ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
უჯარმის ციხე
კახეთი

უჯარმა (ციხე-ქალაქი, დაბა) იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის "ცხოვრება მეფეთა", "ნინოს მიერ ქართლის მოქცევა", ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა", "მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძის "ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა", უცნობი ავტორის "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", ჟამთააღმწერლის თხზულება, მოქცევაი ქართლისაი, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები, "დასტურლამალი", ფარსადან გორგიჯანიძის "ისტორია", ბესარიონ ორბელიშვილის "ღუაწლი რაჟდენისი", იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის აღწერა".

ფოტო: ბადრი ვადაჭკორია

მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე, თანამდროვე სოფ. უჯარმის მახლობლად.
 
უჯარმის დაწინაურება დიდად იყო განპირობებული ივრის ხეობის ბუნებრივი და ეკონომიკური პირობებით, მისი მდებარეობით კახეთ-კუხეთ-ჰერეთის საზღვრების შესაყართან. უჯარმა კონტროლს უწევდა ივრის ხეობის ზემო წელის ბართან დამაკავშირებელ, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთიდან მცხეთა-თბილისისაკენ მიმავალ გზას. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ძვ. წ. III ს-ში უჯარმა აუშენებია ფარნავაზის მემკვიდრე საურმაგს. ლეონტი მროველი უჯარმის აშენებას ახ. წ. III ს-ში ასფარუგს მიაწერდა. მირიან მეფემ უჯარმა საუფლისწულოდ მისცა თავის მემკვიდრე რევსა და მის ცოლს სალომეს. წმინდა ნინოს ბრძანებით, ერთი ჯვარი აღმართეს თხოთს, მეორე უჯარმას. უჯარმის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ვახტანგ გორგასალს, რომელიც იქვე გარდაცვლილა. ერისმთავრობის ხანაში უჯარმას განაგებდნენ დაჩი ვახტანგის ძის ნათესავები, რომლებიც ქართლის ერისმთავარს ემორჩილებოდნენ. VIII ს-ის მეორე ნახევარში არჩილ მეფემ უჯარმის მახლობლად გადამალა სახელმწიფო საგანძური. 914 წელს უჯარმა, რომელშიც 300 მეციხოვნე იყო გამაგრებული, ბრძოლით აიღო და დაანგრია არაბთა სარდალმა აბულ-კასიმმა. კვირიკე კახეთის ქორეპისკოპოსის ძმამ, შურტამ, უჯარმა გადასცა აფხაზთა მეფე გიორგი II-ს. ბაგრატ IV-ემ განძის ამირა ფადლონის გადაცემის სანაცვლოდ კახეთის მეფე აღსართანს უჯარმა უბოძა. გიორგი III-ის დროს სახელმწიფო საგანძური ინახებოდა უჯარმის ციხეში. მონღოლთა ბატონობის პერიოდში, უჯარმა თანდათან კარგავს თავის მნიშვნელობას. გვიან შუა საუკუნეებში უჯარმას კახეთის ძლიერი ფეოდალები ჩოლოყაშვილები ფლობდნენ. XVIII ს-ის პირველ ნახევარში უჯარმა დაბადაა ქცეული. ახლომახლო სოფლების მცხოვრებლები უჯარმის კომპლექსს, ციხის შიგნით მდგარი ეკლესიის სახელის მიხედვით "ჯვარი პატიოსანს" უწოდებს. ქალაქ უჯარმის ადგილმდებარეობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული: ქალაქი უჯარმა უნდა არსებულიყო დღევანდელი სოფ. უჯარმის ტერიტორიაზე, რომელიც ციხიდან დაშორებულია 5 კმ-ით; ქალაქის ძირითად ნაწილად ქვედა ციხეა მიჩნეული; სხვა მოსაზრებით, ქალაქი უნდა მდებარეობდესკაწარეთის სამების მიდამოებში, რომელსაც მოსახლეობა დღეს ნაქალაქარს უწოდებს. უჯარმის ნაქალაქარი ჯერჯერობით მიკვლეული არაა.
 
