით. ბოლო წლებში მათ რამდენიმე საოჯახო სასტუმროც შეემატა. ლეჩხუმს სამეგრელოსგან ყოფს 10 კმ სიგრძისა და 7 კმ სიგანის ხვამლის მთა (ზ. დ. 2002 მ). კირქვებისგან აგებული კარსტული მასივის თხემიდან ნაქერალას ქედი, რაჭისა და ტყიბულის შემოგარენი, ლიხისა და აჭარა-იმერეთის მთებიც კი მოჩანს. ხვამლის ისტორია მითოლოგიიდან იღებს სათავეს: გადმოცემით, კოლხი მედეა აქ ამზადებდა თავის გრძნეულ წამლებს;
ქართული მითოლოგიური გმირი, ამირანი, ლეგენდის თანახმად, ხვამლის ერთ-ერთ ქვაბულში ყოფილა კლდეზე მიჯაჭვული... არქეოლოგებმა გამოქვაბულებში ქვის ხანის ადამიანის საცხოვრისები იპოვეს. მასივის სამხრეთის კედელზე 300 მ სიმაღლის ქარაფია, სადაც, მეცნიერთა ვარაუდით, მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სამალავი. ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილიც ადასტურებს, რომ ომიანობის დროს ხვამლის გამოქვაბულებს ქართველი მეფეები განძსაცავად იყენებდნენ. ამ განძის საძიებლად XX ს-ში მასივზე რამდენიმე ექსპედიცია მოეწყო, თუმცა უშედეგოდ. აღდგომიდან ორმოცდამეცხრე დღეს, სულთმოფენობის რელიგიურ დღესასწაულზე, მთაზე სახალხო ზეიმი `ხვამლის დღესასწაული იმართება.
 
1. ლაშიჭალა
2. მურის ციხე. ადრეფეოდალური ხანის თავდაცვით ნაგებობა ლეჩხუმში. შედგება სამი კოშკისგან: სათაო ციხე,
რომელსაც მარჯვედ დახვდი ჰქვია და აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე კოშკები - ჰკა მაგას და არ გაუშვა.
3. საირმის მეწყერი - კლდოვანი მასივი. მდებარეობს სოფლებს - ჭრებალოსა და ალპანს შორის.
4. ძუღური - კლიმატურბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი. აქაური მინერალური წყაროები
უნიკალურია იმით, რომ მრავალ სხვა დაავადებასთან ერთად ორგანიზმში შაქრის შემცველობას არეგულირებს.
5. მწვანე თეატრი ლეჩხუმში
6. ხვამლის მთა აღწერილი აქვს ფრანგ მწერალ-ფანტასტს ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში „ჯიუტი
კერაბანი" (1883 წ.).
 
მდებარეობა: ლეჩხუმის ქედის (მთავარი კავკასიონის სისტემა) სამხრეთ ფერდობი, მდ. ლაჯანურის ხეობა.
მანძილი: ცაგერიდან – 20 კმ, ამბროლაურიდან – 40 კმ, თბილისიდან (ამბროლაურის გავლით) – 340 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 800-900 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: დაბალი მთის ჰავა. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 20C. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 200C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1800-2000 მმ.
ჰაერის საშ. ფარდობითი ტენიანობა: 75%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900-2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-
კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1-5 გ/დმ3; 
დებიტი: 20 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული ანთებები, საყრდენ-მამოძრავებელი
აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.