ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი წაღვერი
კატეგორიები
დაბა წაღვერი ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კმ-ში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე,
მდინარეების გუჯარეთისწყლისა (გუჯარულას) და ბაკურიანის შერთვის ადგილას მდებარეობს. დაბას გარშემო წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) დაფარული მაღალი მთები აკრავს. ტყეთა მასივებიდან გამორჩეულია მარიჯანისა  და არჯევანიძის ტყეები. მარიჯანის ტყეს  სახელი ცნობილი პოეტი ქალის, მარიამ ტყემალაძის (მარიჯანი მისი ფსევდონიმი იყო) პატივსაცემად დაერქვა -  მას წაღვერში ჰქონია აგარაკი, რომელსაც ქართული კულტურის ცნობილი მოღვაწეები სტუმრობდნენ; `არჯევანიძის ტყე  კი იმ საზოგადო მოღვაწის სახელს ატარებს, რომელმაც წაღვერში 1910 წელს პირველი სკოლა დააარსა. ისევე როგორც თემის დანარჩენი სოფლები  დაბა, ტიმოთესუბანი და მზეთამზე   წაღვერსაც კლიმატური კურორტის სტატუსი აქვს. მის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს წარმოადგენს დაბლობისა და მაღალი მთის კლიმატს შორის გარდამავალი ჰავა, წიწვნარის სურნელით გაჟღენთილი ზომიერად ტენიანი სუფთა ჰაერი და სხვადასხვა მინერალებით მდიდარი სამკურნალო წყლები. წაღვერი საბავშვო კურორტია, თუმცა აქაურობა სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გამო მაღალი მთის კლიმატს ვერ ეგუება. XIX ს-ის ბოლოს, ბორჯომში საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, წაღვერის ბუნებრივი პირობებითაც დაინტერესდნენ. კურორტის სამკურნალო ფაქტორები პირველად თბილისის გუბერნიის მინერალური წყლების სამმართველოს უფროსმა, ექიმმა ადოლფ რემერტმა გამოიკვლია და 1867 წელს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას წაღვერის კლიმატისა და მისი მინერალური წყლების შესახებ მოხსენება წარუდგინა. XX საუკუნის დასაწყისში აქ საკურორტო ინფრასტრუქტურის პირველი ჩანასახები გაჩნდა, აშენდა რკინიგზის სადგური, აფთიაქი, სავაჭრო დუქანი, პატარა თონე, საზაფხულო თეატრი. 1933 წელს დაბაში ამოქმედდა დედათა და ბავშვთა პანსიონატი კეჩხობი. სანატორიუმი დღესაც ფუნქციონირებს და წელიწადის ოთხივე დროს იღებს დამსვენებლებს.
 
1. ხაშურ-ბორჯომის რკინიგზის მონაკვეთის გაყვანის შემდეგ, 1897 წელს, რომანოვებმა ახალი
ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის - ბორჯომი-ბაკურიანის მშენებლობა წამოიწყეს. მშენებლობის პროცესში კურორტ წაღვერთან საჭირო გახდა ხიდი, რომელიც მიხეილ რომანოვმა ალექსანდრ გუსტავ-ეიფელს შეუკვეთა. დიდი ფრანგი არქიტექტორის მიერ კონსტრუირებული ნაგებობა საქართველოში 1902 წელს
ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე გადეს. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისთვის საგანგებოდ ინგლისიდან ჩამოიყვანეს „პორტერის“ ტიპის ორთქლმავალი -  „კუკუშკა“. მართალია, 1967 წლიდან პატარა
ორთქლმავალი ელექტრომატარებელმა შეცვალა, თუმცა ჩვეულებისამებრ ხალხი მასაც კუკუშკას ეძახის.
2. ეკო-კოტეჯები ტიმოთესუბანში, წაღვერიდან 3 კმ-ში.
 
მდებარეობა: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი, მდ. გუჯარეთისწყლის ხეობა.
მანძილი: ბორჯომიდან – 20 კმ, თბილისიდან – 170 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1020-1050 მ.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, საკმაოდ თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3,50C. ზაფხული ზომიერად თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 18,30C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 585 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 საათი.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რკინის შემცველობით 45 მგ/დმ3-მდე, საერთო მინერალიზაციით 3-5 გ/დმ3;
დებიტი: 34 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, სეირნობა, ტერენკური), მინერალური წყლის მიღება (დალევა).
სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები, ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი და ენტეროკოლიტი, შაქრიანი დიაბეტი, რკინადეფიციტური ანემია.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.