 
ფოტო: ბადრი ვადაჭკორია
 
1934 წ. მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე სოფ. უჯარმის მახლობლად შემთხვევით აღმოჩენილა ქვევრსამარხები. 1949 წ. ციხის მახლობლად აღმოჩნდა მონეტების განძი. 1950-1952 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტისა და თბილისის სახ. უნივერსიტეტის იორ-უჯარმის არქეოლოგიური ექსპედიცია გათხრებს აწარმოებდა უჯარმის ციხის ტერიტორიაზე. ციხის გათხრებისას გამოვლინდა 3 სამშენებლო პერიოდი. ციხის ძირითადი ნაგებობები ახ. წ. IV-V სს-საა. კედლების ერთი ნაწილი
გადაუკეთებიათ XII-XIII სს-ში. III სამშენებლო პერიოდი გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება. I პერიოდის ფენები სუსტადაა შემორჩენილი. ყველაზე მრავალრიცხოვანია II პერიოდის ფენებიდან მომდინარე არქეოლოგიური მასალა. III პერიოდს მიეკუთვნება "ჯვარი პატიოსანის" გალავანში გათხრილი რამდენიმე სამარხი. სოფ. უჯარმის ტერიტორიაზე მიკვლეულ იქნა რამდენიმე ქვის სამარხი, რომელიც შეიცავდა XII-XIII სს-ის მინისა და ბრინჯაოს სამაჯურებს, ბრინჯაოს ბეჭდებსა და სხვა.
 
ციხე-ქალაქი შედგება 2 ნაწილისაგან. მდინარის გასწვრივ, სერზე, მდებარეობს შიდა ციხე. მას სამხრეთიდან ეკვრის ქვედა ციხე, რომელიც დამრეც კლდოვან ფერდობზეა გაშენებული და მდინარის ნაპირებამდე ჩადის. ქვედა ციხის სიგრძეა 95-105 მ, სიგანე - 99 მ. მდინარისაკენ მიმართულ ორივე გალავანს აქვს ოთხ-ოთხი კოშკი. ერთი კოშკი მოთავსბეულია მდინარის გასწვრივ მდებარე გალავნის ცენტრში. V ს-ის ყველა ნაგებობა ნაშენია ქვის წესიერი კვადრებით. ქვები დაწყობილია ზუსტ ჰორიზონტალურ რიგებად კირხსნარის თხელ ფენაზე. ქვები წყობაში გულდასმითაა გადაბმული. გალავნისა და კოშკების კედლების სისქე 1,4-1,45 მ-ია. კოშკები კვადრატული ფორმისაა. ყველა მათგანი სამსართულიანია. მათი გარე კედლები ყრუა. ეზოს მხარეს თაღოვანი კარ-სარკმელებია მოთავსებული. კოშკებს ჰქონიათ კრამიტით დახურული სახურავი და ქონგურები. სართულშუა გადახურვა ეყრდნობოდა ხის ძელებს. გალავნის კედელში კოშკებს შორის მონაკვეთებზე გვიან შუა საუკუნეებში გაუჭრიათ სათოფურები.
 
