ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საფარა და ზარზმა
სამცხე ჯავახეთი
საფარა და ზარზმა
 
ქ. ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 12 კმ-ზე მდებარეობს საფარა _ შუა საუკუნეების ქართული მონასტერი და სამცხის მფლობელ ჯაყელთა საგვარეულოს ერთ-ერთი რეზიდენცია და საძვალე. კომპლექსის უძველესი ნაგებობა _ მიძინების ეკლესია X ს-ით თარიღდება. ძირითადი ნაწილი (წმ. საბას მთავარი გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და სასახლე) კი XIII-XIV სს-ის მიჯნაზეა აგებული, სამცხის მთავარ ბექა ჯაყელის მთავრობის დროს (1285-1309 წწ.).
წმ. საბას ეკლესიის სამხრეთ კედელზე გამოსახულია მონასტრის ქტიტორების _ ჯაყელების ოჯახუ­რი პორტრეტი: სარგის I (1266-1285) _ ბერად შემდგარი საბას სახელით, მისი ვაჟი ბექა I _ ტაძრის მაკეტით ხელში, ბექას შვილები სარგის II (1309-1334) და ყვარყვარე (1334-1360). ტაძრის დასავლეთით, კარიბჭის სარკმლის თავზე მოთავსებულია ხუროთმოძღვარ ფარეზასძის სამშენებლო წარწერა. ტაძა­რი ინტერიერშიც და გარედანაც მრავალფეროვანი დეკორით, ჩუქურთმებითაა შემკული. მთავარი ტაძრის დასავლეთით მდებარე სამრეკლო წარმოადგენს ჯაყელთა მსახურთუხუცეს ლასურისძეთა საგვარეულო სამარხს. მონასტერს დასავლეთის მხრიდან თავს დაჰყურებს ძველი ციხის ნანგრევები. ოსმალოთა ბატონობის დროს, XVI საუკუნეში ბერებმა მიატოვეს მონასტერი. საფარაში სამონასტრო ცხოვრება XIX ს-ში განახლდა.
 
ზარზმის მამათა მონასტერი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ქ. ადიგენიდან 12 კმ-ზე. იგი შედგება გუმბათოვანი ეკლესიის, სამრეკლოსა და ერთნავიანი სამლოცველოსგან. მონასტერი თავდაპირველად დაუარსებია კლარჯ ბერ სერაპიონს (მისი ცხოვრება აღწერილია ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფიულ თხზუ­ლებაში `ცხოვრება სერაპიონ ზარზმელისა~) IX ს-ში. მონასტრის მშენებლობაში მას ადგილობრივი დიდებული გიორგი ჩორჩანელი ეხმარებოდა, რომელსაც სოფლებიც შეუწირავს ახლადდაფუძნებული მონასტრისათვის. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელიც აღარ არსებობს, უშენებია ხუროთმოძღვარ გარბანელს.
ზარზმის ამჟამინდელი კომპლექსი XIV ს-ის დასაწყისშია აშენებული სამცხის მთავარ ბექა ჯაყელის (1285-1309 წწ.) მიერ. მონასტრის უძველესი ისტორიული ნაშთია სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული X ს-ის წარწერა (მოგვითხრობს დავით III კურაპალატის ბარდა სკლიაროსზე გალაშქრების ამბავს), რომელიც აქ ადრინდელი ნაგებობიდან გადმოუტანიათ.
ზარზმა მრავალრიცხოვანი ჩუქურ­თმე­ბითაა შემკობილი. მდიდარია ფრეს­კული მხატვრობით. რელიგიური სიუჟეტების გვერდითაა საერო პირთა ქტიტორული პორტრეტებიც. სამხრეთ კე­დელზეა სამცხის მთავარ ჯაყელთა ოჯახური პორტრეტი (სარგის I _1266-1285; ბექა I _1285-1309; სარგის II _1309-1334; ყვარყვარე _1334-1360). ჩრდილოეთის კედელზე კი _ XVI ს-ის მხატვრობაა.
ზარზმის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესი სამრეკლოა საქართველოში. მის I სართულზე XVI ს-ში ხურციძემ იოანე მახარებლის ეკლესია გახსნა. XX ს-ის დასაწყისში რუსეთის ეკლესიის საქართველოს საეგზარქოსომ ზარზმის რესტავრაცია განახორციელა. ტაძრის მხატვრობის ნაწილი და კანკელი სწორედ ამ დროს შეცვალეს.
 
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"
ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.