დაახლოებით 10 მილიონი წლის წინათ, კაინოზოურ ხანაში, მთელ ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად
იყო გადაჭიმული ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტი. კოლხეთის დაბლობზე გავრცელებული მცენარეულობა სწორედ ამ ლანდშაფტის ნაშთია. უნიკალური ეკოსისტემის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით
1999 წელს შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოს ორი ისტორიული მხარის -სამეგრელოსა და გურიის ნაწილს მოიცავს. პარკის მთავარი ობიექტია პალიასტომის ტბა, რომელსაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ფუნქცია აკისრია. ტბის მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრს არ აღემატება, ფსკერი კი წყალმცენარეებითა და ტორფით არის დაფარული. XX ს-ის 20-იან წლებამდე ზღვის დონიდან 3 მეტრით დაბლა მდებარე ტბა მტკნარი ყოფილა. მასში ოთხ ათეულზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობდა. 1924 წელს პალიასტომი არხით შავ ზღვას შეუერთეს. დროთა განმავლობაში, ძლიერი ზვირთცემის შედეგად, არხი გაფართოვდა და ტბის წყალი დამლაშდა, რის გამოც თევზების მთელი რიგი პოპულაციები განადგურდა, თუმცა ტბაში ახლაც ბინადრობენ საქართველოს იხტიოფაუნის ისეთი იშვია-
თი სახეობები, როგორიცაა ფარგა და შავი ლოქო. მრავლადაა ქარიყლაპია, კაპარჭინა, კობრი, ქაშაპი და სხვ. პარკის ადმინისტრაციის სპეციალური ნებართვით ტბაზე თევზაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პალიასტომი მრავალი სახეობის ფრინველის საბინადროა. აქ ბუდობს: გარეული გედი, რუხი ბატი, სხვადასხვა სახეობის იხვი, ჩვამა, წერო, ყანჩა, ხონთქრის ქათამი, ჭაობის თეთრყელა არწივი... ტბაზე გადამფრენ ფრინველთა საემიგრაციო ზოლი გადის, ამიტომ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მიდამოები ფრთოსანთა გუნდებით ივსება, რაც იდეალურ პირობებს უქმნის ბერდვოჩინგის მოყვარულებს. მათთვის აქ სპეციალური
სათვალთვალო კოშკებია აგებული. ტბის მიდამოები ფრინველზე მონადირეთა საყვარელი ადგილებია.
პალიასტომზე, სანადირო და სათევზაო აღჭურვილობას - თან ერთად, მონადირეებისა თუ მეთევზეებისთვის რეკომენდებულია ჭაობის თხილამურები. პარკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფოთის ცენტრიდან 4 კმ-ში, ზღვასა და ტბას შორის, პატარა ნახევარკუნძულზე მდებარეობს კლიმატური კურორტი მალთაყვა, რომლის რბილი და ნოტიო ზღვისპირა ჰავა, მაგნეტიტით მდიდარი პლაჟი და დაბალფსკერიანი სანაპირო სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
1. პალიასტომის სამხრეთ ნაწილში წყლის ქვეშ ძველი ნაეკლესიარია. აქ ხშირად ისვენებენ ფრინველები. საინტერესოა, რომ ისინი ყოველთვის კენტად სხდებიან - ერთი, სამი ან ხუთი.
2. კოლხეთის ეროვნული პარკი, ანაკლიის მიმდებარე ტერიტორია. პარკი 28571 ჰა
ხმელეთის ნაწილსა და 15742 ჰა ზღვის
აკვატორიას მოიცავს.
მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი.
მანძილი: ზუგდიდიდან – 70 კმ, თბილისიდან – 320 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1-2 მ.
რელიეფი: ვაკე. პლაჟი იმდენად სუსტი დაქანებისაა, რომ ზღვის სიღრმე რამდენიმე ათეულ მეტრის მანძილზე 1-1,5 მ-ს არ აღემატება.
კლიმატი: ნოტიო, სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,70C. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,50C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1780-1850 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100-2180 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა რბილი ნოტიო ჰავა, ზღვა და პლაჟი.
მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, ქვიშის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: ძვალ-სახსართა და ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, სასუნთქი ორგანოების არატუბერკულოზური და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციური დაავადებები, მეორეული ანემია.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"