ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ლებარდე
კატეგორიები
ლებარდე დასავლეთ საქართველოს შუაგულში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე კლიმატურ - ბალნეოლოგიური კურორტია. ასწლოვან წიწვოვან ტყეში ჩაფლული რკინით მდიდარი მინერალური წყაროების სამკურნალო თვისებები სასარგებლოა სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. აქ მიწის ზედაპირზე თვითდინებით ამოდის ნარზანის ტიპის რამდენიმე წყარო, რომლებიც ისევე, როგორც მრავალი სხვა მინერალური წყალი, მწყემსებს აღმოუჩინიათ. XX ს-ის 40-იანი წლებში, მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე მისასვლელი გზა ტეხურის ციცაბო ხეობას მიუყვებოდა და საშიში იყო, სეზონზე დამსვენებელთა რიცხი რამდენიმე ათასს აღწევდა. თავდაპირველად სამკურნალოდ და გასაჯანსაღებლად ჩასული მოაგარაკენი პატარა თავშესაფრებში - კარვებსა და მოწნულ სახლებში ცხოვრობდნენ. 1948-50 წლებში, საავტომობილო გზის გაყვანის შემდეგ აქ სამკურნალო დაწესებულებები და დასასვენებელი სახლები აშენდა. 1980-იან წლებში მინერალური წყლის მინის ბოთლებში ჩამოსხმაც დაიწყო, თუმცა 90-იან წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო აქ საკურორტო ინფრასტრუქტურა მოიშალა. ლებარდედან 4 კმ-ში მდინარე ლებარდე ტეხურს უერთდება. ტეხური სათავეს 2400 მ სიმაღლეზე, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ტეხურიშდუდთან იღებს. მისი კალაპოტი ულამაზესი კლდოვანი კანიონებითა და ქვაბულების სიუხვით გამოირჩევა, რაც იდეალურ პირობებს უქმნის ჯომარდობის მოყვარულთ. აღსანიშნავია ტეხურის მდიდარი იხტიოფაუნაც. აქ მრავლადაა სხვადასხვა სახეობის სარეწაო მნიშვნელობის თევზი: თეთრულა, ტობი, წვერა, ქაშაპი, მურწა... მდინარეში ბინადრობს კალმახიც, მაგრამ მასზე თევზაობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
 
1. გოჭკადილის ბუნების ძეგლი. სოფლებს - ინჩხსა და გაჭედილს (გოჭკადილს) შორის წინათ გაუვალი ტყე
ყოფილა, სადაც ყაჩაღები მგზავრებს უსაფრდებოდნენ. სწორედ ამიტომ მას ადგილობრივებმა ოფუცხოლე, ანუ
სწრაფად გასარბენი ადგილი უწოდეს.
 
2. დადიანებს სალხინოში, ტეხურის სანაპიროზე, დიდებული საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდათ. სასახლის გარდა რეზიდენციის ტერიტორიაზე 1782 წელს აშენებული ტაძარი და 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის
ღვინის მარანიც დგას, სადაც წლების განმავლობაში წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, ოჯალეშისგან დამზადებული ღვინოები ინახებოდა. დადიანების ფრანგმა სიძემ, აშილ მიურატმა, სალხინოში მეურნეობა გამართა, სადაც საფრანგეთიდან გამოწერილ ვაზის სხვადასხვა ჯიშებთან ერთად, გადაშენების გზაზე მდგარი ადგილობრივი ოჯალეშის კულტივირებას მიჰყო ხელი. სალხინოში დამზადებული „ოჯალეში“ მიურატს პარიზში გაუგზავნია საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც მას უმაღლესი ჯილდო, გრან-პრი მიუღია.
 
მდებარეობა: სამეგრელოს ქედის სამხრეთი ფერდობის განშტოება, მდ. ლებარდეს (ტეხურის შენაკადი) ხეობა.
მანძილი: თბილისიდან (ჩხოროწყუს გავლით) – 340 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1600 მ.
კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -40C. მდგრადი თოვლის საფარი ნოემბრიდან მაისამდე. ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 15,40C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 2000-2050 მმ.
ჰაერის წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.
მზის ნათების ხანგრძლივობა: 2150-2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, კალციუმიანნატრიუმიანი (ან ნატრიუმიან-კალციუმიანი) (ნარზანის ტიპის) და რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,6 გ/დმ3;
დებიტი: 40 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია. სამკურნალო ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, საშარდე სისტემის დაავადებები,
მეორეული ანემია, სასუნთქი გზების დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.