სამკურნალო წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტი საირმე გარშემორტყმულია მრავალ ჰექტარზე გადაჭიმული წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, სადაც უხვად არის ფიჭვის, ნაძვის, წიფლის, ცაცხვისა და წაბლის ასწლოვანი ხეები. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, საირმის წყაროები დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულ მონადირეებს აღმოუჩენიათ. იმ ადგილზე, სადაც ირმის ჯოგები ხშირად იყრიდნენ თავს, ჟანგით გაწითლებულ ქვებზე წყარო მიედინებოდა, გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმების წყაროდან დაახლოებით 5 კმ-ის მოშორებით მწყემსებმა შეამჩნიეს კიდევ ერთი უცნაური ადგილი, სადაც ბალახი მუდამ მწვანე იყო, თოვლი სწრაფად დნებოდა, ხოლო წვიმის შემდეგ მიწა რამდენიმე წუთში შრებოდა. როგორც გაირკვა, ამ საოცრების მიზეზი იყო თერმული აზოტიან-მეთანიანი, სუსტად სულფიდური მინერალური წყალი, რომელიც 1920-იან წლებში აღმოაჩინეს გეოლოგებმა, ადგილს კი უდაბნო დაარქვეს. საირმის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები XIX საუკუნის 90-იან წლების წყაროებში გვხვდება, მინერალური წყლების მეცნიერული შესწავლის პირველი მცდელობა კი ექიმ კელენჯერაძის სახელს უკავშირდება. 1912 წელს ჯერ კიდევ სტუდენტმა გაბრიელ კელენჯერაძემ საირმეში აღებული ნიმუშები პეტერბურგში წაიღო გამოსაკვლევად. აღმოჩნდა, რომ წყალი სამკურნალო თვისებებით არაფრით ჩამოუვარდებოდა იმ დროისთვის უკვე სახელგანთქმულ სხვა მინერალურ წყლებს. XX საუკუნის 30-იან წლებში საირმეს ოფიციალურად მიენიჭა კურორტის სტატუსი. აშენდა სანატორიუმები, გაიმართა საკურორტო ინფრასტრუქტურა, გაკეთდა საავტომობილო გზა, რომლითაც კურორტი ბაღდათს დაუკავშირდა. ამ პერიოდში
(1945 წ.) დაიწყო საირმის წყლის ქარხნული წესით ჩამოსხმაც.
1. საირმის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა სასტუმრო `საირმე. დასასვენებელი კომპლექსი 150 ნომრისგან შედგება და ერთდროულად 390 დამსვენებლის მიღება შეუძლია.
2. საირმის სვეტი - ვულკანოგენური ქანებით აგებული უნიკალური შთენილი. სიმაღლე - 30 მ, დიამეტრი - 12 მ.
მდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ჩრდილოეთი კალთა, მდინარე
წაბლისწყლის ხეობა.
მანძილი: ბაღდათიდან – 25 კმ, ქუთაისიდან – 55 კმ. თბილისიდან – 255კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1100 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: სუბტროპიკული სარტყლის საშუალო მთის (ქვედა სარტყელი) ტყიანი ზონის. ზამთარი ზომიერად
ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -30ჩ. ზაფხული ზომიერად თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა17,80ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1000-1100 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 80%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1273-1459 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა; ნახშირმჟავა, კაჟიანი, ბორიანი,
რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,7-9,9 გ/დმ3 და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან- მაგნიუმიანი, კაჟიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,4-3,0 გ/დმ3;
დებიტი: 50 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გინეკოლოგიური და უროლოგიური პროფილის დაავადებები, თირკმლების, კუჭნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის დაავადებები, ღვიძლისა და სანაღველე გზების სხვადასხვა ეტიოლოგიის
ქრონიკული და ანთებითი დაავადებები, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"