ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
შაორის წყალსაცავი
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი
XX საუკუნის 50-იან წლებში მდინარე შაორის აუზში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წამოიწყეს.
ჰესის წყლით მოსამარაგებლად შაორის დაგუბება გადაწყდა. ასე გაჩნდა მდინარის ქვაბულში წყალსაცავი, რომლის ფართობი 9,2 კმ2-ია, მაქსიმალური სიღრმე კი -14,5 მ. მდინარის წყლის გარდა, წყალსაცავი მიწისქვეშა წყლებით (მათ შორის მინერალური წყაროებით) და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მძლავრი ვოკლუზებით (ძროხისთვალა, ქვახეთქილა, ხვრელეთი, ჩიკვაიძისკარის სათვალე და სხვ.) საზრდოობს. შაორის ქვაბულის (ფართობი 180 კმ2) ირგვლივ არსებობს მრავალი კარსტული ძაბრი და ჭა, რომელთა სიღრმე 5-15 მ-ის ფარგლებში მერყეობს, ასევე კარსტული მღვიმეები, ჯერ კიდევ შეუსწავლელი მიწისქვეშა დარბაზებით. წყალსაცავის დამბიდან სოფელ ნიკორწმინდამდე მიწისქვეშა კარსტული ტბაა. ქვაბულს გარს აკრავს ტყეებით დაფარული ნაქერალას ქედი და საწალიკის მთაა, რომლებიც წიფლნარის, კავკასიური სოჭის უნიკალური კორომებითა და შერეული ფოთლოვანი ხეებით არის დაფარული. ტყის მასივებში მრავლად მოიპოვება სოკო: ნიყვი, მჭადა, მიქლიო, ღვინიო, წითლიო, ვარყა... ბოლო წლებში შემუშავდა შაორის ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომელიც წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.
 
1. წყალსაცავის გრუნტიანი, კლდოვანი ფსკერი და უხვი წყალმცენარეულობა თევზისთვის ხელსაყრელ საცხოვრებელ პირობებს ქმნის. აქ ბინადრობს: კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა, ვიმბა, ქაშაპი, კალმახი, ხრამული, კარჩხანა, ნაფოტა. თევზაობის მოყვარულები რაჭაში მთელი საქართველოდან ჩამოდიან. შაორზე არის კერძო სათევზე მეურნეობა, სადაც სქელშუბლასა და კობრის მოშენება წარმოებს.
2. შაორის ქვაბულის ჰავა გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. 1898 წელს სამხედრო ექიმი ივან პანტიუხოვი, რომელიც ამ ტერიტორიაზე დაბანაკებულ ჯარისკაცებს მეთვალყურეობდა, გაოცებული აღნიშნავდა, რომ ხშირი წვიმებისა და აუტანელი სიცივის მიუხედავად, არავინ დაავადებულა ბრონქიტით ან სურდოთი.
მდებარეობა: რაჭის ქედი, შაორის ქვაბულის სამხრეთდასავლეთით.
მანძილი: ამბროლაურიდან – 20 კმ, თბილისიდან – 275 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1100-1200 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის, ზამთარში დამახასიათებელია მაღალი და ხანგრძლივი თოვლის საფარი, იანვრის
საშუალო ტემპერატურ -4.20, ზაფხული გრილი, ხასიათდება დღე-ღამური ტემპერატურის დიდი ამპლიტუდით, ივლისის (ყველაზე ცხელი თვე) საშუალო ტემპერატურა 17,50.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1300-1800 მმ.
 
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.