ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
რკონი
შიდა ქართლი
 
რკონის სამონასტრო კომპლექ­სი (VII-XVIII სს.) კასპის რაიონის სოფ. ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის მახლობლადაა. კომპლექსის უძველესი ძეგლია ღვთისმშობლის ეკლესია (VII ს.). XIII-XIV სს-ში აგებულია: ღვთისმშობლის ეკლესიის კარიბჭე, სამლო­ცველო, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ერთნავიანი ეკლესია და სატრაპეზო, სვიმონ მესვეტის კოშკი; XVI-XVIII სს. _ სამრეკლო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. მონასტრიდან 0,5 კმ-ის დაშორებით მდ. თეძამზე მდებარეობს რკონის ერთმალიანი ხიდი, შუა საუკუნეების საქართველოს ხიდების საუკეთესო ნიმუში. მონასტერსა და ნასოფლარს შორის მდებარეობს რკონის ციხე (XVII ს.). მისი გალავნის შიგნით მდებარეობს სასახლისა და ერთნავიანი ეკლესიის ნაშთები.
რკონის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქ. კასპიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კმ-ში, მდი­ნარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე. XII-XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხეთის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. ამან ხელი შეუწყო რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას.
რკონის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგე­ბობაა ღვთის­მ­შობლის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა (VII ს. ზო­მები: 18 X 12 მ), სამი მხრიდან გაჭრილი შესასვლელით, სადიაკვნეთი და სამკვეთლოთი (პასტოფორიუმი). ინტერიერში შემორჩენილია XII-XVII სს. მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ეკლესიას ბოლო რესტავრაცია ჩაუტარდა 1972-74 წლებში. XIII ს. კარიბჭისა (3,8X9,5) და დარბაზული ტიპის სამლოცველოსგან (XII საუკუნის მეორე ნახევარი). სამლოცველოში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. სამლოცველოს ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული და დეკორატიული თაღებითა და ჩუქურთმებითაა შემკული. კომპლექსის შემადგენელი ნაგებობაა აგრეთვე სატრაპეზო _ მთავარი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით. ძირითადი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეების მიჯნით თარიღდება. 6 საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით გადახურული სათავსი (5,2 X 16,6 მ) ამჟამად ძლიერ დაზიანებულია; სვიმეონ მესვეტის კოშკი _ სატრაპეზოდან სამხრეთ-დასავლეთით, 100-ოდე მეტრითაა დაშორებული და მდინარის მეორე მხარეს მდებარეობს. შემორჩენილია სამი სართული; სამრეკლო _ მთავარი ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით, თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით, ორსართულიანია. მეორე სართული რვა ღია თაღზე აგურით ამოყვანილი ცილინდრული ფანჩატურია, სადაც დასავლეთიდან მიშენებულ კიბეს ავყავართ; ნათლისმცემლის ეკლესია (XIII-XIV სს.) _ მთავარი ეკლესიიდან სამხრეთით, შვიდიოდე მეტრში დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე აღმართული დარბაზული ეკლესია (7,3 X4,3 მ). 
რკონის (თამარის) ხიდი _ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდინარე თეძამზეა გადებული. ხიდი თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. 12,5 მ სიგრძის ნახევარწრიული ხიდი ერთი მთლიანი, მონოლითური ნაგებობაა, მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ სიმაღლეზე გადარკალული. სიგანით 2,2 მეტრია. ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. რკონის მონასტრის მახლობლად მდებარეობს იკვის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია და ჩაჩუბეთის ეკლესია.
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
 

 

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.