გუჯარეთი - მდინარე გუჯარულას ხეობა - საქართველოს ისტორიული მხარეა, რომელზეც ჯავახეთისა და თრიალეთის შიდა ქართლთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზები გადიოდა. ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში დასახლებული გუჯარეთის ხევიდან XVI საუკუნის ბოლოს, ისე როგორც მთელი სამხრეთ საქართველოში, მოსახლეობამ ქვეყნის შიდა რეგიონებს შეაფარა თავი. უკან ისინი მხოლოდ XIX საუკუნის 30-იანი წლებში დაბრუნდნენ, როცა 1829 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად საქართველო და მისი ისტორიული მხარეები, მათ შორის გუჯარეთი, ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლდა. მიტარბულა გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადია. მის ნაპირას, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდებარეობს ბორჯომის ჯგუფის საკურორტო ადგილი მიტარბი. ბორჯომიდან 25 კილომეტრით დაშორებულ მაღალმთიან სოფელში საკურორტო ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს, თუმცა ცნობილი და პოპულარულია იქ არსებული მინერალური წყაროები, რომლებსაც გამოკვეთილი საგემოვნო და სამკურნალო თვისებების აქვთ. მიტარბის წყალი მილებით მიყვანილია წაღვერამდე, სადაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან წარმოებდა წყლის სარეალიზაციოდ ჩამოსხმა. 80-იან წლებში მიტარბში სამთო-სათხილამურო კურორტის გაშენება იგეგმებოდა. ამისთვის იქ შესაფერისი ბუნებრივი პირობები - მდგრადი თოვლის საფარი და საჭირო დაქანების ფერდობები არსებობს. რამდენიმე წელი ტრასაც კი ფუნქციონირებდა, თუმცა მაშინ პროექტი არ განხორციელდა. კოხტა-მიტარბის სამთოსათხილამურო და ტურისტული კომპლექსის განვითარების გეგმა დღესაც აქტუალურია.
1. წეროს ტბა. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დაბაძველის ლავურ პლატოზე,
ზღვის დონიდან 1808 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ2, აუზის ფართობი 0,62 კმ2, უდიდესისიღრმე 6,6 მ. წყალი მტკნარი და სუფთაა. ტბაში თევზი არ ბინადრობს.
2. პანორამების ბილიკი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. პარკში 11 საფეხმავლო ბილიკია. ბუნებრივი
პირობები - მთები, ჰავა და პარკის სიახლოვე -გუჯარეთის ხეობასაც მიმზიდველს ხდის ჰაიკინგის მოყვარულებისთვის.
მდებარეობა: ბორჯომის ხეობა, მდ. მიტარბულას სანაპირო. მოიცავს ორ სოფელს (დიდი და პატარა მიტარბი).
სიმაღლე ზღვის დონიდან: დიდი მიტარბი - 1480 მ, პატარა მიტარბი - 1300 მ.
მანძილი: ბორჯომიდან – 25 კმ, თბილისიდან – 175 კმ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი), გარდამავალი კონტინენტურ-სუბტროპიკულიდან ზღვის
სუბტროპიკულზე. დიდ მიტარბში ზამთარი ზომიერად ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,90C; პატარა
მიტარბში ზამთარი ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3,10C. ორივე სოფელში ზამთრის პერიოდში აღინიშნება მდგრადი თოვლის საფარი. ზაფხული გრილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დიდ მიტარბში 180C, პატარა მიტარბში 18,20C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 800 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2050-2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, კალციუმიანნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8-4,2 გ/დმ3; დებიტი: 100-110 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, მათ შორის ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი და ენტეროკოლიტი.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"