ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი უწერა
კატეგორიები
მთის ბალნეო-კლიმატური კურორტი უწერა ზემო რაჭაში, ონიდან 15 კმ-ში მდებარეობს. სოფლის სახელის
წარმოშობა დიდ ქართველ მეფეს, თამარს უკავშირდება: თურმე თამარი თავისი ამალით სამეფოში მოგზაურობდა. რაჭაში ასულს უწერაში შეუვლია და მისი სილამაზით მოხიბლულს უთქვამს: რა აღუწერელი სილამაზეაო. როგორც ამბობენ, `აღუწერელმა~ დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა და `უწერა~ შემორჩა. სოფელს თავს დაჰყურებს დედაკვინი, იგივე ბროლის მთა, სადაც კრისტალური მთის ბროლის ნატეხები მოიპოვება. უწერაში მიწის ზედაპირზე 28 სახის ბუნებრივი მინერალური წყალი ამოდის. მათ შესახებ ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა თავის ნაშრომში. ერთ-ერთი, გვერითის  სახელით ცნობილი წყარო, XIX ს-ის მიწურულს ძმებმა გამყრელიძეებმა აღმოაჩინეს. წყალმა, რომელიც მათ მამულში ამოდიოდა, ერთ-ერთი ძმა კუჭის მწვავე ტკივილებისგან განკურნა. გამყრელიძეებმა თბილისიდან სამედიცინო კომისია მიიწვიეს. აღმოჩნდა, რომ გვერითის  წყაროს უნიკალური სამკურნალო თვისებები ჰქონდა. 1913-1914 წლებში საფრანგეთის ერთ-ერთი კომერციული საზოგადოება უწერის წყლის ევროპაში ექსპორტით დაინტერესდა და გამყრელიძეებს 45-წლიანი იჯარა შესთავაზა. ძმებმა თანხმობა განაცხადეს იმ პირობით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა წყლით უსასყიდლოდ ისარგებლებდა, რაც ფრანგებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და შეთანხმება ჩაიშალა. დღეს უწერის მინერალური წყლები გამოიყენება როგორც სასმელად, ისე აბაზანებისთვის. სამკურნალო ეფექტი აქვს კურორტის ულამაზეს წიწვოვან ნაძვნარსა და შერეულ (ნაძვი, სოჭი, მუხა, წიფელი, რცხილა, წაბლი და სხვ.) ტყეებს.
 
უახლოეს მომავალში მთისა და მაღალმთის ბიომების კონსერვაციის მიზნით იგეგმება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნა, რომლის სავარაუდო ფართობი 229 532 ჰექტარს იქნება. დაცულ ტერიტორიაში შევა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეროვნულ პარკი, 12 ბუნების ძეგლი და 4 აღკვეთილი, სადაც კავკასიის, საქართველოს და რეგიონის ენდემური ფლორა და ფაუნა, ასევე საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა ათეულობით სახეობაა გავრცელებული. საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკოლოგიური ღირებულებისა და ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალის მქონე ადგილია.
 
1. ონის სინაგოგა (1895 წ.) თეთრი კირქვით არის აგებული და საქართველოში სიდიდით მესამეა
თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ. ონი ერთ-ერთია საქართველოს ქალაქებიდან, სადაც კომპაქტურად იყო ჩასახლებული ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ადრე შემოსული ებრაელების ეთნიკური ჯგუფი. ამჟამად ონის სინაგოგა არ ფუნქციონირებს, რადგან ქალაქში მცხოვრები ებრაელები თავიანთ ქვეყანას დაუბრუნდნენ.
 
მდებარეობა: დიდი კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდინარე რიონის ხეობა.
მანძილი: ონიდან _ 15 კმ, თბილისიდან (ტყიბულის გავლით) – 320 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1150 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა
-50C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 170C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1495 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და სამი ტიპის მინერალური
წყალი: ნახშირმჟავა, რკინიანი, ბორიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმიანი) მინერალური
წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,4 - 2,0 გ/დმ3; ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (ან კალციუმიან-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,2 გ/დმ3-დან 27,0 გ/დმ3-მდე;
ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით
1,8-2,0 გ/დმ3; დებიტი: ბორჯომის ტიპის - 50 ათასი და ნარზანის ტიპის - 500 ათასი ლ/დღ-ღ. 
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის) და საშარდე სისტემის, ზედა სასუნთქი გზებისა და გინეკოლოგიური დაავადებები, სისხლნაკლებობა, სუნთქვის უკმარისობის პირველი ხარისხის ან მის გარეშე მიმდინარე მსუბუქი ბრონქული ასთმა.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.