 
ფოტო: ბადრი ვადაჭკორია
 
შიდა ციხე გაშენებული მაღალი სერის შედარებით სწორ პლატოზე, რომლის სიგრძეა 140 მ. სიგანე მერყეობს 17-31 მ-ის ფარგლებში. შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აგებულია შედარებით დიდი ზომის (10,3X11,8მ) შენობა, რომელიც კუთხის კოშკის როლს ასრულებდა. შენობაში ჩრდილოეთ მხარეს, პირველ და მეორე სართულებში მოთავსებულია ორ-ორი მცირე ზომის ოთახი, ხოლო სამხრეთით დიდი ოთახი, რომლის დასავლეთ მხარესა და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში გამართული ყოფილა მოზრდილი ჩაკირული ქვევრები. ქვევრები ჩაშვებულია იატაკის დონიდან 1,5 მ-ზე მაღლა, რაც მათი გვიანდელობის მაჩვენებელია. ქვევრების დონეზე აღმოჩენილი მასალა XI-XIII სს-ს განეკუთვნება. აღნიშნული შენობა მიჩნეულია V ს-ის სასახლედ, რომელიც მოგვიანებით სამეურნეო დანიშნულების ნაგებობად გადაუკეთებიათ. შიდა ციხის ნაგებობეს შორის ყურადღებას იმსახურებს ეკლესია "ჯვარი პატიოსანი". ტაძრის პირველი სართული წარმოადგენს შენობის უძველეს ნაწილს. ის კოშკზე მიუშენებიათ ისე, რომ კოშკის შესასვლელი თავისუფალი რჩებოდა. ეკლესია დარბაზულია, განიერი აფსიდით, რომელიც მოქცეულია კედლების სწორკუთხედში. შესასვლელი ჰქონია ჩრდილოეთიდან, ეკლესიის ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით. შიგნით კედლები შემოსილია მსხვილი, კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრატებით, ხოლო გარედან მომცრო კვადრატებით. ეკლესია აგებულია გალავნის კოშკის შემდგომ, შესაძლოა, იმავე V ს-ში. IX-X სს-ში ეკლესიას დააშენეს მაღალი, ცალნავიანი ეკლესია, რომელსაც სარკმლები ჰქონია აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მაღალი თაღოვანი კარის სახით. სამხრეთის მხარეს, ეკლესია გახსნილია 2 თაღით, რომლებიც წრიულ სვეტს ეყრდნობოდა. ეკლესია ნაგებია ქვის მსხვილი ფილებითა და ნაწილობრივ ძველი წყობის კვადრატებით სქელ დუღაბზე. ქვედა სართულის სარკმლის თავზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი და წარწერა "წმიდა თევდორე". გვიან შუა საუკუნეებში ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიუშენეს სათავსი, რომელიც კარიბჭის როლსაც ასრულებდა, ის უაფსიდოა, დახურულია შეისრული კამარით, აქვს ერთი სარკმელი. ჩრდილოეთის მხარეს შესასვლელი მოწყობილია დასავლეთიდან. კარის წირთხლები აგურითაა ამოყვანილი. შესასვლელის თაღიც შეისრულია. ამ სუბსტრუქციაზე დაშენებულია არსებული ეკლესიის სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნაწილი ისე, რომ მან სამეკლესიანი ბაზილიკის სახე მიიღო. სამხრეთის მხარეს გამოიყენეს უკვე გადაკეთებული და ამოვსებული კოშკი. ცენტრალურ ნავს ამ გვერდითი, მიშენებული ნაწილისაგან ყოფს ფართო თაღი, აგებული მტკიცე ქვიშაქვის კვადრატებით, რომელიც დაყრდნობილია პროფილირებულ იმპოსტებზე. კედლები აგებულია კლდის ფლეთილი ქვებით. ჩრდილოეთი მხრიდან ცენტრალურ ეკლესიაზე მიუშენებიათ კიდევ ერთი ეკლესია ან ერთი ნავი. მას ახლავს განსხვავებული ფორმის ოთხკუთხა სარკმელი აღმოსავლეთით და კარი ჩრდილოეთის მხრიდან. ამ ადგილას შიდა ციხე მიწის დონე ეკლესიის მეორე სართულის დონეს უსწორდება და ამიტომ პირდაპირ მოუწყვიათ ეკლესიაში თაღზე დაყრდნობილი ბოგირის სახის შესასვლელი. ეკლესიისათვის ერთიანი სახის მინიჭების მიზნით ქვედა სართულის აღმოსავლეთ ფასადს მიუშენეს 90 სმ სისქის შეისრული თაღი, რომელმაც დაფარა ძველი ეკლესიის ფასადი. თაღმა თითქმის ბოლომდე ამოქოლა კოშკის კარი. თარის ზემოთ, სარკმლის ორივე მხარეს, მოწყობილია თითო სამკუთხა ფორმის ნიში თაღოვანი ზედნადებით. გვიან შუა საუკუნეებისაა ეკლესიის ირგვლივფლეთილი ქვით აგებული გალავანი. ეზოს გათხრებისას აქ გამოვლინდა 6 საზედაშე ქვევრი, თონე და სამარხები.
 
 
ციხის რეკონსტრუქცია: ი. ციციშვილის მიხედვით
 
ციხის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულია დიდი ოთხკუთხა შენობა(5,05X10,5მ). სავარაუდოდ, ის საცხოვრებელი ნაგებობა უნდა იყოს. პირველ სართულში აღმოჩნდა ქვევრები. მის ჩრდილოეთით მდებარეობს წყალსაცავი, რომლის ჩრდილოეთის კედელი წარმოადგენდა შიდა ციხის გალავანსაც, ხოლო დასავლეთის კედელი, კოშკის კედელს. წყალსაცავი გადახურულია კამარით, რომელიც ეყრდნობოდა 3 ნალისებური მოხაზულობის თაღს. თაღები ამოყვანილია შირიმის თლილი კვადრატებით. პირვანდელი გრძელი შენობა გადაუკეთებიათ. მასში მოუწყვიათ2 აუზი - ერთი დიდი (3,72X6,9მ), მეორე მომცრო 3.72X4,27მ). მათ შორის დატოვებულია 2 მ სისქის კედელი. აუზის გვერდები 0,5 მ სისქის აგურითაა ამოყვანილი და შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით. აგურის კედელში შეყვანილია კერამიკული წყალსადენი მილი. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლები ქმნიან ციხეში გასასვლელ ვიწრო დერეფანს, რომელიც შემდგომშია მოუქოლავთ   . კიდევ ერთი წყალსაცავია მოწყობილი დიდი წყალსაცავის დასავლეთი მხრიდან მომიჯნავე კოშკის ქვედა სართულში. წყალსაცავი აქ განვითარებული შუა საუკუნეებში მოუწყვიათ. წყალსაცავის თავზე გვიან შუა საუკუნეებში დაუშენებიათ ოთხკუთხა კოშკი.
 
