ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ცემი
კატეგორიები
მდინარე მტკვრის ხეობას სოფელ აწყურიდან (სამხრეთ-დასავლეთი) ტაშისკარამდე (ჩრდილოეთ აღმოსავლეთი) ბორჯომის ხეობა ეწოდება. მესხეთისა და თრიალეთის ქედების ფერდობებზე, ზღვის დონიდან 800-დან 1800 მეტრამდე გაშლილი ხეობის სიგრძე დაახლოებით 60 კმ-ია და ისტორიულად თორის სახელწოდებით არის ცნობილი. ერთ დროს ხალხმრავალი თორი XVI საუკუნის ბოლოს სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. მოსახლეობა აიყარა და ზემო ქართლსა და იმერეთს შეეხიზნა. მხოლოდ ორი საუკუნის შემდეგ, ხეობიდან დამპყრობთა განდევნის შემდეგ დაიწყო მისი ხელახალი დასახლება. XIX საუკუნის 50-60 წლებში თორის ტერიტორიაზე ზემო იმერეთიდან და ქართლიდან წამოსული 205 კომლი დასახლდა. 1871 წელს ეს ტერიტორია დიდი მთავრის, მიმიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საუფლისწულო მამული გახდა და აქ საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყო. 1918 წლის 7 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ბორჯომის ხეობა სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა; საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი, 1921 წლის 20 მაისის დეკრეტით მას სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი მიენიჭა. ცემი და პატარა ცემი ბორჯომის ჯგუფის კურორტებია. ორივე მდინარე ბაკურიანისწყლის (მტკვრის აუზი) მარცხენა მხარეს მდებარეობს. ბორჯომიდან ერთი 15 კილომეტრით არის დაშორებული, მეორე - 21 კმ-ით. ორივე ცემი საშუალო მთის კლიმატური კურორტია. მათ გარშემო წიწვოვანი ტყეებია გავრცელებული. შესაბამისად, საუკეთესო სამკურნალო პერიოდად ითვლება მაისი, როცა ფიჭვი და ნაძვი ყვავილობას იწყებს და ჰაერში უხვად მიმოიფანტება მცენარეთა მტვერი, რაც დადებითად მოქმედებს სასუნთქი გზების დაავადებებზე. ცემში პირველი დასასვენებელი კერა - ბავშვთა გამაჯანსაღებელი სანატორიუმი პატარა ცემი - 1904 წელს გაიხსნა. ამ საქმის მოთავე იყო ცნობილი ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ღამბაშიძე. საბჭოთა პერიოდში ცემში რამდენიმე სანატორიუმი და ბავშვთა დასასვენებელი კომპლექსი ფუნქციონირებდა. დღეს მათგან მხოლოდ ერთი, მზიური  მოქმედებს, მაგრამ ეს ფაქტი პრობლემას არ უქმნის ცემში დასვენების მსურველებს, რადგან ვიზიტორებს კეთილმოწყობილი სასტუმრო სახლები არანაკლებ მყუდრო გარემოსა და კომფორტს სთავაზობენ.
 
1. კურორტი ცემი. ბორჯომის ხეობაში მრავალი კლიმატური და კლიმატურბალნეოლოგიური კორორტი და
საკურორტო ადგილია, რომლებიც მოიცავს მთლიანად ბორჯომისა და,
ნაწილობრივ, მის მოსაზღვრე - ქარელის, ხარაგაულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს. ეს კურორტები
ბორჯომის ჯგუფის კურორტებად მოიხსენიება. ჯგუფში ერთიანდება: ბორჯომი, ახალდაბა, ბაკურიანი,
ცემი, ციხისჯვარი, ჩითახევი, ქვიშხეთი, სურამი, ტბა, ციხისჯვარი, ტიმოთესუბანი, წაღვერი, სადგერი,
ლიბანი, მზეთამზე, მიტარბი, ფლატე, ვარდევანი...საკურორტო ზონის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბორჯომის ხეობის მდიდარი მცენარეული საფარი. ხეობის 2/3 დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, სადაც მცენარეთა 1600-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. უმთავრესად წარმოდგენილია წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი და სოჭი), ფოთლოვანი (წიფელი, ნეკერჩხალი, მუხა და არყის ხე) და შერეული ტყეები. ზ.დ. 2100-2200 მ-ზე ტყეებს ცვლის სუბალპური მდელოები, რომლებიც სათიბ-საძოვრად გამოიყენება.
 
მდებარეობა: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი, სადგერის პლატო.
მანძილი: ბორჯომიდან – 15 კმ თბილისიდან – 170 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1120 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, საკმაოდ თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -4,20C. ზაფხული თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 180C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 550 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ბრონქული ასთმა, ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.