ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ნასაკირალი
კატეგორიები
საკურორტო ადგილი ნასაკირალი ოზურგეთიდან 10 კმ-ში, მდინარე სუფსის ხეობაში მდებარეობს. ადრე ამ ადგილებში კირს მოიპოვებდნენ. სახელი ნასაკირალი სწორედ აქედან წარმოიშვა. XX ს-ის 20-იან წლამდე სოფლის ტერიტორია დაფარული ყოფილა უნიკალური ძელქვის ტყით, რომელსაც გურიის აჯანყYების დროს აქაური ყაჩაღები (ფირალები) აფარებდნენ თავს. 1929 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ძელქვის ტყეები გაიჩეხა და მის ადგილზე ჩაისა და ციტრუსის პლანტაციები გაშენდა. მალე ნასაკირალი მრავალეროვანი მოსახლეობით გამორჩეული, კომპაქტურად დასახლებული დაბა გახდა, სადაც ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ პოლონელები, ჩინელები, გერმანელები, უკრაინელები. მოგვიანებით აქ მთიანი აჭარიდან სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა და შუა აზიაში მცხოვრები თურქი-მესხები ჩამოასახლეს.
1950-იანი წლებიდან იწყება ნასაკირალის, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის ისტორია. მის ტერიტორიაზე
არსებული მინერალური წყლების სამკურნალო თვისებების დადგენის შემდეგ აქ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო: 100 პაციენტზე გათვლილი სანატორიუმის ტიპის დაწესებულება და მწვანეში ჩაფლული კოტეჯები დამსვენებლებს ვერ იტევდა. ტერიტორიაზე ჭაბურღილების საშუალებით ათვისებული სამი წერტილი იყო, საიდანაც წყალი მუდმივად მოედინებოდა. თითოეულს სხვადასხვა ფუნქცია და დანიშნულება ჰქონდა: ორი აბაზანებისთვის იყო განკუთვნილი, ერთი - სასმელად. მინერალური წყლები ამ ადგილებში ისევ ამოდის, თუმცა მისი სათანადოდ გამოყენება ვერ ხერხდება.
 
1. მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1940 მეტრზე მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი კლიმატური კურორტი - გომისმთა. კურორტის ჰავა რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ. კურორტიდან რამდენიმე კილომეტრში ჭინჭაოს ტბაა, რომლის მიდამოებში თითქმის მთელი წლის განმავლობაში არ დნება თოვლი. გომისმთაზე ზამთრის კურორტის აშენება იგეგმება.
 
2. გურიის ყოფის ამსახველ ეთნოგრაფიულ ნივთებს შორის აღასნიშნავია ჩიჩილაკი - ნაყოფიერებისა და ბარაქიანობი სიმბოლო, რომელიც შობა-ახალ წელს - კალანდობას - გურულების სუფრას ამშვენებს. საშობაო ხე მზადდება თხილის ჯოხისგან, რომელსაც უამრავ ანათალს, ე. წ. `ბასილის წვერებს უკეთებენ. ნათლისღების წინ ჩიჩილაკს წვავენ და სიმბოლურად მის ფერფლს ძველი წლის უსიამოვნო ამბებს ატანენ.
 
მდებარეობა: კოლხეთის დაბლობის ქვემო ნაწილი, ნასაკირალის სერი.
მანძილი: თბილისიდან – 315 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან: 200 მ.
კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,30C. ზაფხული ძალიან თბილი და ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 21,80C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1880 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1800-1900 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად სულფიდური, ქლორიდულ- ნატრიუმიანი მინერალური
სუბთერმული და ჰიპოთერმული წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8 - 7,8 გ/დმ3; 
დებიტი: 500 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).
სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სიტემისა და გინეკოლოგიური
პროფილის დაავადებები. კუჭის ქრონიკულ დაავადებებისას რეკომენდებულია წყლის სასმელად გამოყენება.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.