უძველესი პერიოდის (V ს-ის მეორე ნახევარი და მომდევნო წლები) ნაგებობები აშენებულია თანაბარი სიმაღლის, სწორკუთხა მოყვანილობის, წყობაში გულდასმით გადაბმული კვადრატებით. დუღაბი ძუნწადაა გამოყენებული, ყველა ნაგებობის კედლის სისქე თანაბარია (140-145სმ).ფართო კარ-სარკმლები ნალისებურთაღიანია. შენობები გადახურული ყოფილა დიდი ზომის ბრტყელი და ღარისებური კრამიტით. უძველეს ნაგებობეს მიეკუთვნება შიდა და ქვედა ციხის გალავანი, ოთხკუთხა კოშკები, შიდა ციხის სასახლე, წყალსაცავი და ეკლესია. ეს ორი უკანასკნელი აგებულია იმავე პერიოდში, მაგრამ რამდენადმე მოგვიანებით. IX-XIII სს-ში შიდა ციხე აღუდგენიათ და ბურჯებით გაუმაგრებიათ მორღვეული ზღუდე-კოშკები. აუგიათ ახალი საცხოვრებელი და დამხმარე შენობები; განუახლებიათ წყალსაცავი; შეუქმნიათ ახალი აუზები, მათ შორის შიდა ციხის ერთ-ერთ კოშკში; ძველ ეკლესიაზე დაუშენებიათ მეორე სართული; ჩნდება მარნები, თონეები. კედლები აგებულია სხვადასხვა ზომის ქვებით, კირხსნარის ჭარბი გამოყენებით. წყობაში ჰორიზონტალური რიგები აღარაა დაცული. აქა-იქ გამოუყენებიათ აგური. გვიან შუა საუკუნეებში გრძელდება მორღვეული ზღუდე-კოშკების შეკეთება. შენდება ახალი ოთხკუთხა კოშკი წყალსაცავის თავზე. გალავანში ეწყობა სათოფურები. ძველი შესასვლელები ამოქოლილია. იგება ეკლესიის გალავანი. კედლები ნაშენია კლდის ფლეთილი და რიყის ქვით. გალავანში გვხვდება ქვისა და აგურის შერეული წყობა. მშენებლობისას ფართოდაა გამოყენებული აგური.
 
 
ფოტო: ბადრი ვადაჭკორია
 
უჯარმის განათხარი მასალა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, თუმცა ციხის მშენებლობის პერიოდის მასალა მხოლოდ რამდენიმე ნივთით შემოიფარგლება. ესაა საკინძი, შემკული ბროწეულის ყვავილის მოყვანილობის ლაჟვარდის თავით, რომელიც V ს-ის მიწურულითა და VI ს-ის დასაწყისითაა დათარიღებული და სასანური ვერცხლის მონეტა, მოჭრილი ფეროზ მეფის (458-499) სახელით. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია XI-XIII სს-ით დათარიღებული არქეოლოგიური მასალა. მათ შორის გამოირჩევა სადა და მოჭიქული კერამიკა. სადა კერამიკის ჯგუფიდან აღსანიშნავია: ქვევრები, დერგები, სადღვებლები, ქოთნები, ქილები, ხელადები, ბადიები, ხუფები, ნიჟარისებური და მილიანი ჭრაქები, სფეროკონუსები და სხვა. მოჭიქული თიხის ნაწარმიდან უმრავლესობა ჯამებია.

სოფ. უჯარმის კვირაცხოვლის ეკლესიასთან გათხრილ რამდენიმე საოჯახო ქვის სამარხში აღმოჩნდა XII-XIII სს-ით დათარიღებული მინისა და ბრინჯაოს სამაჯურები, ბრინჯაოს ფარაკიანი ბეჭდები, ბურთულა ღილები.
 
1949 წ. უჯარმის ციხის მახლობლად აღმოჩნდა მონეტების განძი, რომელშიც შედიოდა დავით VIII -ის (1293-1311) 120-ზემეტი ვერცხლის მონეტა. უჯარმის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.


წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).

 
ავტორი: გურამ ხარშილაძე


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.