ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ციხისძირი
კატეგორიები
ზღვისპირა კლიმატური კურორტი ციხისძირი მდებარეობს ქობულეთიდან 5 კმ-ში, ციხისძირის მაღლობზე, რომლის კალთები ციცაბოდ ეშვება ზღვაში და ქმნის კონცხს. ახალაგებულ სასტუმროებთან და გესტჰაუზებთან ერთად აქ ჯერ კიდევ მოქმედებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი რამდენიმე დასასვენებელი სახლი. კურორტის მწვანით შემოსილი ფერდობები ციტრუსოვანი ბაღებით, ჩაის პლანტაციებითა და ბამბუკის ხეივნებით არის დაფარული. სოფლის ცენტრალურ ნაწილში,
აკროპოლზე, 7 ჰექტარზე გადაჭიმულია პეტრაციხის მუზეუმ-ნაკრძალი. ციხე (ბერძნ. Πέτρ _ კლდე) სტრატეგოს იოანეს აუშენებია 535 წელს. წერილობით წყაროებში ის ქაჯეთის ციხის  სახელითაც იხსენიება. არსებობს ვარაუდი, რომ „ვეფხისტყაოსანში“ სწორედ ამ ციხეზეა ლაპარაკი. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა გათხარეს რამდენიმე კულტურული ფენა, რომელთაგან უძველესი ძვ. წ. გვიანი ბრინჯაოს პერიოდს (II-I ათასწლეული) განეკუთვნება. ძვ. წ. II საუკუნეში იქ ლაზეთის სახელმწიფოს პატარა ქალაქი ყოფილა. არქელოგებმა აღმოაჩინეს ძველი ქალაქის კარიბჭე, თავდაცვითი საფორტიფიკაციო ნაგებობების, V-VI სს-ის ბაზილიკისა და საცხოვრისთა ნაშთები. ციხის დამცველებს ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში შეეძლოთ ფარული მიწისქვეშა გასასვლელებით ზღვაზე ჩასულიყვნენ და ჯარი ახალი თევზითა და პროდუქტით მოემარაგებინათ. ვარაუდობენ, რომ ძველი ქალაქის ნაშთები ციხის მახლობლად, ზღვაშიც შეიძლება იყოს.
 
1. XX ს-ის 60-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად პეტრას ციხის ტერიტორიაზე
აღმოაჩინილ სამარხში იპოვეს უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომლებიც ამჟამად ერმიტაჟში ინახება.
2. ციხისძირის კლდოვანი და ქვაბულებიანი ზღვის ფსკერი და თბილი წყალი წვრილ კიბოსნაირებს და თევზების საკვებ სხვა
ორგანიზმებს საუკეთესო პირობებს უქმნის გასამრავლებლად. ამიტომაც აქ მრავლადაა სხვადასხვა ჯიშის თევზი, მათ შორის: კეფალი (ლობანი),ზღვის ქორჭილა და ზღვის კარჩხანა, ხშირად შეხვდებით კამბალასაც. ზაფხულობით საქვირითოდ შემოდის
ატლანტიკური პელამიდა, რომლის წონა 7 კგ-ს აღწევს. სანაპიროდან მოშორებით შესაძლებელია ლავრაკის
მონადირებაც (მოიპოვება 12 კგიანი ეგზემპლიარებიც). წყალქვეშა კლდეების ნაპრალებში საინტერესო სანადირო ობიექტები - ორაგული და ქოთეხია (კუზანა) ბინადრობენ. საქართველოს კანონმდებლობით წყალქვეშ ნადირობა სპეციალური სასუნთქი მოწყობილობით (აკვალანგით) აკრძალულია.
 
მდებარეობა: შავი ზღვის ვიწრო სანაპირო ზოლი, მოსაზღვრე მაღლობების (მცირე კავკასიონის განშტოებები) კალთები.
მანძილი: ქობულეთიდან – 5 კმ, ბათუმიდან – 25 კმ, თბილისიდან – 340 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 50 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. იანვრის საშუალო ტემპერატურა 60C. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,60C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2732 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200-2300 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი.
მკურნალობის სახეობა: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში.
სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.