მდინარე არაგვის ხეობა თბილისიდან ჩრდილოეთით, ხოლო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი წყალშემკრები აუზის ფართობია 2740 კმ2, რაც ქვეყნის ტერიტორიის 4%-ს შეადგენს. მდინარის ვარდნა 2700 მეტრს აღწევს, რაც მის დიდ ენერგეტიკულ პოტენციალზე მეტყველებს. მას მე-9 ადგილი უკავია პოტენციური ენერგიის საერთო რაოდენობით. მდინარე არაგვის აუზში ძალიან ბევრი მდინარეა, რომელთაგან სიდიდით მთიულეთის (თეთრი), გუდამაყრის (შავი), ფშავის და ხევსურეთის არაგვი გამოირჩევა.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ფასანაურთან, ხოლო ხევსურეთის არაგვი ფშავის არაგვს სოფელ უძილაურთასთან უერთდება. დაბა ჟინვალთან ფშავის და მთიულეთის არაგვი ერთ მდინარედ იქცევა, რომელიც მტკვარს მცხეთასთან უერთდება.
მდინარე არაგვის ხეობა ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჰავის მაჩვენებლები საკმაოდ კონტრასტულია დინების პერიმეტრზე. ივლისის ჰაერის საშუალო ტემპერატურის მაჩვენებლები +10-დან +230-მდე მერყეობს, იანვრისა -100-დან
00-მდე, ნალექების რაოდენობა კი 1800 მმ-დან 500 მმ-მდე. მის წყალშემკრებ აუზში წარმოდგენილია 7 ტიპის ლანდშაფტი, რაც ზრდის ხეობის პერცეფციულ და ესთეტიკურ ღირებულებას.
მდინარე არაგვს სხვადასხვაგვარი კვების რეჟიმი ახასიათებს. სათავეში იგი თოვლის ნადნობი წყლებით საზრდოობს, შუა წელში თოვლის ნადნობი და წვიმის წყლებით, ხოლო ქვემო დინებაში წვიმის და მიწისქვეშა წყლებით. მისი წყლებით „სარგებლობს“ თბილისის მოსახლეობა, ჟინვალის წყალსაცავი და ჰიდროელექტროსადგური, თბილისის წყალსაცავი („ზღვა~), არაგვის ხეობის დასახლებული პუნქტები და სარწყავი ტერიტორიები.
არაგვის ხეობა განუმეორებელი პეიზაჟებით გამოირჩევა. იგი თბილისის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული რეგიონია. აქ, მცირე მანძილზე გადაადგილებითა და ხანმოკლე დროში, უამრავი ბუნებრივი, ისტორიული და ეთნოგრაფიული ღირსშესანიშნაობის მონახულებაა შესაძლებელი.
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge