მდინარე აჭარისწყლის ხეობა
აჭარისწყალი-მდინარე საქართველოში, გაედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სათავეს იღებს არსიანის ქედზე. მდ.აჭარისწყალი მდ. ჭოროხის შენაკადია, წყალშემკრები აუზის ფართობი მდ. ჭოროხთან შეერთებამდე 1540 კვ. კმ-ია, სიგრძე-90 კმ, საშუალო სიმაღლე-3400 მ, ვარდნა-2397 მ. მდინარე საზრდოობის მხრივ მიეკუთვნება შერეული საზრდოობის მდინაარეებს, რომლის კვებაში მონაწილეობს როგორც თოვლის ნადნობი და წვიმის წყლები, ისე გრუნტის წყლები. მდ. აჭარისწყალზე ჰიდროლოგიური შესწავლილობა ეფუძნება ხუთი საგუშაგოს მრავალწლიურ მონაცემებს, რომელთაგან ორი განლაგებულია უშვალოდ მდ. აჭარისწყალზე მშენებლობისთვის განკუთვნილ რაიონში, ორი მარცხენა შენაკადების-ჭირუხისწყალსა და აკავრეთაზე, ერთი მდ. საციხურზე ანუ მარჯვენა შენაკადზე. ის მიედინება აჭარის შემდეგ მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე: ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური. ამ მდინარის აუზს სამი ოროგრაფიული სისტემის ნაწილები ქმნის:
1. აუზის ჩრდილო ნაწილს საზღვრავს აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთი ფერდობი;
2. აღმოსავლეთ ნაწილს- არსიანის ქედის დასავლეთი ფერდობები;
3. სამხრეთი ნაწილს-შავშეთის ქედის ჩრდილო ფერდობი.
მორფომეტრიული, მორფოლოგიური და გენეტური ნიშნების ერთობლიობით ასევე ცალკე ერთეულად გამოიყოფა აჭარის ქვაბული ანუ აჭარისწყლის ხეობა. მდ. აჭარისწყლის ხეობის უდიდესი ნაწილი შუა ეოცენის ვულკანოგენური ფლიშითაა წარმოდგენილი, აგრეთვე იგი აგებულია ტუფებითა და ტუფოგენური ქანებით. ზედა ეოცენური პორფირიტული ტუფებისა და ტუფობრექჩიების წყებით არის გამომუშავებული აჭარისწყლის ხეობა სოფ. ცხმორის ქვემოთ. პალეოგენური წყებები ძლიერ დანაოჭებულია, მათი ერთობლიობა კი აჭარის ვრცელ სინკლინს ქმნის. მდ. აჭარისწყლის ხეობა ძირითადად სინკლინის ღერძს მიუყვება. ფერდობების მკვეთრი დახრილობის გამო აქტიურად ვითარდება ეგზოგენური პროცესები. რელიეფის გარდაქმნაში ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ანთროპოგენური ფაქტორი. მდ.აჭარისწყლის აუზისთვის ინტენსიური ეგზოდინამიკური პროცესებია დამახასიათებელი, რომლებიც მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებს. განსაკუთრებით აქტიურია მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავები და თოვლის ზვავი. სოფელ ვაშოვანში 1998 წლის აპრილში, ჭარბი ატმოსფერული ნალექების მოსვლის შედეგად მდ. აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადის-მდ. კარათის წყლის ხეობაში გაიარა დამანგრეველი ძალის მქონე ღვარცოფულმა ნაკადმა. გამოტანილი მასალის მოცულობა დაახლოებით 500000 მ3 იყო. სტიქიამ დიდ მატერიალურ ზარალთან ერთად ადამიანთა მსხვერპლიც გამოიწვია. დაიღუპა ექვსი ადამიანი. სულ დაზიანდა 45 ჰა მიწის ფართობი. ამავე წლის მაისში, სოფ. დიოკნინსში მდ. აჭარისწყლის მარცხენა უსახელო შენაკადის ხეობაში გაიარა ღვარცოფულმა ნაკადმა, რის შედეგადაც დაზინდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები, რომელთა ფართობი 48ჰა-ს შეადგენდა. სუსტი დეფორმაცია განიცადა 18 საცხოვრებელმა სახლმა. ხეობის მთელ გაყოლებაზე დამახასიათებელია შედარებით განიერი პროფილის მონაცვლეობა ვიწრობებთან და კანიონებთან. კანიონის მსგავ მონაკვეთებზე ჭალა ქრება, ხოლო ფერდობები ციცაბო და კლდოვანი ხდება. მდინარისპირა კლდოვანი ქარაფები ზოგჯერ 80-100 მ-ის სიმაღლეს აღწევენ. დაწყებული შუახევიდან ზევით, მდინარის დინების
