ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სოხუმი
კატეგორიები
აფხაზეთის მთავარი კურორტი სოხუმი შავი ზღვის სანაპიროს ულამაზეს ყურეში, მდინარეების – გუმისთისა
და კელასურის შესართავებს შორის მდებარეობს.
 
ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. ძველი ბერძნული მითი არგონავტების
შესახებ მოგვითხრობს იაზონის თანმხლებ ტყუპზე –კასტორსა და პოლიდევკესზე, რომლებსაც ახლანდელი
სოხუმის ადგილას ქალაქი დიოსკურია (ბერძნ. "ტყუპების ქალაქი") დაუარსებიათ. 
 
ეს ქალაქი მართლაც არსებობდა და დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ზღვამ შთანთქა. მისი ნანგრევები XX საუკუნის შუა წლებში აღმოაჩინეს სოხუმის აკვატორიაში. დიოსკურიის მიმდებარე
ტერიტორიაზე ისევ აშენებულა ქალაქი, რომელსაც ძველი ქართული წყაროებით „ცხუმი/ცხომი"
("რცხილა") ეწოდებოდა;
 
 მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე მდებარე ცხუმს რომაელმა დამპყრობლებმა "სებასტოპოლისი" უწოდეს, თურქებმა კი `ცხუმი" "სუხუმ"-ად მონათლეს. სწორედ თურქულიდან გავრცელდა
სახელი "სუხუმ" სხვა ენებში.
 
სოხუმის სუბტროპიკული კლიმატი მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას განაპირობებს. აქ გავრცელებულია როგორც შავი ზღვისპირა კლიმატისთვის დამახასიათებელი სუბტროპიკული ფოთლოვანი (პალმა, მაგნოლია, ევკალიპტი, დაფნა), ისე წიწვოვანი (კვიპაროსი, კედარი, ფიჭვი და სხვ.) მცენარეულობა, ხეხილისა და ციტრუსის ბაღები, ეგზოტიკური ნარგავები: ტუია, ჰიმალაის კედარი და ფეიხოა. ქალაქის პარკებში უამრავი ვარდია, მიმოზა და აკაცია ზამთარშიც კი ყვავის.
 
სოხუმის მთავარ ღირსშესანიშნაობას, ბოტანიკურ ბაღს, საფუძველი 1838 წელს ჩაეყარა. დროთა განმავლობაში აქ მცენარეების 4500-ზე მეტმა სახეობამ მოიყარა თავი. გარდა 1200-მდე იშვიათი სახეობის სუბტროპიკული ნარგავისა, ბაღში 350 სახეობის ორანჟერეისა და 50 სახეობის წყლის მცენარე ხარობს. პარკის სიამაყეა სამხრეთამერიკული სპილოს პალმების, იგივე იუბეას ხეივანი.
 
ბოტანიკური ბაღის ჩრდილოეთით მდებარეობს 1927 წელს დაარსებული ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი - მაიმუნთსაშენი, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის სამეცნიერო ექსპერიმენტი ტარდებოდა. 
 
1977 წელს ინსტიტუტის შესასვლელთან მაიმუნის ძეგლი დადგეს. ასე აღინიშნა საშენის ბინადრების ღვაწლი ტიფთან, პოლიომიელიტთან, კიბოსთან და სხვა საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში.
 
კურორტი სოხუმი
მდებარეობა: მდინარე ბესლეთის ხეობა.
მანძილი: თბილისიდან – 444 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 3 მ.
კლიმატი: ზღვისპირა, ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი ძალიან რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,80ჩ. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,80ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა:1550 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 70%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2120 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სოხუმიდან ჩრდილოეთით 4 კილომეტრზე, მდინარე ბესლეთის ხეობაში ამოდის ორი ტიპის თერმული მინერალური წყლები (35,50ჩ – 420ჩ): მეთანიანი, სულფიდური, ქლორიდულნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 11-29 გ/დმ3 და აზოტიანი, სულფიდური, ქლორიდულ-სულფატური და ჰიდროკარბონატულქლორიდულ-სულფატური, მაგნიუმიან-კალციუმიანი  და კალციუმიან-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,2-1,7 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, სასუნთქი გზების, ძვალ-სახსროვანი სისტემის, ასევე გინეკოლოგიური დაავადებები.
 
დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.