ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი წყნეთი
კატეგორიები
თბილისი გარშემორტყმულია ქედებით, რომელთა ჯანსაღი კლიმატი და ულამაზესი ლანდშაფტი ხელსაყრელ
პირობებს ქმნის საგარეუბნო კურორტების ზონის ჩამოყალიბებისთვის. ამ კურორტებს შორისაა: წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, გომბორი, მარტყოფი, მანგლისი. თითოეულის ფუნქცია და მნიშვნელობა ერთიორად იზრდება თბილისის სიახლოვისა და ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გათვალისწინებით. წყნეთი მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 15 კმ-ში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში. როგორც სააგარაკო ადგილი, ის ძველთაგანვე ყოფილა ცნობილი. ინტენსიური განაშენიანება აქ XIX ს-ის ბოლოს დაიწყო, საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი საბჭოთა პერიოდში განხორციელდა. შეიქმნა წყნეთის განვითარების გენერალური გეგმა: 1935-1936 წლებში მოხდა კურორტის ხელოვნური გამწვანება წიწვოვანი ჯიშებით;
 
1938 წელს აშენდა პირველი ბავშვთა სანატორიუმი, მოსწავლეთა ბანაკი, საბავშვო სახლი, ამბულატორია და ა. შ. 1960-1970 წლებიდან წყნეთი თბილისის პირველხარისხოვანი საგარეუბნო კურორტი გახდა და საკურორტო ზონაში სამთავრობო აგარაკები აშენდა. ზაფხულის პაპანაქება სიცხეშიც კი წყნეთში მუდამ სიგრილეა, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ სითბოს გაცემის კომფორტულ პირობებს. სიგრილის მიზეზად არ შეიძლება ჩაითვალოს მარტო განსხვავება სიმაღლის დონეთა შორის. ჰაერის ტემპერატურაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ადგილის იდეალური ვენტილაცია, ადგილობრივი ქარების რეგულარული გამაგრილებელი მოქმედება და მწვანე საბურველი. მრავალწლიანი დაკვირვებები ორგანიზმზე ამ ადგილის ჰავის გავლენის შესახებ მის მაღალ სამკურნალო ღირსებაზე მეტყველებს, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკის დაავადებების შემთხვევაში. დიდია წყნეთის მნიშვნელობა გამოჯანსაღების პერიოდში მყოფი ავადმყოფებისთვის-რეკონვალესცენტებისთვის. დღეისთვის კურორტის ტერიტორიაზე, ძირითადად, კერძო საცხოვრებელი და სააგარაკო სახლები დგას. ზაფხულობით ფუნქციონირებს ორი სანატორიუმი.
 
კურორტი წყნეთი
მდებარეობა: თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი.
მანძილი: თბილისის ცენტრიდან – 15 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 800-1100 მ.
რელიეფი: ტერასული.
კლიმატი: დაბალი და საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა –20ჩ. ზაფხული ზომიერად მშრალი, თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 200ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 550-650 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 67%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: დაბალი და საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: ლიმფური ჯირკვლების ტუბერკულოზი, ქრონიკული ბრონქიტი და პლევრიტი,
მეორეული სისხლნაკლებობა, მალარია, რაქიტი, ბრონქული ასთმა, რეკონვალესცენციის პერიოდი.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.