აღმა, აჭარისწყლის ხეობის სახე თანდათან იცვლება. ცვლილება იმაში გამოიხატევა, რომ ვ-ს მაგვარი განივი პროფილის შენარჩუნების პირობებში ხეობის ფსკერის სიგანე 2-3 ჯერ მცირდება და არ აღემატება 30-50 მ. ამიტომ ჭალა და ალუვიური კუნძულები ამ მონაკვეთზე ქრება. მდ. აჭარისწყლის მრავალრიცხოვან შენაკადებს შორის ცოტაა ისეთი, რომელსაც თავიანთ შესართავთან მსხვილი გამოზიდვის კონუსი გააჩნდეს, ასეთი ვითარება როგორც ჩანს გამოწვეულია ხშირი მცენარეული საფარის განვითარებით და ფერდობებზე ძირითადი ქანების გაშიშვლების არსებობით. ხეობის გასწვრივ განვითარებულია მდინარეული ტერასების ფრანგმეტები. აღირიცხება ტერასების ოთხი დონე 10, 20, 80 და 100 მ სიმაღლეზე მდინარის კალაპოტიდან. მდ. აჭარისწყლის კალაპოტში ჭარბობს კაჭარ-კენჭნარი და კენჭნარი, რომლებიც მდინარის მთებიდან გამოსვლის შემდეგ, დაბლობების პირობებში, თანდათანობით ირევიან ქვიშნარში და თიხნარში. საერთო სიმძლავრე 2-10 მეტრია. ქიმიური შედგენილობით წყალი კალციუმ-მაგნიუმიანი და კალციუმ-ნატრიუმიანი ჰიდროკარბონატულია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყალზე ხორციელდება ჰესების კასკადის პროექტი. პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიგნით ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადობისკენ, ასევე ენერგოუსაფთხოების უზრუნველყოფისკენ ადგილობრივი რესურსების გამოყენების საშუალებით. გარდა ამისა, საქართველო გეგმავს ელექტროენერგიის ექსპორტს. გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი ექსპორტირებული იქნება თურქეთში. პროექტი შედგება სამი კასკადური სქემისაგან: შუახევი-175 მეგავატი, კორომხეთი-150 მეგავატი და ხერთვისი-65 მეგავატი. ეს მოგვცემს განახლებადი ელექტროენერგიის წლიურ საშუალო წარმოებას 500-სა და 1200 გვტ/სთ-ს შორის. კონკრეტული კასკადური სქემების დეტალები:
1. შუახევის სქემა- ექნება 157 მეგავატი დადგმული სიმძლავრე. შედგება ორი კაშხლისაგან რეზერვუარებითა და თითო ჯებირისაგან მდ. აჭარისწყალზე, სხალთასა და ჭვანისწყალზე. რამდენიმე წყალსატევი და მიმყვანი გვირაბი აკავშირებს რეზერვუარებს შუახევის ელექტროსადგურთან. მდ. სხალთის კაშხალზე ასევე აშენდება პატარა ჰესი, რომელიც გამოიყენებს მდინარე ჭირუხისწყალიდან გადმოგდებულ წყალს.
2. კორომხეთის სქემა-ექნება 150 მეგავატი დადგმული სიმძლავრე. შედგება ერთი დიდი კაშხლისა და ერთი რეზერვუარისგან მდ. აჭარისწყალზე, ერთი დაბალი კაშხლისაგან მდ. ჭვანისწყალზე და ჯებირისაგან მდ. აკავრეთაზე. პროექტში ასევე შესულია წყალსატარი გვირაბები კაშხლიდან ელსადგურამდე.
3. ხერთვისის სქემა-ექნება 65 მეგავატი დადგმული სიმძლავრე და შედგება ერთი კაშხლისა და რეზერვუარისგან. ასევე პროექტი ითვალისწინებს მდინარე მაჭახისწყლის წყალგასატარ გვირაბის მშენებლობას.
გარდა ამისა, მდ. აჭარისწყალზე ფუნქციონირებს „აწჰესი“, რომელიც სეზონური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურია. მისი დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ-ია. „აწჰესი“ ექსპლუატაციაში 1937 წელს შევიდა. ჰესი კერძო საკუთრებაში სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ გადაეცა. სათაო ნაგებობები მდებარეობს ქედას რაიონის სოფ. პირველი მაისის ტერიტორიაზე, ხოლო ძალოვანი კვანძი სოფ. მახუნცეთში. ჰესის შენობა სამსართულიანია. პირველ სართულზე განლაგებულია
ტურბინები გამომყვანი კამერებით, მეორეზე - დამხმარე სათავსოები, ხოლო მესამეზე - გენერატორების დარბაზი.
მდ. აჭარისწყლის ხეობა გამოირჩევა რეკრეაციული რესურსების სიუხვით, ხეობის თვალწარმტაცი კანიონები და ვიწრობები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უფრო ლამაზსა და ტურისტებისათვის მიმზვიდელ ადგილად ხდის. მდ. აჭარისწყლის აუზში მრავალი ბუნებრივი ობიექტია, მათ შორის აღსანიშნავია მახუნცეთის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 55 მეტრია. ჩანჩქერს ტურისტულ სეზონზე ბევრი ადამიანი სტუმრობს. გარდა ამისა, მდ. აჭარისწყალზე მოწყობილია დასვენებისათვის რამდენიმე სპეციალური ტივი, სადაც შესაძლებელია ქართული კერძების დაგემოვნება აჭარის ულამაზესი ბუნების ფონზე. ამ ადგილებში თუ განვითარდება ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზე, მაშინ ეს სფერო აჭარას დიდ მოგებას მოუტანს.
ავტორი
ზურა რიკაძე
ყველა უფლება დაცულია