ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი სულორი
კატეგორიები
ბალნეოლოგიური კურორტი სულორი ვანის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან 11 კმ-ში, მდინარე სულორის
(რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე მდებარეობს. ამ პატარა, 15 კმ სიგრძის მდინარეს მხოლოდ ორი შენაკადი აქვს, აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც - „სულ ორი“. კურორტსაც მდინარის სახელი ჰქვია. სულორის მინერალური წყლების აღმოჩენის ამბავს ხალხური თქმულება გადმოგვცემს: თურმე ზამთარში, როცა არემარე თოვლით იყო დაფარული, მონადირეებს მდინარის ნაპირიდან მოშორებით ორთქლი შეუნიშნავთ. ახლოს მისულებს აღმოუჩენიათ, რომ კლდის ძირას თბილი წყლის ნაკადული ჩამოდიოდა. გაზაფხულზე იმ ადგილას დავრდომილი ახალგაზრდა მიუყვანიათ და თბილ წყალში ჩაუსვამთ. რამდენიმე აბაზანის მიღების შემდეგ ავადმყოფი ფეხზე დამდგარა. სასწაულებრივი განკურნების ამბავი ელვასავით მოსდებია მთელ სოფელს. საბჭოთა პერიოდში ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი სულორი სეზონზე ასეულობით დამსვენებელს მასპინძლობდა. დასასვენებელი სახლი აქ დღესაც ფუნქციონირებს.
 
მდინარეების სულორისა და რიონთან შესართავთან ახლოს მდებარეობს ანტიკური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ვანის ნაქალაქარი. ძვ. წ. VIII_I სს-ში ქალაქ ვანს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონია ბერძნულ სამყაროსთან. არსებობის პირველ ეტაპზე (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი კოლხეთის სამეფოს ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრი და მმართველი ფენის რეზიდენცია ყოფილა, მეორე პერიოდში (ძვ. წ. III-I სს.) კი - დიდი სატაძრო ცენტრი. გათხრების შედეგად აღმოჩენილია საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობები, გალავნის კედელი, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი, საკულტო-რიტუალური დანიშნულების ქანდაკებები, ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა, მდიდრული სამარხები, ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები: დიადემები, სამაჯურები, ყელსაბამები, საყურეები, სასაფეთქლეები, ჰერალდიკური გამოსახულებები და თასები.
ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის ტერიტორია დაახლოებით 8,5 ჰექტარს მოიცავს.
 
1.  ვანში მოპოვებული ოქროს სასაფეთქლე. ძვ. წ. 350 წ. ოქრომრავალი კოლხეთი -ასე მოიხსენიებენ ანტიკური წყაროები კოლხეთის სამეფოს.
 
მდებარეობა: კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.
მანძილი: ქუთაისიდან – 30 კმ, თბილისიდან – 250 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 180-200 მ.
რელიეფი: ვაკე.
კლიმატი: ტენიანი, სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 50ჩ. ზაფხული ძალიან თბილი, ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 230ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1350 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: აზოტიანი, სუსტად სულფიდური, კაჟიანი, სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,6 გ/დმ3. წყლის
ტემპერატურა 350ჩ.
მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვ-
თა, კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.