ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სამთავრო და შიომღვიმე
მცხეთა მთიანეთი
სამთავრო და შიომღვიმე
 
სამთავრო ქალაქ მცხეთის ცენტრში მდებარე XI ს-ის კომპლექსია. იგი შედგება: დიდი საეპისკოპოსო ტაძრის, წმ. ნინოს ეკლესიის, სამრეკლოს, გალავნის, კოშკის და მოგვიანებით აგებული საცხოვრებელი თუ სასამსახუ­რი შენობებისგან. ისტორიულ წყაროთა მიხედვით VI-VIII სს-ში აქ მდებარეობდა ქართლის ერისმთავრის რეზიდენცია, საიდანაც წარმოდგა სახელწოდება _ სამთავრო. აქ უცხოვ­რია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ ნინოს. ამჟამად სამთავროში დედათა მონასტერია.
დიდი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (27 X 23 მ) სამხრ-ის, ჩრდ-ისა და დას-ის მინაშენებით. 1283 წ. მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩაინგრა და იგი XIII-XIV სს-თა მიჯნაზე აღადგინეს. XVII ს. ბოლოს, XIX ს. II ნახ-ში და 1974 წ. ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. ტაძრის სამხრ.-დას-ის კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია. საფლავის ძეგლი განახლებულია XIX ს-ში. ტაძრის მხატვრობა XVII ს. მიეკუთვნება.
წმ. ნინოს ეკლესია მცირე ზომის (6,2 X 3,9 მ) გუმბათოვანი ნაგებობაა. დგას დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. იგი მირიან მეფემ ააგო იმ მაყვლოვანის ადგილზე, სადაც თავდაპირველად დაესახლა წმინდა ნინო. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია წმ. ნინოს ცხოვრების კომპოზიციებითა და სხვა სიუჟეტებით. მოხატულობა პრიმიტიულია, გვიანდელი.
სამსართულიანი სამრეკლო (4,7 X 5,8 მ) აგებულია XV-XVI სს-ში, კარგად გათლილი მოყვითალო-მონაც­რის­ფრო ქვიშაქვის კვადრებით, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით ოციოდე მეტრში, ამაღლებულ ბორცვზე.
ძველი გალავნიდან შემორჩენილია ეზოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში შემაღლებაზე მდგარი დაზიანებული ცილინდრული კოშკი (ამჟამად დედათა მონასტრის საცხოვრებელი). აგებულია XVIII ს-ში. არსებული გალავანი XIX ს-ისაა.
 
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი _ ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. VI საუკუნის II ნახევარში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. გადმოცემით, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ. სწორედ აქედან წარმოდგა სახელწოდება `შიოს მღვიმე~. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილია. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია (VI ს. შუახანები), ზემო ეკლესია (XI-XII სს.), სატრაპეზო (XII ს.) და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო (XII ს.). მონასტერი წყლით მარაგდებოდა სოფ. სხალტბიდან. შიომღვიმე იყო ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერა. შიომღვიმის ბიბლიოთეკაში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი. თბილისში მონასტერი ფლობდა სავაჭრო დუქნებს, საგანგებოდ აშენებდა გასაყიდ პირუტყვს. ჰქონდა სასამართლო (არასრული), საეპარქიო და სახელმწიფო გადასახადების შეუვალობის პრივილეგიები. შიომღვიმე VI საუკუნიდან XII საუკუნის დასაწყისამდე კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მფარ­ველობაში იმყოფებოდა, და­ვით აღმაშენებელმა იგი სამეფო საკუთრებად აქცია. XIII-XVIII საუკუნეებში შიომღვიმის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომა­რე­ობა დაქვეითდა. XIX-XX სს-ში შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს.
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.