ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი მესტია
კატეგორიები
ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარე, მთებით გარშემორტყმული მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. რეგიონის ცენტრთან, ზუგდიდთან, მას აკავშირებს 145-კილომეტრიანი გზა, რომელიც სვანეთის კავკასიონის თვალწარმტაც ქედებს შორის, ხეობებშია გაჭრილი. მაღალმთიანი მხარისთვის ამ გზას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სვანეთში ცივი და უხვთოვლიანი ზამთარი იცის. საუკუნეების განმავლობაში მესტიისკენ მიმავალი ერთადერთი გზა ნოემბრის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე თოვლით იფარებოდა, რის გამოც სვანეთი თვეობით იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს. ძნელად მისადგომი ზემო სვანეთი ძველად საქართველოს განძთსაცავის ფუნქციას ასრულებდა. ომიანობის დროს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ საეკლესიო თუ საერო ნივთებს მთებში საგულდაგულოდ მალავდნენ. ასე შემოინახა სვანეთმა უნიკალური ხატები, უძველესი ხელნაწერები და სხვა რელიკვიები, რომლებიც დღეს სვანეთის ეკლესიებსა და მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. სვანეთისა და ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი უშგული ზღვის დონიდან 2060-2200 მეტრზე მდებარეობს. უშგულის თემი ოთხი სოფლისგან შედგება: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში. ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შესული ჩაჟაში მუზეუმად არის გამოცხადებული, რადგან მის ტერიტორიაზე უნიკალური არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა - 30-ზე მეტი ტრადიციული სვანური კოშკია შემორჩენილი. სოფლის სამხრეთით დგას XII-XIII საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელიც უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. უშგულის ზემო, ჩრდილოეთ ნაწილში ღვთისმშობლის (სვანურად - ლამარიას) ტაძარია, საიდანაც გზა მთა შხარასკენ მიემართება. სვანეთის კავკასიონზე ზამთარ-ზაფხულ თოვლით დაფარული მრავალი მწვერვალია. მათ შორის გამოირჩევა შხარა (საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი, ზ. დ. 5203 მ), თეთნულდი (ზ. დ. 4858 მ) და უშბა. ორთავიანი უშბა (სამხრეთის მწვერვალის სიმაღლე _ 4700 მ, ჩრდილოეთის - 1690 მ) სხვებზე მაღალი არ არის, მაგრამ სირთულის უმაღლესი კატეგორია აქვს მინიჭებული. ოცამდე წარუმატებელი ასვლის შემდეგ ჩრდილოეთ პიკზე პირველად 1888 წელს ინგლისელები ავიდნენ, ხოლო სამხრეთზე1903 წელს გერმანელი, შვეიცარიელი და ავსტრიელი ალპინისტების ერთობლივი ექსპედიცია განხორციელდა (ცნობილია, რომ შემდგომ წლებში (1934 წლამდე) კიდევ 60-ჯერ შეეცადნენ უშბაზე ასვლას, მაგრამ მათგან მხოლოდ 4 დამთავრდა წარმატებით). ხანგრძლივი თოვლის საფარი ძვირფასი რეკრეაციული რესურსია და სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ამის გათვალისწინებით, მესტიიდან 7 კილომეტრში, ჰაწვალზე, 2010 წელს სამი სათხილამურო ტრასა აიგო, მათ შორის ერთი, 2 950 მეტრის სიგრძის ტრასა, სპორტული შეჯიბრებებისთვის არის განკუთვნილი.
 
1. მესტია და უშბა. კოშკების უმრავლესობა XII-XIII სს-შია აგებული.
2. ზემო სვანეთში დღემდეა შემორჩენილი უძველესი ტრადიციები და წესჩვეულებები. სახალხო დღეობა
ლამპრობა თებერვლის პირველ რიცხვებში აღინიშნება -  ამ დღისთვის არყის ხისგან იმდენი ლამპარი
მზადდება, რამდენი მამაკაციც არის ოჯახში. სიბნელეში ცეცხლის მწკრივი, რომელიც ღამით თითქმის
ერთდროულად გამოდის ყველა სახლიდან, სოფლის შუაგულში ერთდება. ამ ღამეს მლოცველები წმნიდა გიორგის ოჯახის სიმრავლესა და კარგად ყოფნას შესთხოვენ.
3. უშგულის თემის სოფლები, ლამარიას ტაძარი და შხარა. უშგული ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი
დასახლებაა.
4. ჰაწვალი. ახალი სამთო-სათხლამურო კურორტი საქართველოში.
5. თეთნულდი - სვანეთის სამი ყველაზე ცნობილი მწვერვალიდან ერთ-ერთი.
 
მდებარეობა: მესტიის ქვაბული, მდინარეების - მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირები.
მანძილი: ზუგდიდიდან – 145 კმ, თბილისიდან – 465 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1500-1550 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა
-60C. ზაფხული ხანმოკლე, გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 16,40C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 960 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული (და ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული) კალციუმიან-ნატრიუმიანი (და კალციუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-2,5 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, ქრონიკული გასტრიტები და რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტი).
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"
ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.